ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში ზიგდიდი სამალავში აღმოჩენილი ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გაზეთ „პრაიმთაიმთან" საუბრობს.
არეშიძის განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას უკრაინაში ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა. თუმცა ვიდეო იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის სინამდვილეში ეჭვი შეიტანა.
„უკრაინაში ვიდეოს ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა... საზოგადოების დიდმა ნაწილმა საერთოდაც არ დაიჯერა, რომ ასეთი კადრები შეიძლება არსებობდეს და კოლომოისკის დააბრალეს, რომ მან ეს დადგა. თუმცა, ზოგადად, საზოგადოებას ძალიან მძიმე შთაბეჭდილება შეექმნა ამ კადრების ნახვით. შესაბამისად, გარკვეულწილად მიზანი მიღწეულია, თუმცა, როგორ მოუბრუნდება მას ეს ყველაფერი, არავინ იცის."- განაცხადა არეშიძემ.
არეშიძე ვიდეო დამუშავების დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უკრაინაში გავრცელებული ვიდეო, სადაც ადამიანს ცრუ ჩვენების მისაცემად აუპატიურებენ, სულ სხვანაირად არის დამუშავებული, გასათვალისწინებელია დეტალებიც.
„ფაქტია, პირველი, ვისკენაც ხელს გაიშვერენ, ხელისუფლებაა. თუმცა, არ მგონია, რომ დუბლიკატები ხელისუფლებას აქვს. ასეთი კადრები შანტაჟისთვის იქმნება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი პიროვნება სწორედ ასეთი კადრებით ბრიუსელიდან ევაჭრებოდა ხელისუფლებას. სხვა - სოჭიდან... ესენი იყვნენ ყოფილი ძალოვნები... ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს კადრები სოციალურ ქსელში კოლომოისკის ტელევიზიიდან გავრცელდა.
თუ საქართველოში ნაჩვენებ კადრებზე დაფარული იყო სახეები და სხეულის სხვა ნაწილები, თანაც ტიტრები ედო ინგლისურად, ამ შემთხვევაში ეს კადრები სულ სხვანაირად იყო დამუშავებული. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერში კოლომოისკის ხელი ერიოს, მით უმეტეს, რომ ის ძალიან კარგ ურთიერთობებში იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან. მოგეხსენებათ, მას სერიოზული ბიზნესაქტივები ჰქონდა, მაგალითად, „პრივატ ბანკში". შემდეგ მას გაუფუჭდა ურთიერთობები ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და მტრად გადაეკიდა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ მანამ, სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდებოდა. ის მუდმივად ჟენევაში ცხოვრობს და გავრცელდა ხმები, რომ ის იქ ერეკლე კოდუას შეხვდა..."- განაცხადა მამუკა არეშიძემ.