reportiori.ge - „იმედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი: სააკაშვილი მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 18:52
პრეს-დაიჯესტი
„იმედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი: სააკაშვილი მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას!
ავტორი:
24 ოქტომბერი, 2015. 14:10



ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუის რობერტსონი ამერიკელი სენატორების ჯეიმს რიშის, ჯინ შაჰინის, მარკო რუბიოსა  და ჯონ მაკ-კეინის წერილის საპასუხოდ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ განვითარებული მოვლენები საკუთარ თავზე გამოსცადა.


წერილში  სათაურით „რატომ უჭერენ მხარს აშშ-ის სენატორები ტირანს?"  რობერტსონი მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პუბლიკაციაში  არაფერია ნათქვამი იმ ბრალდების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.


ლუის რობერტსონს, რომელიც „იმედს" რუპერტ მერდოკის კორპორაციის NEWS CORP-ის დავალებით ხელმძღვანელობდა, მიაჩნია, რომ  ტელევიზიის დარბევის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. იგი 7 ნოემბერს „იმედში" შექმნილ  სიტუაციას დეტალურად აღწერს და აცხადებს, მიუხედავად ამისა, შვიდი წლის განმავლობაში ამ დანაშაულზე პასუხი არავის მოეკითხა:

 

„ჩემს კოლეგებთან ერთად მეც ტელევიზიის შენობაში ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ის გაავერანეს სააკაშვილის ზონდერებმა, რომლებიც პარალელურად ახორციელებდნენ მისი ხელისუფლების გასაპროტესტებლად გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას თბილისის ცენტრში. სახეზე ნიღბები ეკეთათ, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა, ხელში კი АК-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეკავათ, რომელიც ჩვენი ორსული თანამშრომლის მუცელზე ჰქონდათ მიშვერილი. ის კი ჩანასახის პოზაში მოკუნტულიყო და ასე ცდილობდა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის დაცვას.

 

მე ვხედავდი, როგორ უმიზნებდნენ თავში ძირს მოკრუნჩხულ ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელსაც ხელები სახეზე აეფარა იმ იმედით, რომ თავში არ ესროდნენ. მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს და დააზიანეს თანამშრომელთა კომპიუტერები. მაშ, როგორ და რატომ ხდება ასეთი რამ? ვინ გასცემს კერძო ტელევიზიის დარბევისა და მისი თანამშრომლების მძევლად აყვანის ბრძანებას?

 

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონზე ნაკლებია, მხოლოდ ერთ ადამიანს - პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ძალაუფლება, გაეცა ასეთი დარბევის ბრძანება", - წერს ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.


ლუის რობერტსონი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მოვიდა ძალაუფლებაში „ვარდების რევოლუციის" დროს, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ვარდს ფოთლები საბოლოოდ შემოახმა.


„სენატორები მაკ-კეინი, შაჰინი, რუბიო და რიში ალბათ დააბრმავა სააკაშვილის უკომპრომისო რიტორიკამ პუტინის წინააღმდეგ. მათ გამოეპარათ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა სერიული დამრღვევი იყო, რომელიც ზედამხედველობდა ციხეში სისტემატურ წამებას და მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას",- დასძენს რობერტსონი.


„იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი იხსენებს, რომ  თავდასხმიდან ორ დღეში ხელისუფლება ტელეკომპანიის მმართველებს რუსეთის ჯაშუშებად მოიხსენიებდა, რაც, მისი თქმით, წარმოადგენს ჩვეულ ხერხს, რომელსაც სააკაშვილი დღესაც იყენებს თავისი კონკურენტის წინააღმდეგ.


წერილის ბოლოს, ლუის რობერტსონი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში  2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს  სასამართლო  სათანადოდ შეაფასებს.

 

 „ახალ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი გაქცეულია და ემალება ქართულ პოლიციას. ეს კი მაძლევს იმედს, რომ ის, რაც დატრიალდა ნოემბრის იმ დღეს, სათანადოდ შეფასდება სასამართლოში და სამართალი უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის, ვინც გადავიტანეთ ის საშინელი დღე და ღამე.

 

იმედია, რომ დღეს, როცა სააკაშვილი სამართალში მისცეს, ეს სენატორები ხელახლა განიხილავენ თავიანთ პოზიციას მასზე. ჩვენმა ლიდერებმა უნდა გაავრცელონ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტირანული ქცევა, თუნდაც ეგრეთწოდებული მოკავშირეებისაგან",- აღნიშნავს რობერტსონი.



წყარო: FOR.GE

2014 წელი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016