reportiori.ge - დავით დვალი: წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:34
პრეს-დაიჯესტი
დავით დვალი: წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 18:10


„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის ინფორმაციით, ბიზნესმენ  ქიბარ ხალვაშთან საუბარი ჰქონდა მანამ, სანამ ის სასამართლოში სარჩელს შეიტანდა.



დვალი „ნეტგაზეთთან" საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ („რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს. დვალის განცხადებით, ვინმე პაატა კარსანიძე, ვინც ჯერ მათგან მიიღო ტელეკომპანიის წილები და შემდეგ ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა, საბუთების ხელმოწერის დროს ნახეს.


 

მის შესახებ არაფერი ვიცოდით. მე არ მახსოვს, მაგრამ ჯარჯი იძახის, რომ შლოპანცებით" იყო მოსული იქ. გვითხრეს, რომ ამ ადამიანს უნდა გადაუფორმოთო. როგორც გავიგე, ეს ადამიანი ბათუმში 2-ოთახიან ხრუშოვკაში" ცხოვრობდა. ანუ ეგ თანხა ალბათ თვალით არ უნახავს, ხოლო რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე სიზმარშიც არ უოცნებია. დაზუსტებისაგან თავს შევიკავებ, რა თანხაზე იყო საუბარი, კონტრაქტში 100 ათასი დოლარი წერია, მაგრამ რეალურად თანხა ცოტა უფრო მეტი იყო", - იხსენებს დვალი.



რაც შეეხება 1 200 000 აშშ დოლარს, რომელიც ქიბარ ხალვაშმა დაფარა დვალის და აქიმიძის ნაცვლად,  დვალის განცხადებით, ეს კარსანიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი არ ყოფილა და ქიბარმა დაფარა, როგორც მესაკუთრემ.


 

მათ თავიდანვე ასეთი პირობა წამოაყენეს, რომ თუ რუსთავი 2"-ის წილებს დათმობთ, ჯორჯიან ონლაინს" შევეშვებითო, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ ვალდებულებიდან უნდა ჩაგხსნან. ხელშეკრულებაში სიტყვა არ იყო ნახსენები ამაზე პირველ დღეს. მეორე დღეს, როცა ნოტარიუსთან მივედით, იქ დაგვხვდა ქიბარი. ჩვენ შეგვამზადეს, რომ კარსანიძე აღარაა მფლობელი, ქიბარია მესაკუთრეო და ქიბარმა თქვა, მე ვიღებ თქვენს ვალდებულებებსო. ქიბართან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომ 1 200 000-დან ჩვენ უკვე ვთავისუფლდებოდით და ის დაფარავდა ამ სესხს", - აცხადებს დვალი.



ჟურნალისტის კითხვაზე, ხალვაშთან დადებულ ხელშეკრულებაში თუ ეწერა, რომ ეს 1 200 000 რაიმე ფორმით „რუსთავი 2"-ს უკავშირდებოდა, დვალი აცხადებს, რომ არ ახსოვს.



რეალურად მან დაფარა რუსთავი 2"-ის ეს ვალი და, შესაბამისად, ამ კუთხით შეიძლება მოვიაზროთ, მაგრამ წილში გადახდაში, არ ვიცი რამდენად... ეგ იყო რუსთავი 2"-ის ვალი და არა ჯორჯიან ონალინის". ეგ ფული მე [ჯორჯიან ონალინს"] კი არ უნდა გადამეხადა, არამედ რუსთავი 2"-. რამდენადაც ვიცი, ქიბარმა ეგ თანხა პირდაპირ და სრულად დაუფარა. ეს ვიცი იქიდან, რომ მივიღეთ MDLF-ის წერილი: ამოწურულია ეგ საკითხი", - აცხადებს დვალი.



დვალის თქმით, ის თანხა, რაც კარსანიძესთან ხელშეკრულებაში ეწერათ, გადაუხადეს. დვალი ასევე ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშთან საუბარი ჰქონდა მანამ, სანამ ის სასამართლოში სარჩელს შეიტანდა.



ვადასტურებ, რომ ჩვენს შორის საუბარი შედგა. შეხვედრას მხოლოდ მე და ქიბარი ვესწრებოდით გერმანიაში. მგონი, ჩატში მივწერე, რომ გერმანიაში მოვდივარ და ხომ არ გადავიკვეთოთ-მეთქი, თუ იმან მომწერა, არ მახსოვს. შეხვედრა 2012 წლის შემდეგ იყო. ძირითადად, ორივე ვამტკიცებდით, ვინ უფრო დაზარალებულია ამ თემიდან. რომ გითხრათ, რაიმე სერიოზული... ეს შეხვედრა ბევრად ადრე იყო ამ სარჩელის ინიცირებამდე სასამართლოში. აქ ლაპარაკია იმ დროზე, როცა მასაც და მეც პროკურატურაში გვქონდა საჩივარი შეტანილი და პოტენციურად რაღაც საქმეები იკვეთებოდა. თუ სწორად მახსოვს, ქიბარი ამტკიცებდა, რომ ძალიან ბევრი დაახარჯა და მასაც აქვს წვლილი, მე ვუთხარი, რომ ამას არავინ უარყოფს, მაგრამ იმასაც ვერავინ გაექცევა, რომ ეს ტელევიზია მე წამართვეს უსამართლოდ და პირველი მსხვერპლი მე ვიყავი. მთავარი მესიჯი, რაც რეალურად მე მაშინ მივიღე, მდგომარეობს იმაში, რომ  მე ვიცი ეს და ვიცი, რომ თქვენ უსამართლოდ მოგექცნენ"... მე დამრჩა ასეთი განცდა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო მე მინდა ჩემთვის". როცა ეს სასამართლო დაიწყო, ჩვენ გამოვედით და მას მხარი დავუჭირეთ. ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროცესს მარტივი მიზეზის გამო: მე არ მგონია, რომ სამართლებრივ გზაზე სასამართლოს გარდა რამე სხვა საშუალება არსებობდეს... რაც არ უნდა არსებობდეს, მე არ მინდა, ეს ტელევიზია ისე დაბრუნდეს, რომ კითხვის ნიშანი დარჩეს, რომ რაღაც რევიზია შეიძლება მოყვეს მას მომავალში და ასე შემდეგ. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ სასამართლო არის ერთადერთი გზა და გამოსავალი", - აცხადებს დვალი.



„რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ბიზნესმენი სასამართლო დავას მოიგებს, ეს მისთვის უზარმაზარი წინსვლა იქნება.



რაც შეეხება ქიბარის ამბავს, ის, რაზეც ჩივის მთელი ეგ ჯაჭვი, საუბარია იმაზე, მას შემდეგ რაც მოხდა, ვგულისხმობ ტელევიზიის ხელიდან ხელში გადასვლის ამბებს, ჩვენი საჩივრის თუ სარჩელის 90 პროცენტს შეადგენს. მე ვამბობ მარტივ რამეს, ქიბარმა თუ თავისი სიმართლე დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ჯაჭვის ეს დანარჩენი რგოლები საქმეს უნდა ჩამოშორდეს, ჩემთვის ეს უზარმაზარი წინსვლაა. მე ამის შემდეგ სალაპარაკო მხოლოდ ქიბართან მრჩება, თუ კარსანიძეს არ ჩავთვლით. თუ ქიბარი ამბობს, რომ აქვს ჩვენთან ლაპარაკის ნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. მოვისმენ, თუ მისაღები იქნება, ძალიან კარგი, თუ არ იქნა, მე ჩემს ბრძოლას ვაგრძელებ. მე მართლა არ მინდა, ამდენი წვალების შემდეგ რაღაც კომპრომისულ წინადადებაზე წავიდე ან დეკორაციის ფუნქცია შევასრულო. ნამდვილად მყარი პოზიცია გვაქვს. თუ რეალურად იქნება ლაპარაკი იმაზე, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სამართლიანია, ღმერთმა გაუმარჯოს და მივესალმებით, ხოლო თუ არ იქნება, ვიდავებთ. მართლა არსად აღარ მეჩქარება. ეს ტელევიზია ტკივილად მომყვება. მირჩევნია, სამართლიანობა აღდგეს, ვიდრე ის, რომ აჰა, შენ ფინანსები და ახლა კარგად იყავი. არ მინდა ასე. მე მართლა სამართლიანობა მინდა ამ შემთხვევაში. ამ გადმოსახედიდან, ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად მხარს ვუჭერ ქიბარის მოთხოვნას. მე ამ წუთას ვერ ვერთვები პროცესში და არც ჩავერთვები. ახლა ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეტაკებით ერთმანეთს და დღევანდელი ვითომ მფლობელი იხეირებს.  ამიტომ სრულიად შეგნებულად გვერდზე ვუდგავარ და წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია. დასაწყისია მხოლოდ და არა - ზეიმი", - აცხადებს დვალი.





წყარო: „ნეტგაზეთი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016