„პედაგოგთა სახელმძღვანელოებში მითითებულია, რომ ბავშვებმა მეძავისა და ლესბოსელის როლებიც უნდა შეასრულონ!" - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საგანზე „მე და საზოგადოება" საუბრისას. როგორც ჯაღმაიძემ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, სახელმძღვანელოს მიხედვით, ნორმად უნდა აღიქვან სექსუალური უმცირესობებისა და მათი ცხოვრების წესიც, რაც მიუღებელია.
„სტანდარტში ნახსენებია ყოველგვარი განსხვავებულობის, მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს. საუბარია მესამე-მეოთხე კლასის ბავშვებზე. პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღებლობას გულისხმობენ, რის დანერგვაც უნდა მოხდეს შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით.
განსხვავებულობისა და მიმღებლობის უნარი არ შემოიფარგლება მარტო იმით, რომ ბავშვი არ იყოს აგრესიული სხვა ადამიანების მიმართ. ამ სახელმძღვანელოების მიხედვით, მიჩნეულია, რომ ბავშვებმა ნორმად უნდა მიიღონ სექსუალური უმცირესობები და მათი ცხოვრების წესი.
პედაგოგთა ამავე სახელმძღვანელოების მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს და ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირიც ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს! ასევე, თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია, ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოებში მითითებულია, რომ ბავშვებმა მეძავისა და ლესბოსელის როლებიც უნდა შეასრულონ! ეს როლური თამაშები მოსწავლის შეფასების შკალაში შედის. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ძირითადი პრობლემებით შემოვიფარგლები. წარმოდგენა ამითაც შეექმნება ადამიანს - რაზეა საუბარი", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საგნის სტანდარტისა და პედაგოგთა სახელმძღვანელოს განხილვაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები და ამ ყველაფერს საზოგადოებრივი განხილვა უნდა მოჰყვეს.
წყარო: „კვირის ქრონიკა"