„რასაც ჰიტლერი და ნაცისტები სჩადიოდნენ, ამაზე უარესი მათ არ გაუკეთებიათ, ისინი პირდაპირ ტყვიას ესროდნენ ან გაზის კამერაში კლავდნენ", - ასე ეხმაურება „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალას და აქვე დასძინა, რომ როცა „ნაცისტური" რეჟიმის გასამართლება დაიწყო, ეს პროცესი 3-4 წელიწადში არ მოგვარებულა, მაგრამ ჩვენთან გასამართლების ტენდენციით არ მიდის ხელისუფლება. ამის შესახებ მჟავანაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„ჩვენ ვხედავთ, ის ხალხი, ვისზეც არის მტკიცებულებები, რომ დანაშაული ჩაიდინეს, პლაკატის გაკვრის გამო კი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, არამედ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების დამხობისკენ რომ მოუწოდებს, აი, ამიტომ უნდა გასამართლდეს. ახალაია ვაშლის გათლისთვის კი არა, სამეგრელოს კადრების გამო უნდა მივცეთ პასუხისგებაში. ნადარეიშვილი, რომელიც თეთრაძის მეუღლეს ემუქრება, - ხომ არ გავიწყდება, რომ შვილი გეზრდებაო, ამის გამო უნდა მივცეთ პასუხისგებაში. თეთრაძე, რომელმაც ასეთი ტანჯვა გამოიარა, არ აღიარა სამშობლოს ღალატი. და დღეს, ასეთი გმირი ადამიანის ოჯახს ემუქრებიან ახალაია და მისი მეუღლე. კაცი, რომელიც უსასტიკესი წამებით მოკლეს... დიახ, არ აღდგება სამართლიანობა, თუკი ამ გამაუპატიურებლებს სათანადო ადგილს არ მივუჩენთ... დიახ, ეს სასამართლო კვლავ „ნაციონალების" ხელშია, ერთ-ერთ ეპიზოდში მათ გაამართლეს კეზერაშვილი, გაამართლეს ადეიშვილი. მინდა ვთქვა, რომ ამ გამაუპატიურებლების ხელშემწყობი არის „საია", „სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა", როცა ეს ხალხი მერიიდან დათხოვნილი თანამშრომლების სიას სკრუპულოზურად იძიებს და ბოლომდე მიჰყვება, ამ საქმეებზე ხმა რატომ ჩაიკმინდეს?.." - განაცხადა მჟავანაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"