„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, მაშინ როცა მას და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის წილებს ათმობინებდნენ, არც მედიას და არც დიპკორპუსს ეს თემა არ აინტერესებდა.
ის „ნეტგაზეთთან" იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ („რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.
დვალის განცხადებით, როდესაც ტელეკომპანია საეჭვო ბუღალტერიის გამო გაკოტრების წინაშე დადგა, არავის აინტერესებდა, რეალურად რა ხდებოდა „რუსთავი 2"-ში, არც მედიას და არც საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს.
„წილები 26 ივნისს გადავუფორმეთ. აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მაშინ იმ ახალი სისტემის ქმედებებს შეეჯახა. მანამდე რომ სხვა სახის პრეცედენტი ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავით. შეიძლება მეც მეყვირა და ქუჩაში პლაკატით გამოვსულიყავი. მაშინ მე და ჯარჯის აზრები ორად გაგვეყო, ჯარჯი ამბობდა, რომ ბოლომდე წავიდეთ, დავრჩეთ ტრუსიკებით. მე ვუთხარი, კარგი, ჯარჯი, კი ბატონო, მე მარტო ვარ, საერთოდ არ მადარდებს, შენ გყავს ოჯახი და შენ გადაწყვიტე. მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და თან მე უკვე მაქვს იმის განცდა, რომ ესენი ბოლომდე მიიყვანენ ამ გეგმას-მეთქი, დაგვიჭერენ... კიწმარიშვილს გაკოტრების პროცესის დაწყებამდე ვესაუბრე ტელეფონით, შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა და ნათელი მომავალი დაუხატა ყველას და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი შეხვედრის მცდელობა და კონტაქტი არ გვქონია. ერთადერთი ვუთხარი, ოღონდ კონკრეტულად როდის, არ მახსოვს, ვის ენდობი, დაფიქრდი-მეთქი", - ამბობს დვალი.