„ქვეყანაში შექმნიან მართულ ქაოსს და ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ეს გამორიცხულია!" - აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „კვირის ქრონიკასთან" საუბარში. ადვოკატი „ნაციონალური მოძრაობისა" და დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობაზე საუბრობს.
„დღევანდელი ხელისუფლების ქმედება ძალიან მაგონებს 1991 წელს, როცა ზვიად გამსახურდიამ ავტობუსებით ჩაკეტა თავისი სასახლე და მხარდამჭერები შემოიკრიბა, იმის ნაცვლად, რომ მას გაეწმინდა ქვეყანა იმ გარეწრებისგან, რომლებიც რკონში იყვნენ გახიზნულები და ვერაგულ სცენარს ამზადებდნენ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გარეწრებისგან გაწმინდოს ქვეყანა, გამყიდველებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და ხელში უკავია ამდენი მტკიცებულება, მოქმედების ნაცვლად გაჩერებულები არიან, ყველა მხრიდან ურტყამენ, ესენი კი ხმას არ იღებენ. გეუბნებიან, ციხის კადრები დადგმული იყოო, 28 ათასი ფაილი მათ ხელში იყო. გეუბნებიან, სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლას ახდენო და ყველა ტელევიზია „ნაციონალების" ხელშია, საქართველოში კრიმინალიაო და თავად „ნაციონალები" არიან კრიმინალები. არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ ერთ-ერთ აქციაზე მოხდეს გასროლა და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. მათი მიზანია, ქვეყანაში შექმნან მართული ქაოსი და ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ეს გამორიცხულია!.." - განაცხადა მჟავანაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"