reportiori.ge - „წარმატების მიზეზი? ეს არის იღბალი“ - იტალიური წიგნი დავით მაღრაძის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:56
პრეს-დაიჯესტი
„წარმატების მიზეზი? ეს არის იღბალი“ - იტალიური წიგნი დავით მაღრაძის შესახებ
ავტორი:
19 ოქტომბერი, 2015. 19:29


ერთხელ, ფლორენციაში, მედიჩების ცნობილ ისტორიულ სასახლეში ერთი პოეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარჩინებული საზოგადოება შეკრებილა, რომელსაც ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსები და ცნობილი საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მოულოდნელად, დამსწრე საზოგადოების მზერა სასახლის კარიდან შემოსულმა უცნაურად ჩაცმულმა, ახალგაზრდებმა მიიპყრეს, როგორც იტალიური პრესა წერდა, ახალგაზრდებმა გაარღვიეს ხალხის რიგები და სცენაზე ავიდნენ, საიდანაც საოცარი და უცნაურად ხმაშეწყობილი სიმღერა დაიწყეს.


საქმე ის გახლდათ, რომ იქ მყოფი საზოგადოება, ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის იტალიაში გამოცემულ წიგნის (მთარგმნელები ნუნუ გელაძე და მარიენცა კორაჩი) პრეზენტაციას მართავდა, ადგილზე მისული ახალგაზრდები კი, ფლორენციაში, გასტროლებზე ჩასული ქართული ანსამბლის წევრები აღმოჩნდნენ, რომელთაც აღნიშნული ღონისძიების შესახებ აფიშის მეშვეობით მიუღიათ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, ქართული მრავალჟამიერით მისალმებოდნენ ქართველ პოეტს და იქ შეკრებილ უცხოელებს. გაკვირვებული და აღფრთოვანებული დამსწრე საზოგადოება ხმას ვერ იღებდა, სანამ სიჩუმე ისევ ცნობილმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოფლიმ არ დაარღვია. რომელმაც ასე შეაფასა მომხდარი: „როცა ახალგაზრდები საკუთარი ნებით, სურვილით, პატრიოტიზმით და სიყვარულით გულანთებულნი ამას გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში რაღაც გადარჩა..." და სწორედ ამ „რაღაცაზე" გადარჩენილსა თუ ჯერ კიდევ გადასარჩენზეა დათო მაღრაძის პოეზია. ადამიანურ ურთიერთობებზე, თანაგრძნობაზე, სიკეთეზე, სამშობლოს განცდაზე, პასუხისმგებლობაზე.


ორი წლის წინ, იტალიის სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი გახდა და  იოანე-პავლე მეორეს სახელობის წლის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც თავად პოეტი აღნიშნავს, მისი წიგნების პრეზენტაციები სავსეა მოულოდნელობებით. ბერლინში, გერმანული წიგნის „salve"-ს პრეზენტაციაზე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის გმირების ალფრედ და ელპიდე კურელას ვაჟიშვილი ეწვია. ლონდონში, ოქსფორდისა და კემბრიჯის კლუბში „ჯაკომო პონტის" პრეზენტაციაზე დაწესებული „დრესკოდის" გამო თავად პოეტს არ უშვებდნენ უჰალსტუხობისთვის. სხვა მიღებულ უამრავი ჯილდოების და პრემიების ჩამოთვლას, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება. მისი წიგნები ითარგმნა თურქულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და ახლა, უკვე ივრითულ ენებზე.


სწორედ რამდენიმე დღის წინ, შესანიშნავმა ებრაელმა პოეტმა დენიელ ოზმა ივრითულ ენაზე, ცნობილ ებრაულ ლიტერატურულ გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი და მისი ლექსების თარგმანი, რომელიც ისეთივე სიურპრიზი იყო პოეტისთვის, როგორც იტალიაში მასზე გამოცემული წიგნი იტალიურ ენაზე. წიგნში შესულია ყველა ის რეცენზია, რომელიც პოეტზე იტალიელი ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსების მიერ ლა რუფოს ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართულ დჯილდოვების ცერემონიალზე გამოითქვა. იოანე-პავლე მეორეს სახელობის პრემიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, იტალიელებისთვის და არა მარტო მათთვის, ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოეზია იქცა, როგორც „ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის".


სწორედ ასე ჰქვია იტალიაში გამოცემულ წიგნს. „მისი შემოქმედება არის უნივერსალური, ის არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს. როდესაც ვეცნობით მის შემოქმედებას, ვგრძნობთ იმას, რაც დაგვავიწყდა. დათო მაღრაძე არ არის მხოლოდ ქართული კულტურის კუთვნილება. ის ყველა ჩვენგანის კუთვნილებაა", - ასეთია შეფასებები „სამყაროდან", რომელზეც, როგორც თავად ამბობს, „ფანტაზიაშიც არ უოცნებია იმიტომ, რომ ეს იყო მიუღწეველი სამყარო მისი წარმოსახვისთვის".


„წარმატების მიზეზი - არის იღბალი" - ამბობს დავით მაღრაძე და რაც იღბალს მიღმაა, ამაზე საუბრის უფლებას მისი შემოქმედების შემფასებლებს უტოვებს. „როდესაც ვწერდი, არ მქონდა წარმოდგენილი, რომ უცხოეთში გამოვიდოდა ჩემი წიგნი, მით უფრო, ფანტაზიაც ვერ გასწვდებოდა იმას, რომ ჩემი შემოქმედების შესახებ გამოვიდოდა წიგნი. ისე აეწყო წუთისოფელი, რომ ჩემი წიგნები გამოდის იტალიაში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთსა და გერმანიაში. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო მოვლენა, რომელსაც მოჰყვა იოანე-პავლე მეორეს სახელობის პრემია" - ამბობს დავით მაღრაძე.


იტალიაში გამოცემული წიგნი კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოტივი ერთი პოეტის შემოქმედებაა, მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს, როგორც საქართველოს ისტორიას, ასევე ქართული კულტურის ისტორიას, რაც, პოეტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციისთვის. „როდესაც ადამიანი აქვეყნებს შენს ნაცოდვილარს, რეაქციებს ელი... სტენდალიც კი, რომელიც ახალ ნაწარმოებებს აქვეყნებდა, საფრანგეთიდან რამდენიმე ხნით გარბოდა, იმის გათალისწინებით, რომ მისთვის რეაქციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა. ბუნებრივია, როდესაც აქვეყნებ ლექსს, ის საჯარო აღსარებას ჰგავს. ამხელ შენი სულის დღესასწაულს, სულის ტკივილს, შენს სულიერ და რეალურ თავგადასავალს გაანდობ მკითხველს, მე არ მყავს აგენტები, ლომები და ასე შემდეგ, მე მყავს მხოლოდ მეგობრები - ამბობს დავით მაღრაძე.




ნინო ცაბოლოვი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016