„შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისადმი" ხალხის განწყობა კიდევ უფრო მკვეთრი და რადიკალურია, ვიდრე იყო 2012 წელს", - ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა. ექსპერტის თქმით, წარმოუდგენელია ამ პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება.
„ახლა „ნაციონალური მოძრაობა" როგორ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია", - აღნიშნა ძაბირაძემ.
ამასთან, ექსპერტი „ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ოფისების დარბევის ფაქტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას „ნაციონალური მოძრაობის" ოფისები დარბევისგან, სანამ ეს პარტია არის რეგისტრირებული პარტია. „სანამ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, არ აკრძალულა და კანონგარეშედ არ გამოცხადებულა, მის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი ხელისუფლების მიერ", - განაცხადა ძაბირაძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)