დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე უკრაინულ ინტრენეტ სივრცეში ზუგდიდის სამალავებში აღმოჩენილი ვიდეო ფაილებიდან ერთი ფრაგმენტის გავრცელებასთან დაკავშიებით „პრაიმთაიმთან" საუბრობს.
ბრეგაძის განცხადებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გამოიტანოს დასკვნა, თუ როგორი მმართველი ჰყავდა საქართველოს 9 წლის განმავლობაში.
„ჩემი აზრით, აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ დადო ეს კადრები, არამედ ის, რომ ეს ხდებოდა და ამას აკეთებდა დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა". ამ კადრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს არ არის არანაირი პოლიტიკური პარტია. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი თავისი მმართველობის პერიოდში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ მომავალ პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოში ასეთი ძალების არსებობა არც კი უნდა განიხილებოდეს. მათ პასუხი უნდა აგონ. ამ კადრების გამოქვეყნებით რეჟიმის გასამართლების საკითხი კიდევ მეტი აქტუალობით დაისმება. ეს კადრები გადმოცემით ვიცოდი აქამდე, მაგრამ ასეთ საშინელებას არ ველოდი. შესაბამისად, ყველასთვის მისი შინაარსი უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა."- აღნიშნავს ბრეგაძე და არ გამორიცხავს, რომ უცხოურ ინტერნეტ სივრცეში ასეთი კადრების გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" შიდა ომებს მოასწავებდეს.
„შესაძლებელია, იქაურ შიდა ომებთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არის რამდენიმე კლანი, რომელიც მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პერსონებს სურდეთ უკრაინაში სააკაშვილთან დაპირისპირებულ ძალებს დაეხმარონ. აქვე ისიც ვიცით,რომ ეს კადრები სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს გატანილი აქვთ."- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.