reportiori.ge - მარინა მოლოდინი: ზურამ მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, მიშამ მომკლაო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:31
პრეს-დაიჯესტი
მარინა მოლოდინი: ზურამ მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, მიშამ მომკლაო!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2015. 13:23


მომავალ კვირას ჟვანიას საქმეზე გასამართლებულ ექსპერტს ლევან ჩაჩუას სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოუტანს, ხოლო უახლოეს მომავალში პროკურორების მამუკა გვარამიასა და ლევან ლაზარიას სასამართლო პროცესები დაიწყება. „ყველაფერი წინ არის, აქამდე იყო არა ჟვანიას, არამედ ჩაჩუას, ხარშილაძისა და ძაძამიას პროცესები. სულ მალე უშუალოდ ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა დაიწყება", - ამბობს ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი და მეგობარი მარინა მოლოდინი:


- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პირველივე წუთებიდან მჯერა, რომ ის მოკლულია, ხოლო ხარშილაძე-ძაძამიას პროცესებმა კიდევ უფრო გამიმყარეს ეს მოსაზრება. მათ, იმის ნაცვლად, რომ ფაქტები დაელაგებინათ, ისეთ აბსურდზე ილაპარაკეს, იმათაც კი ეჭვები გაუჩინეს, ვინც მათი პროცესები დაგეგმა. ამ 10 წლის განმავლობაში ზურა არაერთხელ დამსიზმრებია, ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაში - მორგში. ერთხელ მესიზმრა, რომ წამოჯდა და მითხრა, ჩემს მკვლელს ნუ ეძებთ, მიშამ მომკლაო. დილით ცუდ გუნებაზე გამეღვიძა. ზუსტად იმ დღეს ზურა ცქიტიშვილის დაბადების დღე იყო, საღამოს მივედი, მიშა სააკაშვილი იქ იყო. დამინახა თუ არა, დამიძახა - მოდი, აქ დაჯექიო. ისე დავიბენი, ერთ ადგილზე დავიწყე ტრიალი. ზურას მეუღლემ - ნინომ დამიძახა - მარინა, პრეზიდენტმა დაგაბნიაო? ნინოს გვერდით მივუჯექი და ვუპასუხე - პრეზიდენტმა კი არა, ზურას სიზმარმა დამაბნია-მეთქი.


- ჟვანია რატომ უნდა მოეკლათ?

 

- წლების განმავლობაში ებრძოდნენ, მზარდი პოლიტიკოსი იყო, ბოლო ბერიოდში მის გაპრეზიდენტებაზე ლაპარაკობდნენ. როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო, ხალხს იმედი გაუჩნდა, მიხვდნენ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი შემაკავებელი ძალა სწორედ ჟვანია იყო. ამიტომ მოწინააღმდეგეები შეეცადნენ, მისთვის რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი და ტალახი ესროლათ. ზურას ვერ დაიჭერდნენ, ვერც ვერაფერს დააბრალებდნენ. ამიტომ მათთვის ერთადერთი გზა ზურას მოშორება იყო.


- რა იყო სააკაშვილისა და ჟვანიას შორის დაძაბულობის ძირითადი მიზეზი?

 

- დაძაბულობა წარმოშვა იმან, რომ ზურა გარშემო ჭკვიან ადამიანებს იკრებდა, ხოლო სააკაშვილს გვერდით ვინც ჰყავდა, ყველამ კარგად ვიცით. ზურა წინ აღუდგებოდა სააკაშვილის მიერ ადამიანების დევნას, ბიზნესის ნგრევას, ქონების წართმევა-გადაფორმებას, თანაც იმ პერიოდში უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ ის ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადებოდა.


- დეკემბრის ბოლოს ხარშილაძეს სასჯელის ვადა ეწურებოდა, ძაძამია თავისუფალია...

 

- ამ ორმა ბევრი რამ დამალა, საშინელ ამბავში მიიღეს მონაწილეობა, ერთი მართალი სიტყვა არ უთქვამთ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ საღამოს ისინი ზურასთან საერთოდ არ იყვნენ - არც მაშინ, როდესაც ზურა სახლიდან გავიდა, არც მკვლელობის ადგილზე. როცა მოქმედებას თვითონ ასრულებ, ფაქტები არ გავიწყდება, მაგრამ ამათ ყველაფერი ერთმანეთში ერეოდათ, რაღაცის შეთითხნას ცდილობდნენ, პროკურორების კითხვებს თითქმის ვერ პასუხობდნენ... აშკარა იყო, რომ ვიღაცის მიერ იყვნენ დარიგებული და დავალებას ასრულებდნენ. როდესაც იმ ამბის თხრობა დაიწყეს, კონსპირაციულ ბინაში მისასვლელად ზურა წვერ-ულვაშს იკეთებდაო, ვარდების რევოლუციის შემდეგ გამართული კარნავალი გამახსენდა, როცა ოპერიდან ფორმები გამოიტანეს და ზურა ფაშას ტანსაცმელში გამოეწყო. ძაძამია და ხარშილაძე იმდენად გარეწრები არიან, ეს ფაქტიც სათავისოდ გამოიყენეს. ფოტო მაქვს, სადაც ზურას ფაშას ფორმა აცვია, მე კი - ხევსურული კაბა. ზურას დაცვის უფროსმა კახა გოჩაშვილმა აღნიშნა, რომ იმ 9 წლის განმავლობაში, რაც ის ზურასთან მუშაობდა, წვერ-ულვაშგაკეთებული ზურა კონსპირაციულ ბინაში არასოდეს მიუყვანია - ან პრემიერ-მინისტრი იმ ძუნძგლიან ბინაში წვერ-ულვაშით რატომ უნდა მისულიყო, როცა კონსპირაციული შეხვედრებისთვის სხვა საშუალებები ჰქონდა?!


- სხვათაშორის, ძაძამია-ხარშილაძისგან განსხვავებით, ლევან ჩაჩუას წვერ-ულვაში არ უხსენებია, მხოლოდ პარიკი ახსენა - ჟვანიას ჩანთაში პარიკი იყოო.

 

- როცა ადამიანი მოქმედების შემსწრეა და იცის, კონკრეტულ მომენტში რა ნივთი დაინახა, ის აუცილებლად გაახსენდება. ამიტომ შეუძლებელია, არ ახსოვდეთ, იმ ბინაში ქალის პარიკი მიიტანეს თუ კაცის წვერ-ულვაში. ჩაჩუა ხან იმას იძახდა, გვამებიდან აღებულ მასალებს ჭურჭელში მე თვითონ ვალაგებდიო, ხან ამბობდა - ექსპერტიზას ვატარებდიო. ისიც საინტერესოა, დაკითხვაზე რა თქვა იმ ექსპერტმა, რომელიც ამ პროცესების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა? ხომ ყველამ ვიცით, რომ სატელეფონო ზარებს ძაძამია ზურას ძველი ნომრიდან ახორციელებდა, ანუ ამ ტელეფონს ამუშავებდნენ. ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. ძაძამიამ და ხარშილაძემ რა სასჯელიც უნდა მოიხადონ, უსინდისო ადამიანებად დარჩებიან, რომლებიც ზურასთან კი არ მუშაობდნენ, არამედ ცხოვრობდნენ, რომლებზეც ზურა ზრუნავდა და ცდილობდა, კაცებად ექცია. უნდა გამოიძიონ, ზურას სიკვდილის შემდეგ ინტელექტისგან შორს მდგარმა ამ ადამიანებმა როგორ მიიღეს თანამდებობები და დიდი ფული. წარმოიდგინეთ, დააწინაურეს ბლუ კაცი, რომელიც გამარჯობას ძლივს ამბობდა, გამგებლის მოადგილედ დასვეს და დიდი ბიზნესი დაატრიალებინეს!


- ჟვანიას ახლო მეგობრებს დღემდე სჯერათ უბედური შემთხვევის...

 

- დიახ, ზურას უახლოესი მეგობრები მთელი ზაფხული ამას ამტკიცებდნენ და ზურას სახელს ჩირქს სცხებდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაზე კარგად მათ იციან, ზურა როგორ და რა ვითარებაში მოკლეს. ისიც იციან, რომ დანაშაულის დაფარვის გამო ისევე აგებენ პასუხს, როგორც მკვლელები. ამიტომ ისღა დარჩენიათ, უბედურ შემთხვევაზე ილაპარაკონ. როდესაც ზურას ტუჩზე ნაჭდევი დავინახე, ვიფიქრე, ალბათ, სიმწრისგან იკბინა, როცა დაინახა, როგორ კლავდნენ საკუთარი მეგობრები-მეთქი.


- საერთოდ, როდის დაიწყო ზურაბ ჟვანიას ორიენტაციასთან დაკავშირებით ლაპარაკი?

 

-  როდესაც საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ზურა მომავალი პრეზიდენტი იყო, როცა შევარდნაძემ საბჭოზე გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანიას დანიშვნა უნდოდა. აი, იმ პერიოდიდან დაიწყეს ისეთი ბროშურების გამოცემა („ენითხუროები"), სადაც ზურას სახელს ჩირქს სცხებდნენ - ბეჭდავდნენ და ქუჩებსა და გასასვლელებში ყრიდნენ. ეს იყო შეგნებული დისკრედიტაცია, უნდოდათ, რომ ხალხს დაეჯერებინა მისი არატრადიციული ორიენტაცია და რეიტინგი დასცემოდა. ეს იყო ცილისწამება. ზურა ამბობდა, დედაჩემისთვის თვალებში შეხედვის მრცხვენიაო. მისთვის ოჯახი და ზნეობა ყველაზე მაღლა იდგა, ამათ კი ქვეყანაში ოჯახების ნგრევა შემოიტანეს, სახელმწიფოსაც იმიტომ ანგრევდნენ, რომ მათთვის ოჯახის ღირსება არაფერს წარმოადგენდა, ვისი ცოლი ვისთან დადიოდა და ქმარი ვისთან, ვერ გაიგებდი...


- ამ დელიკატურ საკითხზე თქვენ მიხეილ ძაძამიას შეკითხვაც დაუსვით...

 

- როცა ხარშილაძემ თქვა, მეც შემომთავაზაო, კინაღამ მიწა გამისკდა. სწორედაც საჭიროდ ჩავთვალე, ძაძამიასთვის მეკითხა (სასამართლოში მომესალმა), ზურამ შენც რამე ხომ არ შემოგთავაზა, ხარშილაძესავით იგივე უნდა გაიმეორო-მეთქი? თავი ხელებში ჩარგო - ნეტავ მე მოვმკვდარიყავიო. ხარშილაძე ზურას გასვენებაში კოჭლობდა, არ არის გამორიცხული, რომ ორივეს სცემეს.


ზურას მკვლელობიდან 10 წელი კი გავიდა, მაგრამ იმედი მაქვს,ყველაფერს ფარდა აეხდება და თავისი სახელი დაერქმევა. მალე ჩატარდება მისი გვამის ექსჰუმაცია და გამოაშკარავდება, რომ ზურა იმ რეჟიმმა მოკლა. უნდა გამოიძიონ იმ ღამით სააკაშვილის ავარიის საქმეც, ზურას გარდაცვალების დღეს ძალიან განერვიულებული იყო - ჩვევა ჰქონდა, ნერვიულობის დროს ტუჩებს შიგნიდან იჭამდა ხოლმე.


- ეჭვი თუ გაგჩენიათ, რომ საფლავში შესაძლოა, გვამი არ იყოს!

 

- პირველ პერიოდში იყო ამაზე ლაპარაკი, მათგან არაფერია გამორიცხული. მაგრამ, ვინაიდან ეგონათ, რომ მთელი ცხოვრება სათავეში იქნებოდნენ, არა მგონია, გვამისთვის ხელი ეხლოთ.


- გაიხსენეთ ბოლო შეხვედრა ზურაბ ჟვანიასთან...

 

- ბოლო შეხვედრა მის კაბინეტში 2004 წლის დეკემბერში შედგა, ისეთი ბედნიერი იყო. ვიღაცას ინგლისურად ელაპარკა, მერე მითხრა: „მარინა, კომუნისტების დროს სახელმწიფოს ბიუჯეტი 4 მილიარდ-ნახევარი იყო, წელს 4 მილიარდი გვექნება, იცი, რა სახელმწიფოს ავაშენებთ? მომავალ წელს 7 მილიარდი გვექნება, ნახავ, შენს მთებში რას გაგაკეთებინებ". ამ დროს სელექტორზე დაურეკეს, ვანო მერაბიშვილი მოდისო: ჩემდა გასაოცრად, უცებ სხვა ზურად გარდაიქმნა, ანერვიულდა. მერაბიშვილი რომ შემოვიდა, ზურამ ახსნა დაუწყო - მარინა შემოვიდა, მეხვეწება, მთისათვის თანხა გამომიყავიო. ძალიან ცუდ გუნებაზე გამოვედი, ასეთი ანერვიულებული ზურა, ხელი რომ აჰკანკალებოდა, სხვა დროს არ მენახა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა... ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავურეკე, მე და ჩემს მეუღლეს მისი ნახვა გვინდოდა და მასთან წყნეთში ავედით. აგვიანდებოდა, თუმცა, დარეკა, მალე მოვალო, მაგრამ ჩვენ წამოვედით და შეხვედრა არ შედგა. შემდეგ პარლამენტში კართან შემხვდა, მხოლოდ გადავკოცნე, ვერ ვისაუბრეთ. ბოლო დროს სულ ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა მოეკლათ. იმ დილით, მაშინვე ეს ვკითხე - რა იყო, ზურა მოკლეს-ეთქი? სხვა შეკითხვა არც გამჩენია... ზურას შემდეგ ჩემთვის ყველა  მოკვდა. ვინც წლების განმავლობაში მასთან იყო და შემდეგ ფულზე გაიყიდა.


- ბარამიძესთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა თავს როგორ გრძნობს?

 

- ბუსა ძალიან კარგი  ბიჭია, კარგად სწავლობს და პოლიტიკაში მოვა!

 

 

 

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016