reportiori.ge - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მესამე-მეოთხე კლასის ბავშვები გაკვეთილზე მეძავისა და ლესბოსელის როლებს შეასრულებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:02
პრეს-დაიჯესტი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მესამე-მეოთხე კლასის ბავშვები გაკვეთილზე მეძავისა და ლესბოსელის როლებს შეასრულებენ!
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 14:50


სასულიერო პირები სკოლებში ახალი სახელმძღვანელოს შეტანის წინააღმდეგ


განათლების სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა! ამჯერად მასთან პრეტენზიები სასულიერო პირებს აქვთ - საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი, მესამემეოთხე კლასის ახალი სახელმძღვანელოს - „მე და საზოგადოებას" პროექტებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. „პროცესი უნდა გახდეს საჯარო, იმიტომ, რომ ამ დრომდე ვერ მივაკვლიე ვერც ერთ მშობელს და მასწავლებელს, რომლებსაც ამ საგნის შესახებ დაზუსტებით ეცოდინებოდათ", - ამბობენ კომიტეტში.


რა იდეის გატარებას ემსახურება რეალურად საგნის სკოლებში დანერგვა, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და რა პრეტენზიები აქვთ სასულიერო პირებს?


„კვირის ქრონიკას" დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესაუბრა:


- მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შემოტანილმა საგანმა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. იმისთვის, რომ საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის პოზიცია დავაზუსტოთ ამ საკითხზე და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ამ საკითხის განხილვაში საზოგადოების ჩართვა, განგიმარტავთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში: საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგნის - „მე და საზოგადოების" განხილვაში.  მართალია, საგნის სტანდარტში აისახა ჩვენი კომიტეტის ზოგიერთი რეკომენდაცია, მაგრამ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ იმაზე გაცილებით მეტ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა.


- რა პრობლემებზე საუბრობთ?


- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტი, ეს არის 12-გვერდიანი ამონარიდი, რომელიც არის საკმაოდ უწყინარი სახის. ამ დროს, სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით, არის 80-გვერდიანი და ის ფართო მკითხველისთვის მიუწვდომელია. სტანდარტი შეიცავს არაერთ დაუზუსტებელ ტერმინოლოგიასა და ცნებას.


როგორც აღმოჩნდა, უკვე მომზადებულია ამ საგნის მასწავლებელთა სახელმძღვანელოებიც. შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ სტანდარტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ მასწავლებელთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და ეს წიგნები, კიდევ უფრო დიდი საშიშროების შემცველია.


- რატომ?

 

- მათში გაცხადებულია, რა მიზანს ემსახურება სახელმძღვანელო - „მე და აზოგადოება". სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახის და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მესამე-მეოთხე კლასელებმა, სკოლაში სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ უნდა ისაუბრონ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი უნდა გაითამაშონ და ეს სიტუაცია საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, მიმართულია ოჯახის საწინააღმდეგოდ. რამდენად ნორმალურია, როცა მოსწავლეს ავალებენ, ოჯახურ კონფლიქტთან, ან სხვა ოჯახურ ნაკლოვანებასთან დაკავშირებით ისაუბროს კლასში და მერე ამის ინსცენირება მოახდინონ?! ხშირ შემთხვევაში ბავშვები საკუთარი ფანტაზიის მიხედვითაც მოყვებიან, ალბათ, ამბებს. ეს ყველაფერი მშობლებისადმი პატივისცემას დააკარგვინებს მოზარდს და საერთოდაც, უარყოფითად განაწყობს უფროსების მიმართ. პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლებისა და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევს. ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების - ოჯახსა და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების ნგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.


- რომელი ცხოვრების ჯანსაღი წესით? რას გულისხმობენ?


- ცხოვრების ჯანსაღი წესი განმარტებული პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოში. სხვა საკითხებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესში მოიაზრება უსაფრთხო სექსიც. სტანდარტში ნახსენებია ყოველგვარი განსხვავებულობის, მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს. საუბარია მესამე-მეოთხე კლასის ბავშვებზე. პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღებლობას გულისხმობენ, რის დანერგვაც უნდა მოხდეს შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით.


განსხვავებულობისა და მიმღებლობის უნარი არ შემოიფარგლება მარტო იმით, რომ ბავშვი არ იყოს აგრესიული სხვა ადამიანების მიმართ. ამ სახელმძღვანელოების მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვებმა ნორმად უნდა მიიღონ სექსუალური უმცირესობები და მათი ცხოვრების წესი. პედაგოგთა ამავე სახელმძღვანელოების მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს და ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირიც ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს! ასევე, თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია, ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოებში მითითებულია, რომ ბავშვებმა მეძავისა და ლესბოსელის როლებიც უნდა შეასრულონ! ეს როლური თამაშები მოსწავლის შეფასების შკალაში შედის. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ძირითადი პრობლემებით შემოვიფარგლები. წარმოდგენა ამითაც შეექმნება ადამიანს - რაზეა საუბარი.


- ამ საგნის საერთოდ ამოღებას ითხოვთ?


- აღნიშნული საგნის სტანდარტისა და პედაგოგთა სახელმძღვანელოს განხილვაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები და ა.შ. საზოგადოებრივი განხილვა უნდა მოჰყვეს ამას.


- სხვა რელიგიის წარმომადგენლები თუ იყვნენ ჩართულები ამ სახელმძღვანელოს სტანდარტების განხილვაში?

 

- სხვა რელიგიის წარმომადგენლები ნამდვილად არ ყოფილან ჩართულები. საინტერესოა ის, რომ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, როგორიც ეს სექსუალურ უმცირესობებზეა გაკეთებული, არ არის არც ერთ უმცირესობაზე, მათ შორის არც რელიგიურ უმცირესობებზე. სხვათა შორის, ამ სახელმძღვანელოს სტანდარტის შემუშავებაში ის ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები აქტიურად, რომლებიც „ლგბტ" საზოგადოების აქტიური დამცველები არიან. სხვა არც ერთი უმცირესობის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართულები.


- რას აპირებთ?


- ვაპირებთ, შევხვდეთ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და მათ ვესაუბროთ ამ საკითხზე. მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყონ ამ საგნის განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობა.


- როდის შედის სკოლებში სახელმძღვანელოები?

 

- წელს იგეგმებოდა მისი შესვლა რამდენიმე სკოლაში საპილოტედ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც საკითხებზე და დარჩა მტკივნეული თემები, სამინისტრომ კეთილი ნების საფუძველზე გადადო საგნის წელს სკოლაში შეტანა. ამჯერად, ველოდებით, რას იტყვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხზე. ვნახოთ - გამოიტანენ თუ არა საჯაროდ განხილავს.



დაიწყებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგნის სტანდარტებში საზოგადოების ჩართულობის ორგანიზებას და რატომ გამოიცა მასწავლებელთა სახელმძღვანელოები მანამ, სანამ საგნის სტანდარტების შემუშავება დასრულდებოდა? ამ კითხვებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ:


„ამ ეტაპზე სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს, ეს პროცესი არ არის დასრულებული და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი. დამატებით ვისაც უნდა, რომ ჩაერთოს განხილვის პროცესში, მოგვმართოს სამინისტროს ცხელ ხაზზე და მოხდება მათი ინფორმირება და პროცესებში ჩართულობა. რაც შეეხება პედაგოგების სახელმძღვანელოებს, მსგავსი რამ არ არსებობს", - გვითხრა ლალი როზომაშვილმა.


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საგნის სტანდარტის ბოლო ვერსიასა და პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016