ქვეყანაში უკვე სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებია. 17 ოქტომბერს გაუპატიურებისა და წამების კადრების გავრცელებას რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევა მოჰყვა, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა პეტიცია მოთხოვნით, - აიკრძალოს პარტია „ნაციონალური მოძრაობა". ამ ყველაფრის პარალელურად, NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უსწრებს „ქართულ ოცნებას". შეიძლება „ოცნება" იმ 11 პროცენტსაც არ იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხრიდან ხდება ვითარების დაძაბვა. ბევრს საუბრობენ, რომ დასავლეთში კონკრეტული ძალები ზურგს უმაგრებენ „ნაციონალურ მოძრაობას" იმისთვის, რომ არეულობის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ერთ მდინარეში „ნაციონალები" ორჯერ ვერ შეტოპავენ.
„ალიასთან" ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს:
- არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები?
- რა თქმა უნდა, ამ ნიშნებს ვხედავ, საზოგადოება ძალიან დიდხანს ცდილობდა, მოეთმინა ის ვითარება, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის" ამორალური ქმედება, როდესაც მათ ცოცხალი თავით არ უნდათ აღიარონ თავიანთი დანაშაული და დღევანდელი აგრესიული ქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ყველაფერს დაერთო წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატი. მე არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, შესაძლოა უარესშიც გადაიზარდოს, ამის მაგალითი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გვაქვს, მაგალითად, ეგვიპტეში, ტუნისში და ა.შ. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა მოეთხოვება იმისთვის, რომ ანარქია და ქაოსი არ დაუშვას, პლუს ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება.
- ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, _ სულ რომ „ეფბიაის" ჩართვა გახდეს საჭირო, ჩვენ გამოვიძიებთ, როგორ აღმოჩნდა ეს კადრები მედიასივრცეში. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი აცხადებს, _ გამკვირვებია იმ ხალხის, ვინც მხოლოდ კადრების გამავრცელებლების დასჯას ითხოვს და არ მოითხოვს დანაშაულის გამოძიებას და მათ დაკავებას, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებას გასცემდა.
- სამთავრობო კულისებში არ არიან ჩამოყალიბებული, ყველა თავის ნებაზეა მიშვებული, ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ აქვს, არც არასდროს ჰქონია. „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულთან დაკავშირებით, ზოგი კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობდა, ზოგი კი პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მედიის საშუალებით საუბრობდა „ნაცმოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც კილავდა კოჰაბიტაციის გამო. ზოგიერთი კი მთავრობაში ისეა მოკალათებული, რომ არც „ნაციონალების" მიერ ჩადენილი დანაშაული ადარდებს და არც მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ხელისუფლებას რომ ერთი პირი არა აქვს, აქედან გამომდინარე ძალიან გაუჭირდა. ამიტომაც არის, რომ ზედაპირზე ამოდის შიდა დაპირისპირების თემები. დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი იძულებული იყო, კოჰაბიტაციის კონტრპროდუქტიული პროცესი დაეცვა.
- რას ემსახურებოდა „ენდიაის" კვლევები არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე, რა გზავნილი გააკეთა დაინტერესებულმა ძალამ და რა პოლიტიკური სურათის ხილვა სურს საქართველოში?
- საქმე ისაა, რომ ეს კვლევები „ენდიაის" არ ჩაუტარებია. აქ უფრო ღრმა პრობლემაა, კვლევები ჩაატარა „კავკასიური კვლევების ცენტრმა", რომელიც არის „ნაცმოძრაობასთან" უაღრესად დაახლოებული ორგანიზაცია და მას დაუკვეთა კვლევები „ენდიაიმ". მე არ ვიცი, რა ციფრები ჩაასწორა „ენდიაიმ", მაგრამ დარწმუნებული ვარ, უნისონში მოქმედებდა ეს ორი ორგანიზაცია. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შეუქმნან ილუზორული წარმოდგენა. რა თქმა უნდა, არ მჯერა ამ კვლევების, მაგრამ, თუ ანალიზს გავაკეთებთ, სურათი ასეთია, მოსახლეობის 60% ნიჰილიზმშია და ეს მართლაც ასეა. ეს უზარმაზარი ციფრია, კვლევის მიხედვით 38% გამოვიდა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას შეფასებას აძლევს. ვფიქრობ, ზუსტად ამ ციფრშია ტყუილები ჩადებული. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის" პროცენტი ვერ აწიეს, ამიტომ დაწიეს სხვა პოლიტიკური ძალების პროცენტები. ეშმაკურად არის გაკეთებული, ერთი წელია არჩევნებამდე დარჩენილი და შეიძლება კვლევები ასე დავასათაუროთ - „ერთი წელია არჩევნებამდე, ვის რა სასტარტო მდგომარეობა აქვს". გამოქვეყნდა ეს სურათი. ამ კვლევებიდან 9 არის ტყუილი, მხოლოდ ერთია სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ მოსახლეობის 60% უნდობლობას უცხადებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
- როგორ ფიქრობთ, რა თამაშს თამაშობს „რესპუბლიკური პარტია"? მაგალითად, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ენდიაის" კვლევის შედეგების გადაფარვის მიზნით სოციალურ ქსელში ატვირთა ხელისუფლებამ გაუპატიურებისა და წამების კადრები. ზურაბიშვილს ეჭვი ეპარება, რომ კადრები საქართველოს სოციალურ ქსელში უკრაინის მედიის გავლით არ მოხვედრილა. მაშ ასე, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- დავით ზურაბიშვილი შეეცადა, ლოგიკა მოენახა ამ სიტუაციაში, მაგრამ მისი ასეთი ვარაუდი ამ შემთხვევაში ბევრისმეტყველია. სამწუხაროა, რომ „რესპუბლიკური პარტია" საკუთარ თავს აძლევს ასეთი შეფასებების გაკეთების უფლებას, პარტია, რომელმაც არანაკლები დარტყმა მიიღო. დავანებოთ თავი იმის გარკვევას, რა უნდა „რესპუბლიკურ პარტიას", უფრო მთავარია... კითხვა, - ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? ხელისუფლებას შეიძლება აწყობდეს, შეიძლება არა ამ კადრების დემონსტრირება, მაგრამ ვისაც ნამდვილად აწყობს, ამ ადამიანზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს გახლავთ იგორ კოლომოისკი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მიხეილ სააკაშვილთან, მასთან ერთად არიან სხვა უკრაინელი ოლიგარქები, რომლებიც კომპრომატებს აგროვებენ მიხეილ სააკაშვილზე და მის გუნდზე. უკრაინაში ბრძოლა მიდის გავლენებისთვის, ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა, იგორ კოლომოისკი გადასარევად იცნობს ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ქართულ პოლიტიკურ სიტუაციას, დიდი ხნის განმავლობაში მას აქ სერიოზული ბიზნესი ჰქონდა, მაგალითად, როგორიც იყო „პრივატბანკი". ვიცი, რომ ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოდან, არ არის გამორიცხული, რომ ის ვაჭრობდა ასეთ საკითხებზე. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, როგორ ეძებდნენ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ კომპრომატებს და როგორ შეაგროვეს, როდის გამოჩნდება, ეს მე არ ვიცი. მართლაც საინტერესოა, რომ „ენდიაის" კვლევებს ამ კადრების გავრცელება დაემთხვა, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ვინმეს რომ ხელისუფლებიდან „ენდიაის" კვლევების გადაფარვა ნდომებოდა, მაშინ ამ კადრებს უფრო ადრე გამოაქვეყნებდნენ იმისთვის, რომ „ენდიაის" კვლევებს ის რეზულტატი არ ჰქონოდა, რაც ჰქონდა.
- თქვენ მაინც იმ ვერსიას ავითარებთ, რომ იგორ კოლომოისკის კომპრომატები სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ გადასცა, მათ შვეიცარიაში შეხვედრაზე ქართული მედია წერდა. მართალია, კოდუას ადვოკატმა განმარტა, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა და საზღვარს ვერ გადალახავდაო, მაგრამ სპეცსამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, ერეკლე კოდუას რომ რამდენიმე პასპორტი აქვს სხვადასხვა გვარითა და სახელით, ამაზე აქცენტს არავინ აკეთებს. ასე რომ, კოდუა სხვა სახელით და გვარით გადალახავდა საზღვრებს.
- არ შემიძლია იმის მტკიცება, შეხვდა თუ არა ნამდვილად კოლომოისკი კოდუას შვეიცარიაში და კოდუამ გადასცა წამების ამსახველი კადრები. მე ვიცი, რომ არა მხოლოდ კოდუას, კოლომოისკი სხვებსაც შეხვდა და ეს შეხვედრები ხდებოდა შვეიცარიაში. სხვათა შორის, შვეიცარიაში შეხვედრებზე კოლომოისკი თავად წერს, მაგრამ, ბუნებრივია, ის არ ამჟღავნებს იმ პიროვნებების გვარ-სახელებს, ვის ხვდება ყოფილი ხელისუფლების გუნდიდან.
- თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვისზე გასვლას ცდილობს კოლომოისკი?
- როგორც ვიცი, კოლომოისკი და კონკრეტული უკრაინული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა მეგის ქარდავაზე გასვლას. მე არ ვიცი, გავიდნენ თუ არა მასზე, ეს ხდებოდა 2013 წელს ქალაქ სოჭში. როგორც ვიცი, წამებისა და გაუპატიურების კადრები კოლომოისკის ტელევიზიამ გაუშვა და უკრაინული ინტერნეტსივრცე აჭრელებულია ამ კადრებით. ამის გამო ძალიან დიდი მღელვარებაა დაწყებული...
- „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან რევოლუციური მოწოდებები გაისმის. ყოფილი პროკურორისა და „რუსთავი 2"-ის ახლანდელი გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას შეგახსენებთ, ის აფრთხილებს ივანიშვილს, გაემზადოს ხელისუფლებიდან წასასვლელად. მანამდე იყო ბარნოვის მოწოდება, - ყველანი ქუჩაში, გავყაროთ „ოცნების" ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, მივალთ არჩევნებამდე?
- მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ორგანიზებულ ძალად ჩანს, კარგად ფლობს პიარის ტექნოლოგიას, სერიოზულ შეცდომებს უშვებს. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას ფაქტორი რომ არ იყოს, „რუსთავი 2"-ს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდათ, რადგან მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, რას ამბობდა ნიკა გვარამია ტელეკომპანია იმედთან" დაკავშირებით, როცა ის გენპროკურორის მოადგილე იყო. ნიკა გვარამია აღიქმება, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი და არა როგორც ჟურნალისტი და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი. აქედან გამომდინარე, ეს არის „რუსთავი 2"-ის შეცდომა, რომ ნიკა გვარამია ამ ტელეკომპანიის დამცველად გამოდის. ეს არ აღიქმება სერიოზულად, წამგებიანია. შევიტყვე, რომ საზოგადოებრივ-სატელევიზიო სივრცეში მისი ჩაძირვა მოინდომა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ის უფრო ეფექტური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩერგოლეიშვილი აღიქმება ქართველი საზოგადოების თვალში, როგორც „ტაბულის" წამყვანი ჟურნალისტი, არავის აღარ ახსოვს, წარსულში სად მუშაობდა, ხოლო ნიკა გვარამიას პროკურორობა ყველას ახსოვს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, ზოგიერთმა ლიდერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისტანცირებული ყოფილიყო თავისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ბნელ ფურცელთან, მაგრამ სიტუაციამ ისევ უკან დააბრუნა ყველა. აქედან გამომდინარე ბევრი არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება და უკმაყოფილოები არიან, რომ ამ თემის „გაპრავება" უხდებათ. გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავისი შავბნელი წარსულის გამო ერთმანეთთან პრობლემები გაუჩნდათ... თქვენ მკითხეთ, მივალთ თუ არა არჩევნებამდე. დავიღალეთ ამ რევოლუციებით, არ მგონია დღეს რევოლუციის თავი კი არა, რევოლუციის ნამუსი ჰქონდეს ვინმეს. რევოლუციას იგონებენ გენიოსები, ახორციელებენ გმირები, როგორც წესი, ამ შედეგით სარგებლობენ თაღლითები. ვერც გმირებს ვხედავ და ვერც გენიოსებს. თაღლითები და მამაძაღლები - რამდენიც გენებოთ.
- ინტერნეტსივრცეში ვრცელდება პეტიცია „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" აიკრძალოს, როგორც პარტია?
- უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებამ არ მოინდომა, სამართლებრივი შეფასება მაინც მისცემოდა ამ ყველაფერს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან დაწყებული, ყველაფერს უნდა მისცემოდა პოლიტიკური შეფასება. იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვგულისხმობ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელშიც, სამწუხაროდ, აქტიურად ვმონაწილეობდი და იმას, რა შეცდომები დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. სამართლებრივი შეფასება რომ მისცემოდა იმ პერიოდს, დამიჯერეთ, ვეღარავინ ვერაფერს გაბედავდა. სულაც არ იყო აუცილებელი ვიღაცების ციხეში ჩასმა. ახლა მაინც გავაკეთოთ, რომ ყველაფერს მივცეთ სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი გაკიცხვა ზოგჯერ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ადამიანების ციხეში ჩასმა. მერე, სხვას აღარ მოუნდება, იგივე გააკეთოს. დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივი შეფასების მიცემა არ მოინდომა, ამიტომ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს არბევენ, უვარდებიან ოფისებში, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ქაოსისკენ მიაქანებენ.
- უმრავლესობის დახურულ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ხომ არ იცით, რა ხდებოდა კულუარებში გარდა იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა, ივანიშვილის მისვლის რეალური მიზეზი რა იყო?
- „ქართული ოცნების" ხელისუფლებას პირველად წყალი მაშინ შეუდგა, როცა მან არ მოინდომა დამნაშავე რეჟიმის დასჯა და კოჰაბიტაციის გზით წავიდა. ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა არ იყო იმ ფაქტორით განპირობებული, რომ იქ რეიტინგებსა და ვითარების გამოსწორებაზე ელაპარაკათ. ბიძინა ივანიშვილი ასეთ შეხვედრებს ამ მასშტაბით არ აწყობს ხოლმე, ასეთ თემებზე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობს. ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგი და არაორგანიზებულობა რომ აწუხებს, ფაქტია, მაგრამ ეს ვითარებაც გამომდინარეა იქიდან, რომ საკვანძო თანამდებობებზე მთავრობის პირებს შეზღუდული აქვთ პასუხისმგებლობის საშუალება (ამ სიტყვას მინდა ხაზი გავუსვა). ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ, ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ, ან არ იღებენ. მეტი აღარ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრო, გამგები გაიგებს... ბიძინა ივანიშვილი არის გაღიზიანებული იმით, რომ არის რესურსი და ამ რესურსს ხელისუფლება ვერ იყენებს
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"