„სისხლისღვრა გარდაუვალია და ვიდრე ეს არ მომხდარა, სახელმწიფომ ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა, თუმცა აუცილებლად მოხდება „ნაციონალების" დარჩენილი მცირე გუნდის განადგურება. მოროშკინას განცხადებით, სწორედ ეს აძლევს ხელს მიხეილ სააკაშვილს.
„რუსთავი 2"-ის გამო ტემპერატურა მაღლა იწევს. ე.წ. უფლებადამცველები, ნაცმედია და სააგენტოები აქოთქოთებულია, ერთი სიტყვით, ყველა ჯგუფს თავისი დავალება აქვს. მაგრამ შემსრულებლები ვერ ხვდებიან, რომ თავები დაელეწებათ, ხალხი მეტს აღარ მოითმენს", - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დამნაშავე პირების დაპატიმრება, მათ შორის პარლამენტის წევრების.
„დაუყოვნებლივ პატიმრობაში უნდა აიყვანონ ყველა, ვინც დიდი ხანია ასაყვანია. მათ შორის, პარლამენტის წევრები. ჩვენდა სამარცხვინოდ, გია ბარამიძე და კიდევ ბევრი სისხლის სამართლის დამნაშავე დღეს ისევ პარლამენტშია. ყველას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. თუ საჭირო გახდა, პარლამენტმა მუშაობა უნდა შეწყვიტოს. ყველაფერი უნდა განულდეს, თუ არ გვინდა, სააკაშვილმა მიზანს მიაღწიოს. მას ერთადერთი სურვილი აქვს - ქართველმა ხალხმა მისი გუნდის წევრები ლინჩის წესით გაასამართლოს, რაც მას პოლიტდევნილის გარანტირებულ სტატუსს მოაპოვებინებს", - განაცხადა მოროშკინამ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)