ექსპერტი მამუკა არეშიძე უმრავლესობის დახურულ სხდომაზე საუბრობს, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და აცხადებს, რომ ექს-პრემიერი გაღიზიანებულია, რომ ხელისუფლება არსებულ რესურსებს სწორად ვერ იყენებს. ამის შესახებ არეშიძე „ალიას" ესაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა არ იყო იმ ფაქტორით განპირობებული, რომ იქ რეიტინგებსა და ვითარების გამოსწორებაზე ელაპარაკათ. ბიძინა ივანიშვილი ასეთ შეხვედრებს ამ მასშტაბით არ აწყობს ხოლმე, ასეთ თემებზე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობს. ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგი და არაორგანიზებულობა რომ აწუხებს, ფაქტია, მაგრამ ეს ვითარებაც გამომდინარეა იქიდან, რომ საკვანძო თანამდებობებზე მთავრობის პირებს შეზღუდული აქვთ პასუხისმგებლობის საშუალება (ამ სიტყვას მინდა ხაზი გავუსვა). ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ, ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ან არ იღებენ. მეტი აღარ მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრო, გამგები გაიგებს... ბიძინა ივანიშვილი არის გაღიზიანებული იმით, რომ არის რესურსი და ამ რესურსს ხელისუფლება ვერ იყენებს", - განაცხადა არეშიძემ.