ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე საკადრო ცვლილებებს აფასებს. ძაბირაძის განცხადებით, ის არჩილ კბილაშვილის შემცვლელს, ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს და კომენტარისგან თავს იკავებს.
„არ ვიცნობ ოთარ ფარცხალაძეს და შესაბამისად, კომენატრას ვერ გავაკეთებ"- აღნიშნა ძაბირაძემ, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესი ჯერ ძირეულ შესწავლას საჭიროებს.
„ძალიან მივეჩვიეთ სხვა ქვეყნების გამოცდილების არა შესწავლას, არამედ გადმოღებას. ჩვენს ქვეყანაში სხვა კულტურაა, სხვაგან სხვა. წინანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილება პრემიერს გადავეცით და პარლამენტის უფლებები გავზარდეთ. აუცილებელია დავიწყოთ ქართული კონსტიტუციის შექმნა. ძალიან წვრილი ძაფებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას ქართულ სხეულს მოარგებს. ჯერ ეს არის პირველი ეტაპი და კონსტიტუცია გასაკეთებელია"- განაცხადა ძაბირაძემ.