სააკაშვილის სახიფათო თამაშები თუ ბადრი პატარკაციშვილის საქმე № 2?
„მე რომ კოლომოისკის ადგილზე ვიყო, ამ პიროვნებას ახლოსაც არ გავიკარებდი, რადგან ხელწერა აქვს საეჭვო"
გვეგონა, რომ საქართველომ, როგორც იქნა, თავი დააღწია პატიმრების წამების ამსახველი კოშმარული კადრების ტირაჟირებას... დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით იმ შანტაჟის მოწმე, რითაც საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის ძალოვნები საკუთარ ხელშეუხებლობის მიღწევას სწორედ ასეთი კადრებით ვაჭრობით ცდილობდნენ ახალ ხელისუფლებასთან და, შესაბამისად, ყველას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ფართოდ აფიშირებული განადგურების სცენის მიუხედავად, ოდესმე სადღაც მაინც გაჟონავდა დუბლირებული ეგზემპლარი...
ასეც მოხდა: ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე კვლავ დაიდო წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რა თქმა უნდა ცხადი გახდა მიზანი - ამ ვიდეოს მნიშვნელოვნად უნდა დაეზიანებინა ოდესის ქართველი გუბერნატორის იმიჯი... რა შედეგი დადგა რეალურად, ვის ინტერესსა და კავშირებს ხედავენ ამ კადრების გამოქვეყნების მიღმა? - სწორედ ამის შესახებ ისაუბრებს დღეს „პრაიმტაიმი" თავის რესპონდენტებთან...
თუმცა მანამდე კიდევ ერთი ფაქტი, რაც უკრაინულ საიტზე ვიდეომასალის გამოქვეყნებას უსწრებდა წინ. რამდენმე დღის წინ გაზეთ „ვერსიაში" დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც სოდ-ის ყოფილი შეფი, ერეკლე კოდუა ძველი ჟენევის ერთ-ერთ კაფეში მიხეილ სააკაშვილის დაუძინებელ მტერს, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შეხვდა. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან: „ერეკლე კოდუასა და კოლომოისკის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა: „თავდაპირველად, კოდუა ვიცანი და ჩემი ყურადღება მან მიიქცია. მერე, რომ დავაკვირდი, მოგვიანებით მივხვდი, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორთან ერთად იყო. ისინი სადილობდნენ და მშვიდად საუბრობდნენ... ეს ჰგავდა მეგობრულ შეხვედრას. დავაკვირდი, რომ კოლომოისკის კიდევ 2 მამაკაცი ახლდა. თუმცა ისინი სხვა მაგიდასთან ისხდნენ... არ ვიცი, ვერც ერთი მათგანი ვერ ვიცანი. მახსოვს, კოლომოისკის ყავისფერი „ზამშეს" პიჯაკი ეცვა... ეს დამამახსოვრდა. განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიმიქცევია. იქვე, ახლოს ვმუშაობ და შემთხვევით შევესწარი, დაახლოებით, ალბათ, 40 წუთი გაგრძელდა მათი შეხვედრა. მეტს ვერაფერს გეტყვით". - იხსენებს ქართველი ემიგრანტი.
ამ ფაქტს ყურადღებას არც მივაქცევდი და, როგორც ბევრ სხვა შემთხვევას, არც ამას გავხდიდი საქართველოში საჯაროდ, რომ არა კოლომოისკის ღია და მტრული დამოკიდებულება საქართველოს ექსპრეზიდენტის, შესაბამისად, მისი თანაგუნდელების მიმართ. ახლახან უკრაინულმა მედიამ ინფორმაციაც გაავრცელა,რომ ოლიგარქი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულება ოდესის პორტში კონტრაბანდასთან იგორ კოლომოისკის კავშირის შესახებ. ასევე, მან აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში კოლომოისკი მისი გუნდის წევრებს ქრთამს სთავაზობდა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს, ასევე, განუცხდა, რომ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს არა უკრაინელი ხალხის, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების, კეროდ კი, იგორ კოლომოისკისა და რენატ ახმეტოვის სასარგებლოდ. თავის მხრივ კი, კოლომოისკიმ ბრალდებებზე მწვავე რეაქცია მისცა და განაცხადა, რომ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს, რადგან „ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა" და მისი დასაბუთება მოუწევს. დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა ოდესის გუბერნატორს, „მკბენარა ძაღლიც" კი უწოდა და მისი საქართველოში გაგზავნა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა".
ბუნებრივია, ამ შესაძლო ალიანსმა ბევრს ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობა გაახსენოს. თავის დროზე, როდესაც პატარკაციშვილი ბიზნესის ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური აქტივობები წამოიწყო, პარალელურად გავრცელდა ხმები, რომ კოდუა სააკაშვილის ბანაკის დატოვებას აპირებდა. პირველი შეხვედრა „შინაურების" დახმარებით შედგა და მათ კოდუას განზრახვები გულწრფელად მოეჩვენათ. თუმცა შემდეგ როგორ შეტრიალდა სიტუაციები, ყველამ ისედაც კარგად იცის. აქვე ისიც ითქვა, რომ კოდუას ჩანაფიქრი ვანო მერაბიშვილმა გაშიფრა და ის იძულებული გახდა, დაწყებული საქმე სულ სხვა მიმართულებით წაეყვანა. ასე იყო თუ ისე, ფაქტია,რომ ოპერაციის დასასრულით სააკაშვილმა დიდად იხეირა...
ახლაც დაპირისპირებულ მხარეებს კვლავ სააკაშვილი და ოლიგარქი წარმოადგენენ. სცენაზე ისევ კოდუა ჩნდება... ამბის ფინალი (თუ ეს ამბავი მართლაც რეალურია) გემოვნებისა და გამოცდილების მიხედვით შეიძლება გაითვალოს. მანამდე კი ეჭვი იმის შესახებ, რომ უკრაინულ საიტზე გამოჩენილი ვიდეომასალა სწორედ ჟენევური შეხვედრის გამოძახილი შეიძლება იყოს, უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.
ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობენ ამის შესახებ ექსპერტები და პოლიტიკოსები...
სანდრო ბრეგაძე:
- ჩემი აზრით, აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ დადო ეს კადრები, არამედ ის, რომ ეს ხდებოდა და ამას აკეთებდა დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა". ამ კადრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს არ არის არანაირი პოლიტიკური პარტია. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი თავისი მმართველობის პერიოდში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ მომავალ პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოში ასეთი ძალების არსებობა არც კი უნდა განიხილებოდეს. მათ პასუხი უნდა აგონ. ამ კადრების გამოქვეყნებით რეჟიმის გასამართლების საკითხი კიდევ მეტი აქტუალობით დაისმება.
- ვფიქრობთ, ეკრაინისთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო. რატომ გავრცელდა ის ახლა უკრაინაში და ხედავთ თუ არა ამის მიღმა სააკაშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის დაპირისპირებას?
- ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება. ეს კადრები გადმოცემით ვიცოდი აქამდე, მაგრამ ასეთ საშინელებას არ ველოდი. შესაბამისად, ყველასთვის მისი შინაარსი უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა.
- ეს კადრები როგორ უნდა აღმოჩენილიყო უცხოურ მედიაში?
- შესაძლებელია, იქაურ შიდა ომებთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არის რამდენიმე კლანი, რომელიც მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პერსონებს სურდეთ უკრაინაში სააკაშვილთან დაპირისპირებულ ძალებს დაეხმარონ. აქვე ისიც ვიცით,რომ ეს კადრები სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს გატანილი აქვთ.
- შეიძლებოდა ეს კადრები კოდუას ჰქონოდა?
- ყველა ყველაფერს იღებდა და ერთმანეთსაც უღებდნენ. შესაბამისად, ყველას ხელში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. რა თქმა უნდა, შანტაჟისთვის და საკუთარი თავის დაცვისთვის ამას მარტო ერთი არ გააკეთებდა და, რა თქმა უნდა, ასეთი კადრები ერთ ეგზემპლარად არ ექნებოდათ...
- თუ ქართულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, კოდუა კოლომოისკის შეხვდა ჟენევაში. იქნებ მან გადასცა ოლიგარქს ეს მასალა?
- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კლანური დაპირისპირება არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში" და შესაძლოა, ეს ამ დაპირისპირების შედეგი იყოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა. თითქმის 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული,რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გადაცემული კადრები.
ვალერი გელბახიანი:
- თქვენ ერეკლე კოდუასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვთ... იმის გათვალისწინებით, რომ პრესა კოდუასა და კოლომოისკის შეხვედრის შესახებ იუწყება, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ სოდ-ის ყოფილმა შეფმა ე.წ. მტრის ბანაკში გადაინაცვლოს და სააკაშვილის წინააღმდეგ კოლომოისკისთვის ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცეს?
- არა მგონია, კოლომოისკისთვის ის მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს. კოდუა ფუნქციურად მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მას ძლიერი მექანიზმები ჰქონდა ხელში. ახლა ვინ არის კოდუა? - არც პოლიტიკოსია, არც ამინდის შექმნა შეუძლია... რაც შეეხება კადრებს, ის ისედაც ცნობილია მსოფლიოსთვის. დამალული არავისთვის ყოფილა. ის კადრები, რაც შეიძლება კოდუას ჰქონდეს, მის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემოტრიალდეს. კოდუას შეიძლება კოლომოისკისთან რაღაც ბიზნესინტერესები აკავშირებდეს, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, მაშინ ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს მისი განხეთქილება სააკაშვილთან...
- მაშინ, როდესაც კოდუა პატარკაციშვილს შეხვდა, ბევრს, მათ შორის თქვენც, მისი განზრახვები გულწრფელად მიგაჩნდათ... გათამაშებული ხომ არ არის კოლომოისკისთან ალიანსი?
- სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიაზე არ მიფიქრია. ეს უკვე მეთოდია, რომელიც გამოყენებული და აპრობირებული აქვთ. თავის დროზე პატარკაციშვილმაც დაიჯერა, რომ კოდუას უშვებდნენ სამსახურიდან... იქნებ არც ცდებოდა? შესაძლოა, ეს რეალურიც იყო და მერე გადათამაშდა...
- გულისხმობთ, ვანო მერაბიშვილმა რომ გაუგო კოდუას?
- თქვენ უნდა იცოდეთ, რომ კოდუამ თავისი თავი ამ ოპერაციაში საკუთარივე ბრძანებით გააფორმა ჩანერგილ აგენტად... ეს სამართლებრივად ცოტა სასაცილოა, მაგრამ თვითონ ჩაიყენა თავი აგენტურულ სიტუაციაში და მე როგორ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ის იგივეს არ გაიმეორებს?
- ანუ ფიქრობთ, რომ კოდუა კოლომოისკისთან სულ სხვა მიზნებით აღმოჩნდა და არა ისე, როგორც ეს ოლიგარქს შეიძლება ეგონოს?
- მე უფრო ეს მგონია.. ამაზე იფიქროს თავად კოლომოისკიმ, რადგან სპეცსამსახურების მაღალრანგიან თანამშრომელთან ურთიერთობა საფრთხილოა და ის ყოველთვის შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ კოლომოისკის დაუდებენ ინფორმაციებს, რას წარმოადგენდა კოდუა და როგორ იქნა ის გამოყენებული ინსტრუმენტის სახით ბადრი პატარკაციშვილთან მიმართებაში.
- იქნებ ახლაც, როგორც პატარკაციშვილთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე, ერეკლე კოდუას განზრახვები გულწრფელია...
- თუ ეს ასეა და საქმე არ გვაქვს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან, მაშინ რაში უნდა სჭირდებოდეს კოლომოისკის კოდუა? რამე საფრთხეს უქმნის ის სააკაშვილს?
- ამბობენ, რომ კოლომოისკი დიდ ფულსაც იხდის სააკაშვილის კომპრომატებში... კოდუა კი მაშინდელ უშიშროებას ხელმძღვანელობდა, ფაქტობრივად...
- მაგრამ სანდოობა?.. მე რომ კოლომოისკის ადგილზე ვიყო, ამ პროვნებას ახლოსაც არ გავიკარებდი, რადგან ხელწერა აქვს საეჭვო. კოლომოისკის ბანაკში კოდუას გამოჩენა უფრო მეტად ამტკიცებს ვერსიას, რომ ის შეგზავნილია, ვიდრე იმას, რომ ის უპირისპირდება სააკაშვილს...
მამუკა არეშიძე:
- ფაქტია, პირველი, ვისკენაც ხელს გაიშვერენ, ხელისუფლებაა. თუმცა, არ მგონია, რომ დუბლიკატები ხელისუფლებას აქვს. ასეთი კადრები შანტაჟისთვის იქმნება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი პიროვნება სწორედ ასეთი კადრებით ბრიუსელიდან ევაჭრებოდა ხელისუფლებას. სხვა - სოჭიდან... ესენი იყვნენ ყოფილი ძალოვნები... ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს კადრები სოციალურ ქსელში კოლომოისკის ტელევიზიიდან გავრცელდა. თუ საქართველოში ნაჩვენებ კადრებზე დაფარული იყო სახეები და სხეულის სხვა ნაწილები, თანაც ტიტრები ედო ინგლისურად, ამ შემთხვევაში ეს კადრები სულ სხვანაირად იყო დამუშავებული. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერში კოლომოისკის ხელი ერიოს, მით უმეტეს, რომ ის ძალიან კარგ ურთიერთობებში იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან. მოგეხსენებათ, მას სერიოზული ბიზნესაქტივები ჰქონდა, მაგალითად, „პრივატ ბანკში". შემდეგ მას გაუფუჭდა ურთიერთობები ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და მტრად გადაეკიდა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ მანამ, სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდებოდა. ის მუდმივად ჟენევაში ცხოვრობს და გავრცელდა ხმები, რომ ის იქ ერეკლე კოდუას შეხვდა...
- ფიქრობთ, რომ ეს კადრები მისთვის კოდუას შეიძლებოდა მიეწოდებინა?
- ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. კოლომოისკის იმდენი ფული აქვს, რომ ასეთ საქმეს ისედაც, კოდუას გარეშეც მოაკვარახჭინებს...
- თუმცა თქვენ, ალბათ, კოდუასა და პატარკაციშვილის ურთიერთობაც გაგახსენდებოდათ...
- დიახ, იქნებ უფრო მრავალშრიან თამაშთან გვაქვს საქმე, რომელიც კოლომოისკისთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ეს კადრები შეიძლება უბრალო სატყუარა იყოს და სხვანაირად განვითარდეს. ყველაფერი შესაძლებელია, რადგან კოდუას ბიოგრაფიაში ერთი ასეთი სვლა უკვე იყო, რაც ბადრი პატარკაციშვილისთვის ცუდად დამთავრდა. დიდ პოლიტიკაში ხდება ისე, რომ ადამიანი ვერც კი მიხვდეს, მას რომ იყენებენ. თავის დროზე ბადრისაც ასე დაემართა. ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მრავალსვლიანი თამაში დაგეგმა.
- ხომ არ იცით, რა შედეგი ჰქონდა უკრაინაში ამ კადრების გავრცელებას?
- ძალიან მძიმე... საზოგადოების დიდმა ნაწილმა საერთოდაც არ დაიჯერა, რომ ასეთი კადრები შეიძლება არსებობდეს და კოლომოისკის დააბრალეს, რომ მან ეს დადგა. თუმცა, ზოგადად, საზოგადოებას ძალიან მძიმე შთაბეჭდილება შეექმნა ამ კადრების ნახვით. შესაბამისად, გარკვეულწილად მიზანი მიღწეულია, თუმცა, როგორ მოუბრუნდება მას ეს ყველაფერი, არავინ იცის.
მარიამ ნადირაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"