დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საგნის „მე და საზოგადოება" გარშემო არსებულ პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგება სამღვდელოება ამ საგნის სკოლებში დანერგვას. ამის შესახებ დეკანოზი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტი, ეს არის 12-გვერდიანი ამონარიდი, რომელიც არის საკმაოდ უწყინარი სახის. ამ დროს, სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით, არის 80-გვერდიანი და ის ფართო მკითხველისთვის მიუწვდომელია. სტანდარტი შეიცავს არაერთ დაუზუსტებელ ტერმინოლოგიასა და ცნებას.
როგორც აღმოჩნდა, უკვე მომზადებულია ამ საგნის მასწავლებელთა სახელმძღვანელოებიც. შეუსაბამოა ის ფაქტი, რომ სტანდარტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ მასწავლებელთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და ეს წიგნები კიდევ უფრო დიდი საშიშროების შემცველია.
მათში გაცხადებულია, რა მიზანს ემსახურება სახელმძღვანელო - „მე და საზოგადოება". სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახის და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მესამე-მეოთხე კლასელებმა სკოლაში სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ უნდა ისაუბრონ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი უნდა გაითამაშონ და ეს სიტუაცია საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, მიმართულია ოჯახის საწინააღმდეგოდ. რამდენად ნორმალურია, როცა მოსწავლეს ავალებენ, ოჯახურ კონფლიქტთან ან სხვა ოჯახურ ნაკლოვანებასთან დაკავშირებით ისაუბროს კლასში და მერე ამის ინსცენირება მოახდინონ?! ხშირ შემთხვევაში ბავშვები საკუთარი ფანტაზიის მიხედვითაც მოყვებიან, ალბათ, ამბებს. ეს ყველაფერი მშობლებისადმი პატივისცემას დააკარგვინებს მოზარდს და საერთოდაც, უარყოფითად განაწყობს უფროსების მიმართ. პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლებისა და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევს. ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების - ოჯახსა და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების ნგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"