„ჩვენ ახლა ვიწყებთ ძალიან აქტიურ მოძრაობას და ვპირდებით ქართველ საზოგადოებას, რომ გორში სტალინის ძეგლს აუცილებლად დავდგამთ",- აცხადებს მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი, ორგანიზაცია „გორელების" ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
ორგანიზაცია „გორელების" ხელმძღვანელის თქმით, სტალინის ძეგლის დადგმას მხარს უჭერს გორის საკრებულოს წევრთა უმრავლესობაც. თუმცა კანდელაკის თქმით, ამის წინააღმდეგი საქართველოში აკრედიტებული ელჩები არიან.
„საკრებულოს ერთ-ერთი წევრისგან შევიტყვეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, ერთი ამბავია ატეხილი, საელჩოებმა თავზე დაგვამხეს ყველაფერი, ელჩები სტალინის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიანო. ძალიან აქტიურობდნენ ამერიკის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები, რომლებსაც გორის საკრებულოსთვის ულტიმატუმი წაუყენებიათ - როგორც კი სტალინის ძეგლს აღადგენთ, ევროკავშირსა და NATO-ს კი არა, საერთოდ ვერაფერს ეღირსებითო", - განაცხადა კანდელაკმა.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)