„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი იმ გარემოებებზე საუბრობს, თუ რატომ ვერ მიიყვანა მისი და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი ბოლომდე პროკურატურამ. „ნეტგაზეთთან" საუბრისას დავით დვალი აცხადებს, რომ პროკურატურას ან უფლებას არ აძლევენ, ან არ ჰყოფნის შნო, რაღაცები ბოლომდე გამოიძიოს. დავით დვალი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის ადამიანია, რომელიც ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას დღემდე ცდილობს.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხა. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც შეფერხდა. როცა მოვიკითხეთ, გვითხრეს, გამომძიებელი შეიცვალაო, ახალმა გამომძიებელმა თქვა, ცოტა დრო უნდა მომცეთ, რომ საქმეში გავერკვეო. რამდენადაც ხმები მოდის ჩემამდე, ის საქმე პრაქტიკულად დამთავრებულია, ყველა დაკითხულია, მაგრამ თაროზე დევს. ახლა მე გკითხავთ პირიქით, როცა მეუბნებით, რატომ არ გამოიძიესო: სხვა საქმეები რატომ არ გამოიძიეს? მე მაქვს განცდა, რომ პროკურატურას ან უფლებას არ აძლევენ, ან თვითონ არ ჰყოფნის შნო, რომ რაღაცები ბოლომდე მიიყვანოს. იქ რა ჩვენებებიც დაიდო, იმავე ოპონენტების მხრიდან, ეროსიმაც მისცა ჩვენება, რაც თვითონ ეროსისგან ვიცი, რადგან შემდეგ მომიყვა, რაც ილაპარაკა, ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე: სახეზეა დანაშაული ჩვენს წინააღმდეგ. არ ვკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურას მოუწევს, ან „ა" თქვას, ან „ბ", -იხსენებს დვალი.
როგორც დვალი ამბობს, ეროსი კიწმარიშვილმა უთხრა, რომ პროკურატურასთან ყველა დეტალი გულახდილად მოყვა.
„მე მითხრა, რომ ყველა დეტალი გულახდილად მოყვა, როგორ დაავალეს, რომ გაკოტრებაზე გაეშვათ „რუსთავი 2", ოღონდ ხსნიდა, რომ მოატყუეს, რადგან ჰპირდებოდნენ ამნისტიას და დავალიანების ჩამოწერას და შემდეგ მეც მომიშორესო. ანუ ის, რომ უშუალოდ ხელისუფლება იყო ჩარეული ამ დეტალებში. მთლიანად დადასტურებული აქვს ეს, მე რამდენადაც ვიცი", - აცხადებს დვალი.
დავით დვალის განცხადებით, ის ქიბარ ხალვაშისგან არაფრის მოთხოვნას აპირებს და მის შეთავაზებას დაელოდება. მისი თქმით, წარმატებას უსურვებს ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს, მაგრამ მისთვის და ჯარჯი აქიმიძისთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია, დასაწყისია მხოლოდ და არა - ზეიმი.
„მე ქიბართან ჯერჯერობით მოსათხოვი არაფერი მაქვს, თუ რამე წინადადება იქნება, მერე ვილაპარაკოთ. მე თვითონ არ მივალ და არ ვეტყვი, ქიბარ, შენ უკვე დაიბრუნე და ახლა მეც დამიბრუნე-მეთქი. თვითონ რას შემომთავაზებს, იმის მიხედვით ვილაპარაკებთ. მე სამართლიანობის აღდგენა მირჩევნია კომპენსაციებს. აქედან გამომდინარე ვიძახი, რომ მე ბოლომდე მივაწვები. მირჩევნია, სადმე, რომელიმე სასამართლოში ბოლოს დაიწეროს, რომ აი, ამათ უსამართლოდ ჩამოართვეს და ეს იყო ძალადობა. ეს მირჩევნია იმას, რომ ვიღაცამ რაღაც კომპენსაცია მომცეს", - აცხადებს დვალი.
კითხვაზე, უნდა გადადგას თუ არა მსგავსი ნაბიჯი ხალვაშმა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან მიმართებაშიც, დვალი აცხადებს, რომ ეს ალბათ, უფრო ეროსის ოჯახის და ქიბარის გადასაწყვეტია
„მე რაც თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვნახე, მგონი, მისმა ადვოკატმა იმავე მზადყოფნის შესახებ განაცხადა, თუმცა, არ ვიცი, ეგ თემა ცოტა სხვანაირადაა. ეგ, ალბათ, უფრო ეროსის ოჯახის და ქიბარის გადასაწყვეტია. მანდ, თუ არ ვცდები, გარკვეული ფინანსური ანგარიშსწორების თემაც იყო, რომელიც თავის დროზე მოხდა. ჩემთვის ეგ თემა უცნობია. მთელი ამ წლების განმავლობაში ვინც ერთად ვიყავით და ვჩიოდით, მე და ჯარჯი ვიყავით. მე ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ერთნი, ყველა სხვა დამოუკიდებლად მოქმედებდა. ჩვენ არავისთან გვქონია კოორდინაცია. მე მხოლოდ ჩემი და ჯარჯის სახელით ლაპარაკი შემიძლია", - აცხადებს დვალი.
დავით დვალი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ მიიღო შეთავაზება, რომ „მე-9 არხს" ჩასდგომოდა სათავეში.
„ივანიშვილთან შეხვედრა 2011 წლის ბოლოს ან 2012 წელს მქონდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. მისგან მივიღე წინადადება, რომ „მე-9 არხს" სათავეში ჩავდგომოდი... საკმაოდ რთული საუბრები იყო. შემდეგ გერმანიაში ვიყავი სამკურნალოდ. როცა ჩამოვედი, საუბრები გაგრძელდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ მოუტანია. ჩავთვალოთ, რომ ვერ შევთანხმდით. არ დაემთხვა ხედვები და საკმაოდ ცუდად დავშორდით. დეტალებზე არ ვისაუბროთ. ერთნაირი ხედვები არ გვქონია. მე ვიცი, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. არანაირი კონტაქტი აღარ მქონია მას შემდეგ. ქიბარმა მითხრა, რომ შეხვდა დიუსელდორფში. გავიგე, რომ ჩამოდიოდა და ჩავედიო. მითხრა, რომ გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა, ხოლო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არაფერი უხსენებია", - იხსენებს დვალი.
მისი თქმით, ეჭვი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, რომ ივანიშვილს ხალვაშისა და დამფუძნებლის მორიგება უნდა.
„მე არაფერი ხელმოსაჭიდი არ მაქვს იმის სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი იმაზე ზრუნავს, „რუსთავი 2" დათო დვალს დაუბრუნდესო. ამაზე არაფერი მიანიშნებს. ქიბარის ადვოკატმა განაცხადა, მზად არის, ჩვენი ინტერესი გაითვალისწინოს და ასე შემდეგ. ამის იქით არაფერი მსმენია. ამ ადამიანთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. არ ვიცი, ბრაზმა გაუარა და გამოუკეთდა თუ არა ჩემს მიმართ დამოკიდებულება. მე მართლა შემიძლია დავადასტურო ის, რაც ივანიშვილმა თვითონ თქვა ინტერვიუში, რომ ჩემს ძმას [გია დვალს] არასდროს ამ თემაზე არ უსაუბრია. არასდროს შეხებია ამ თემას... არც მე მქონია ინიციატივა, რომ რამე მეკითხა", - აცხადებს დვალი.
წყარო: ნეტგაზეთი