ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მისი ოპონენტები სასამართლო დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას ცდილობენ. როგორ მან „კვირის პალიტრას" განუცხადა, „ნაციონალები" ცდილობენ, საკუთარი ქმედებები სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლად შენიღბონ.
„კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, „რუსთავი 2"-ის თემა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ. მიუხედავად ყველაფრისა, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების თვალში იმდენად დისკრედიტებულია, რომ ქაოსური ვითარების შესაქმნელად არანაირი რესურსი არ გააჩნია", - განაცხადა ხალვაშმა.
მისი თქმით, ის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად 2008 წლიდან იბრძვის, თუმცა უშედეგოდ.
„სამართლებრივი ბრძოლისთვის ერთადერთი გზა დამრჩა - სასამართლო... საპარლამენტო არჩევნებს რომ დავლოდებოდი და სარჩელი ახლა არ შემეტანა, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურებოდა და მომავალში სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც კი აღარ მექნებოდა", - განუცხადა გაზეთს ბიზნესმენმა.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)