reportiori.ge - ზაზა ხუციშვილი: მონური მორჩილების სისტემა დაინგრა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:25
ინტერვიუ
ზაზა ხუციშვილი: მონური მორჩილების სისტემა დაინგრა!
19 ოქტომბერი, 2015. 19:43


ჯგუფ „ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი „რეპორტიორს"  შემოქმედებით საქმიანობასა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

 


- ჩვენი ჯგუფი ამ ეტაპზე ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს, სახელწოდებით - „თაფლობისთვე" და „ეს მე ვარ". კლიპის გადაღებაც გვინდა, მაგრამ ვნახოთ, როგორ გამოგვივა. ჩვენ პრინციპებს არ ვღალატობთ და დაფინანსების საკითხებზე მხოლოდ კერძო სექტორთან ვცდილობთ ურთიერთობის გარკვევას და ორიენტირებულები არ ვართ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, რასაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ვერ მოეშვა... საკმაოდ წარმატებით ახერხებენ კიდეც  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვას, ხშირ შემთხვევაში უინტერესო პროექტების დასაფინანსებლად.

 

 

თბილისობაზე, 17 ოქტომბერს, ამ ორ ახალ სიმღერას შევასრულებთ, ამასთან ერთად რამდენიმე ძველ ცნობილ სიმღერასაც... ამ ორ ახალ სიმღერაზე მუშაობას რომ დავასრულებთ, კიდევ სხვა პროექტი გვაქვს, საახალწლო. შარშან ვერანაირი პრომოუშენი ვერ გავაკეთე, ვერავინ დავაინტერესე და აღმოვაჩინე, რომ უცხოელი მომღერლების ქავერების სიმღერა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ახალი საახალწლო, ქართულ ენაზე დაწერილი პროექტი. თუ წელსაც ისე მოხდა, რომ არავინ დაინტერსდა, ვფიქრობ, საკუთარი ძალებით ჩავწერო... დიდი სურვილი მაქვს, „ვაკის პარკში" არ ჩაიკეტოს ეს პროექტი და სხვა მუსიკოსებიც დავიხმარო...

 


სიმღერები ძალიან  ბევრი გვაქვს. უბრალოდ,  ალბომების ჩაწერამ და გამოშვებამ დღეს აქტუალობა დაკარგა. ალბათ, ჯგუფისთვის ყველაზე საუკეთესო სამუშაო ფორმაა  წელიწადში 2-3 სიმღერის „youtube-ზე" ატვირთვა. ანუ სატელევიზიო სივრცე, სადაც მუსიკისა და კლიპების  პოპალურაზაცია ხდებოდა,  დღეს ინტერნეტმა შეცვალა. მაგალითად, ადრე „მაესტროს" უამრავი მუსიკალური მაყურებელი ჰყავდა... ამ ყველაფერმა ინტერნეტში გადაინაცვლა.

 


- როგორც შემოქმედი ადამიანი, რას ფიქრობთ, რა პრობლემებია ქართული კულტურის სფეროში?

 

 

- ექსპერტის დონეზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი პრობლემა ალბათ არის ის, რომ ქართულენოვანი ბაზარი არის ძალიან მწირი... ვართ ძალიან ცოტა... აქედან  საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მცირე ნაწილი საუბრობს ქართულად. არის რეგიონები, სადაც ქართული არ იციან და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში ვერ მოხდა, რაც ძალიან ცუდია... იმის ძახილს, ვის როგორი წარმომავლობა აქვს, სჯობს, იმაზე ვიზრუნოთ, რომ ამ ხალხის ინტეგრაცია მოხდეს ქართულ საზოგადოებაში. სკოლებში უნდა ასწვალონ ქართული, მას შემდეგ რაც ქართულს ისწავლიან, კარგი განათლების შემთხვევაში, მოხდეს მათი დასაქმება.. ხელისკვრა კი არა, პირიქით... მაგალითად, როგორც ამერიკაში ყველა ამერიკელად რომ გრძნობს თავს, ამ ხალხმაც უნდა იგრძნოს თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ. ეს აუცილებელია, რადგან დაყოფა კარგს არავის არაფერს მოუტანს. 

 

 

ვინაიდან ჩვენი ქართულენოვანი ბაზარი მწირია და ჩვენც ქართულ ენაზე მომღერალი ჯგუფი ვართ, შეუძლებელია, ჩვენი შემოქმედებით თავი შევინახოთ. მუსიკოსების უმრავლესობა ძველ ნაცად ხერხს მიჰყვება - მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოება... ზოგადად, მათი საქმიანობა არა ბაზარზეა ორიენტირებული, რომ სხვაზე უკეთესი შექმნას და გაყიდოს, არამედ იმაზე, შექმნას ისეთი, რასაც სამინისტრო პირდაპირ დაუფინანსებს. სტუდიებიც ამას აკეთებენ, სამწუხაროდ, და მუსიკოსებიც... შემდეგ, როგორც წესი, თაროზე რჩება მათი ალბომები თუ პროექტები...

 


- რა განსხვავებაა წინა ხელისუფლებისა  და დღევანდელი მთავრობის სამინისტროებს შორის?         

 

 

- პირველ რიგში, თანხები და მასშტაბები ძალიან შემცირდა, კუდები დარჩა, მაგრამ რა შედარებაა...  სად ორასი-სამასი ათასს რომ ისროდნენ თითო კლიპში და სამმილიონიან პროექტებს აფინანსებდა სახელმწიფო... სხვისკენ იშვერენ ხოლმე ხელს და საბჭოთა კავშირსა და ბოლშევიკობაში დაბრუნებას აბრალებენ, რეალურად  კი როდესაც თავისთან ახლო მყოფ ადამიანებს უზარმაზარი სახელმწიფო თანხებით აფინანსებენ და სხვებს ეუბნებიან, თავშიც ქვა გიხლიათო... ამაზე მეტი  ბოლშევიზმი არ არსებობს.

 

 

„ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა „გორის დილა" თავისი ფრთის ქვეშ აიყვანა, ჩადო შიგ ათი მილიონი ლარი და დანარჩენი კერძო მესაკუთრეების კლუბების ბედი „ფეხებზე დაიკიდა"... რა თქმა უნდა, ვიღაცები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ვისაც 50-ს და 100 ათას ლარს უხდიდნენ არაფერში... და კიდევ, გაფორმებულები ჰყავდათ, ზოგი „წყალქვეშა ნავის ბორტგამცილებლად" და ზოგი „კოსმოსური ხომალდის მზარეულად..."  ეს სისტემა, რა თქმა უნდა, მოიშალა, პატარ-პატარა კუდები, რაც ვთქვი, დარჩა...

 

 

- სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეშიქართული ოცნებაა". როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორ შეაფასებდით მმართველობის სამ წელიწადს?

 

 

- პირველი: სასამართლო თავისუფალია, მართალია, ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით თავისუფალია, მაგრამ წინა ხელისუფლებასთან შედარებით არის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯები. ამას ადასტურებს ყველა ფაქტი, როდესაც პრაქტიკულად სამართალს ვერავინ პოულობდა და განაჩენთა თითქმის 100%  გამამტყუნებელი იყო. დღეს იგივე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გარკვეულ ბრალდებებში იგებენ სასამართლო პროცესებს.


მეორე - ეს არის ბიზნესის თავისუფლება. „ნაციონალებმა" არაერთხელ დააყაჩაღებს რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობრები. დღეს მსგავსი არაფერი ხდება. ვიღაცებს შეიძლება ჰქონდეთ ბიზნესინტერესები, ამისგან ძალიან სწრაფად გათავისუფლება ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ხალხი ერთი არჩევნებით 100 %-ით შეიცვალოს,  ეს არ მოხდება.


და მესამე - მასმედია.  ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. ნებისმიერ შემთხვევაში მედიას აქვს თავისუფლება, თუნდაც ხელისუფლება გააკრიტიკოს. ისეთი საშინელება, რაც „იმედში" მოხდა, დღეს არ ხდება... ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს, შეთითხნილი ბრალდებებით ადანაშაულებენ ხელისუფლებას, რომ მათზე ზეწოლაა... რეალობა არის ის, რასაც სასამართლო დადებს ფაქტებად...  ეს არის სამი რამ, რაზეც დგას ჩვეულებრივი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა, სააკაშვილმა კი სამივე ღირებულება მოსპო.

 

 

ზოგადად რომ გითხრათ, ყველაფერი ძალიან დალაგებულია და ქვეყანა სწრაფად ვითარდება-მეთქი, ასე არაა. თუმცა, როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა, ქართველი ხალხი დაებრმავებინა, დღეს ასე არაა.

 

 

- ხედავთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას?

 

 

- ვთვლი, რომ ან არ უნდა წასულიყო და თუ წავიდა, აღარ უნდა დაბრუნდეს... მინისტრები ქვეყნის სამართავად აფრიკის რომელიმე ქვეყნიდან ხომ არ მოსულან, ესენი არიან ქართველები. ამ ხალხის ერთ და ორ დღეში გამოსწორება ვერ მოხდება; ისე, რომ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გახდეს, არ გამოდის. იმიტომ, რომ ჩვენ როგორი ხალხიც ვართ, ასეთები ვართ... სხვათაშორის, ივანიშვილიც მაგას ამბობდა, რომ ამ პრობლემებს ასე ერთი ხელის მოსმით, არიქა, ახალი ხელისუფლება მოვიდა და ნათესავებისკენ არ გაიხედოს არავინ (დასაქმებას ვგულისხმობ) და პრემია არ დაიწეროსო, ასე მალე ვერ შეიცვლება რაღაცები. ამ ხალხს შეგნებული არ აქვს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და რაც შენ მიგაქვს სახლში, სხვას აკლდება.

 

 

ზოგადად, ივანიშვილი, როგორც პიროვნება, საკმაოდ ალალი კაცია... მაგრამ, მოდით გეტყვით პირდაპირ, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას კარგად არ იცნობდა, არც პოლიტიკურ წრეებს და არც ადამიანებს. რადგან გარკვეულწილად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. რაც შეეხება მის ჩარევებს - ორ  ძირითად მინისტრს ირაკლი ალასანიას და მაია ფანჯიკიძეს პირდაპირ ჰკითხეს ეთერში: ჰქონდა თუ არა მცდელობა ივანიშვილს, თავისი აზრები მოეხვია მათთვის, რაზეც უპასუხეს, რომ არა. გავითვალისწინოთ, რომ ისინი უკვე ოპოზიციაში იყვნენ წასულები, ხომ შეეძლოთ, ეთქვათ, რომ ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ჩვენ მაგრად დავდექითო, თუმცა ასე არ ყოფილა. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ზოგადად მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია, რომ შემდეგი არჩევნები იქნება საღი და ჯანსაღი აზრის გამარჯვება. ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წავიწევთ. ბევრმა ადამიანმა თავისი სახე გამოაჩინა და ისინი გაიფილტრებიან ხელისუფლებიდან. ბევრი ახალი ძალაც წამოვა ახალგაზრდობიდან. ზოგადად, ის ილუზია, რომ 2-3 წელიწადში შვედეთის ან გერმანიის მსგავსი ცხოვრება გვექნება, აბსურდია...

 

 

- რა აზრის ხართ პრეზიდენტისა და მთავრობის გამიჯვნაზე?

 

 

- ძალიან კარგია, რადგან ყველაზე საშინელება უკვე იყო... მიშას ქვეშევრდომებს რომ ეკითხებოდნენ, მიშა სააკაშვილს რა ნაკლი აქვსო - ნაკლი არ აქვსო, - პასუხობდნენ. ყველა უწყების მინისტრი და ა.შ. მიშას ჭკუაზე დადიოდა... ახლა ასე არ არის... და ძალიან მომწონს, რომ არ არის. „გაზპრომის" თემაზე აგორებული საქმე რომ გავიხსენოთ, თვითონ „ოცნების" ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი, ნაწილი კი - პირიქით... ამით მინდა ვთქვა, რომ მონური მორჩილების სისტემა დაინგრა. „ნაციონალებმა" რატომაც წააგეს არჩევნები, დღესაც ისე იქცევიან. მაგალითად, პარტიაში ვიღაც დაწერს სიტყვას, რომ დღეს უნდა ვთქვა „უნიათო „ქართული ოცნება" და ყველა მესამე ან მეოთხე სიტყვას, როგორც წესი, „ოლიგარქი ივანიშვილი" ან „უნიათო მთავრობა" მოსდევს... ამაზე ხალხს უკვე ეცინება... ამ ხელისუფლებაში ასე ნამდვილად არ არის... პირდაპირ გეტყვით, ბევრი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, რაღაცაზე განმარტების გაკეთება უნდა და ვერ აყალიბებს აზრს, იგივე ლარის კურსზე... ერთი კაცი ქადაგიძეს აბრალებს, მეორე იძახის, რომ გარე ფაქტორების ბრალია. ან „გაზპრომზე" - ერთი ამბობს, რომ მარტო ტექნიკურ საკითხებზე იყო მოლაპარაკება, მეორე ამბობს, რომ დივერსიფიკაციაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ასეთი რაღაცები აქვთ ამათ, მაგრამ უფრო მგონია, რომ მენეჯმენტის და კოორდინაციის პრობლემაა. მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც წინა ხელისუფლების  პერიოდში ხდებოდა, ის იყო ავტორიტარული რეჟიმი... ვფიქრობ, რომ „ნაციონალების" 40% სადღაც 15%-მდე ჩამოვა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი მგონია, „ოცნების"  ხმები 35%-მდე ჩამოვა და დანარჩენი ალბათ ალასანიას, ბურჯანაძის და ინაშვილის გუნდებს შორის გადანაწილდება. „ნაციონალები" „ოცნებას" რომ აკრიტიკებენ და ლანძღავენ, ბურჯანაძისა და ინაშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს და მაგდენს ვერ ხვდებიან. ზოგადად ვფიქრობ, რომ მთავრობამ პიარზე უფრო უნდა იმუშაოს, რათა მათი მიღწევები უკეთ გამოჩნდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016