reportiori.ge - ზაალ სულაკაური: ზურა ჟვანია ჩემი ძმის ძმაკაცი იყო, ისიც ბევრჯერ დამიხატავს და მას ყოველთვის ღიმილით აღუქვამს ეს ამბავი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:02
პრეს-დაიჯესტი
ზაალ სულაკაური: ზურა ჟვანია ჩემი ძმის ძმაკაცი იყო, ისიც ბევრჯერ დამიხატავს და მას ყოველთვის ღიმილით აღუქვამს ეს ამბავი...
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 17:28


რუბრიკა „ჰობის" პირველი სტუმარია ცნობილი მხატვარი, კარიკატურისტი ზაალ სულაკაური.

 

- რა უცნაურია... ნეტა, რა არის ჩემი ჰობი? (ფიქრობს) თევზაობა-ნადირობა ბევრჯერ მიცდია... ამ ორიოდე დღის წინაც ვიყავი სათევზაოდ და დამაწყდა ნერვები, მხოლოდ ორი ლიფსიტა დავიჭირე, მივხვდი, რომ არ მხიბლავს ეს პროცესი მაინცდამაინც, იმასაც მივხვდი, რომ ჩემთვის თევზის ჭერა და ნადირობა სუფრაზე უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ბუნებასა და ნატურში... რომ გითხრა, კითხვა მიყვარს-მეთქი, არც წიგნის ჭია ვარ, ჩემი ძმისგან, ბაკურისგან განსხვავებით. იმის ათი პროცენტი არ მექნება წაკითხული, რამდენიც მაგას, მაგრამ უწიგნურიც არ ვარ. ბავშვობაში, სანამ ჩამოვყალიბდებოდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი, მქონდა ერთი სანუკვარი ოცნება, მსახიობი გამოვსულიყავი. ასე რომ მომხდარიყო, გარწმუნებ, სულ ცოტა, ანჯელინა ჯოლის პარტნიორი ვიქნებოდი ჰოლივუდის რამდენიმე ფილმში მაინც. მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და, მოგეხსენებათ, მამაჩემი კინოხელოვანი იყო, სცენარისტი, დრამატურგი და ა.შ. 35-ზე მეტ ფილმზე უმუშავია, „თუში მეცხვარე" მამაჩემის გადაღებულია, უამრავი პრემიები აქვს აღებული თავის დროზე. ჰოდა, ბავშვობაში მე და ჩემი ტყუპისცალი გადაგვიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩირიკი და ჩიკოტელა", გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით. თავისი შინაარსით ეს ნაწარმოები ხომ ძალიან საინტერესოა, ჰოდა, ეს იყო დებიუტი. ფილმში ჯემალ ღაღანიძე იყო მამა და, ასევე, ბუმბერაზ და ცნობილ მსახიობებთან მოგვიწია მუშაობა, რამაზ ჩხიკვაძესთან მათ შორის. კარგადაც გამოგვივიდა, მაგრამ ისევ მამაჩემის გამო დავიბლოკეთ. წავიდა მითქმა-მოთქმა შურიანი ხალხისგან, აი, თავისი შვილები დაამტკიცებინა როლზე და მისთანები, მას შემდეგ მამამ არც ერთ როლს არ გაგვაკარა. შეხედულებებიც შემეცვალა და მას მერე ვხატავ და ვხატავ...

 

- და შენი კარიერის დასაწყისში რუსთაველზე იდექი და ადამიანებს ხატავდი...


- ახლა იცი, რომ დავაკვირდეთ, ეს ჰობის მომენტიც არის ჩემში რა, რომ ვხატავ. სულ მინდა, რომ ჩემს წინ ვხედავდე ბედნიერ, ღიმილიან სახეს. ამ დუხჭირი ცხოვრების გამო კი ასე არ არის. თავიდან სუფრებზე და ახლობლების წრეში ჩემი მეგობრების კარიკატურებს ვხატავდი და ამას ყოველთვის მოჰყვებოდა სიცილ-ხარხარი და მხიარულება. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს სიხარული უცნობ ადამიანებსაც მივანიჭო-მეთქი და 90-იან წლებში დავდექი კინოს სახლთან, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად ვხატავდი, გახსოვთ ხომ? ვხედავდი ბედნიერ, გახარებულ სახეებს. იშვიათად იყო, რომ ვინმეს არ გახარებოდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ჰობი იყო ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება. ვცდილობ, ჩემს  გარშემო ყოველთვის იყოს პოზიტივი და მხიარულება.


- ერთ ამბავს გაგიმხელ. ერთხელ მეც დამხატე რუსთაველზე, ფულიც არ გამომართვი... მაგრამ რატომღაც ის ნახატი არ შევინახე, ჩემი ფორმები ზედმეტად გამოკვეთილი მომეჩვენა. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა გკითხო, ყოფილა მომენტი, ადამიანი დაგიხატავს, მას კი სასტიკად არ მოსწონებია, როგორ დახატე და გაბრაზებულა?


- უჰ, უამრავჯერ, ჩემს თვალწინ დაუხევიათ ჩემი ნახატი, უჩხუბიათ, გავულანძღივარ. ჩემთვის ჩემი ნახატის ჩემს თვალწინ დახევა ვანდალური აქტის ტოლფასი იყო, თუმცა ღიმილითა და ურეაქციოდ მიმიღია ეს, რადგან ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იუმორის აღქმის უნარი. პრობლემა მათში იყო და არა ნახატში. შენ ნახევრად ხუმრობით გეტყვი, რომ შეიძლება მილიონის ღირებულების ნახატი გაანადგურე.


...მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ერთხელ ჩემმა ახლობელმა დავით აკრიანმა, მწერალმა, წამიყვანა ფშავში, სოფელ შუაფხოში. იცით, თითქმის დაცარიელებული რომაა მსგავსი სოფლები და იქ გაგება „სტუმარი ღვთისაას" პრინციპი, მიუხედავად სიდუხჭირისა, უფრო მძაფრად იგრძნობა. წამოსვლის წინ ამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, სოფლის ბოლოში ცხოვრობს ორი ბავშვი, რომლებიც შენზე აფანატებენო. ვუთხარი, მოდი წავიდეთ-მეთქი, საღამოხანს გაუფრთხილებლად მივედით, რომ არ შეწუხებულიყვნენ პურმარილის ამბავში. ღარიბი ოჯახი იყო, ხომ გესმის. ვუთხარით, რომ ცოტა დრო გვქონდა, ამ ბავშვების სახეები არ მავიწყდება, როცა დამინახეს, ხმას ვერ იღებდნენ, ბავშვების მამა მოვიდა ამასობაში, ცოტა შეზარხოშებული, პირჯვარი გადაიწერა, - ეს კაცი, ყოველ დილას რომ ჩემი ბავშვები ეკრანიდან შესციცინებენ, აქ საიდან გაჩნდაო, თანაც ორიო, - ჩემი ტყუპისცალიც მახლდა. მოკლედ, უდიდესი სიხარული იყო მათთვის ეს. ყოველდღე ქუჩაში აქ, თბილისში, იცი, ბაში-აჩუკივით ვარ, ყველა ბავშვი ზალიკო-ზალიკოს ყვირის ჩემს დანახვაზე, მაგრამ ამ ბავშვების რეაქცია მაინც გასაოცარი იყო, მე მათ ფანქარი ვაჩუქე, რითიც ტელეგაკვეთილზე ვხატავდი, ეს მათთვის იგივე იყო, ალბათ, ჩემთვის რემბრანდტის ფუნჯი რომ ეჩუქებინა ვინმეს.


- რემბრანდტის ფუნჯზეც გაქვს, მგონი, სასაცილო თავგადასავალი...

 

- კი, ამსტერდამში რომ ჩავედი, მაშინვე რემბრანდტის სახლ-მუზეუმს მივაშურე. გავიხედ-გამოვიხედე, ვეცი მის ფუნჯებს, დავჯექი მის სკამზე და დავიწყე ხატვა. მართალია, იქიდან კინწისკვრით გამომაგდეს, მაგრამ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ჩემი კიდევ ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა მუსიკა. „ბითლებზე" ვაფანატებ და, სხვათა შორის, ჩემგან ორ მეტრში მყავს დანახული პოლ მაკარტნი. მის კონცერტზე ვიყავი ჩასული. მანამდე ელ-ჯეროს აჩუქეს ჩემი ნახატი, რინგო სტარს, ბობი მაკფერენს, ბევრ ვარსკვლავს. იმ კონცერტზე ვიფიქრე, რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩემი ნახატი-მეთქი, არ მეგონა, კონცერტზე თუ ასე ახლოს მივიდოდი მასთან. ეს ოცნებაც ავისრულე და მასაც აქვს ჩემი ნახატი. ხშირად მეკითხებიან, დამიხატავს თუ არა პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ბევრს ახლოს ვიცნობდი და ვიცნობ... ცხონებული ზურა ჟვანია ჩემი ძმის ძმაკაცი იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკოსი გახდებოდა. ისიც ბევრჯერ დამიხატავს და მას ყოველთვის ღიმილით აღუქვამს ეს ამბავი.


- მიშა?


- უამრავჯერ დამიხატავს, რა პრობლემაა, პოლიტიკოსი იმისია, ვიღაცა გააშარჟებს, ვიღაცა სხვა რაკურსით დახატავს, ვიღაცა შეაგინებს, ვიღაცა ტაშს დაუკრავს. მაგრად არ მიყვარს პოლიტიკურ ამბებში ჩართულობა, იცი რატომ?  ვიღაცისტობა ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ბოროტებასთან ასოცირდება. ჩემი აზრით, მე ვარ ადამიანობისტი, სიყვარულისტი, ბავშვებისტი... მინდა ვიყო იქ, სადაც სიკეთეა, სულ ეს არის. 

 

- ქალები გიყვარს ხომ? ყველას ეამბორე ხელზე, ვინც ჩვენი საუბრის მსვლელობისას აქ ჩამოიარა...


- აბა, ღმერთმა დამიფაროს, კაცები მიყვარდეს... ქალი თუ არ გიყვარს, კაცი არ ყოფილხარ. ვა, ქალების სიყვარულიცაა ბევრისთვის ჰობი, ჩემთვის ქალების მიმართ არაგულგრილი დამოკიდებულება ისევ სიკეთესთან, მშვენიერებასთან ასოცირდება.

 

 

 

ლაურა აბრამია

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016