დაუვიწყარი ბასა - მრავალი წლის მანძილზე ქართული ფეხბურთის უცილობელი ლიდერი და ფლაგმანი, მისი აღმავლობისა და წარმატებების წლებშიც და გაჭირვების ჟამსაც წინ რომ უძღოდა გუნდს.
საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელთა ყველა თაობაში იყვნენ სპორტსმენები, რომლებიც ამა თუ იმ სახეობის ნებისმიერი გურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებდნენ; წარმოიდგინეთ, მათ შორისაც არიან გამორჩეულები, ვისი ოსტატობაც გარკვეულ ჩარჩოებს სცილდება და უკვე სხვა კატეგორიაში განიხილება. ერთი ასეთი გამორჩეული - ქართული ფეხბურთის კეთილშობილების სიმბოლოდ მიჩნეული - ავთანდილ ღოღობერიძეა.
დაუვიწყარი ბასა - მრავალი წლის მანძილზე ქართული ფეხბურთის უცილობელი ლიდერი და ფლაგმანი, მისი აღმავლობისა და წარმატებების წლებშიც და გაჭირვების ჟამსაც წინ რომ უძღოდა გუნდს. ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე 30-40-იან წლებში, ავთანდილ ღოღობერიძე მომდევნო ათწლეულში ქართული ფეხბურთის სინდისი და ნამუსი, მისი საუკეთესო თვისებების გამოხატულება იყო.
უაღრესად ტექნიკური და არტისტული, მოედანზე სიბრძნისა და შრომისმოყვარეობის განსახიერება გახლდათ. კოლეგიალობის გრძნობა პარტნიორებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ, სამაგალითო კორექტულობა (არც ერთი შენიშვნა თუ გაფრთხილება არ მიუღია მსაჯებისგან მთელი სპორტული კარიერის მანძილზე) - ეს რამდენიმე სიტყვაც კი კმარა მისი დახასიათებისთვის.
თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს „ფეხბურთის ჯენტლმენი",- ერთი პირველთაგანი ავთანდილ ღოღობერიძეა.
ღოღობერიძეს წილად ხვდა იშვიათი ხვედრი: თავისი ხანგრძლივი სპორტული გზის მანძილზე (1944-1961) თამაში მოუწია ქართველი ფეხბურთელების სამი თაობის წარმომადგენლებთან. იგი გუნდში მოვიდა და რამდენიმე წლის მანძილზე გამოდიოდა მოედანზე პირველი თაობის სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად (ბორის პაიჭაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა და სხვა), გახლდათ ლიდერი მეორე თაობის გუნდისა, რომელშიც მასზე ხუთი-ექვსი წლით უმცროსი ფეხბურთელები იყვნენ და, როგორც პარტნიორმა, საფეხბურთო ოსტატობის გაკვეთილები ჩაუტარა მოედანზე მესამე თაობის წარმომადგენლებს, თითქმის შვილებად რომ ერგებოდნენ - მომავალ „ოქროს ბიჭებს" (შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა და სხვები).
ღოღობერიძეს ეკუთვნის ბევრი ინდივიდუალური რეკორდი, რომელთა აღრიცხვაც ხდებოდა ფეხბურთის გუნდების ისტორიაში. 18 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის „დინამოში" და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. გაიტანა 127 ბურთი, აქედან 25 - ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი (16).
ბასა ღოღობერიძე უდავოდ იყო ყველაზე სტაბილური მოთამაშე. პირველი, რითაც ყურადღებას იპყრობდა ეს უნივერსალური ფეხბურთელი, მაინც ბურთის ფლობისა და ტარების უმაღლესი კლასი გახლდათ.
18-წლიანი კარიერის შემდეგაც უფეხბურთოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა.
1962 წელს მწვრთნელად დაიწყო მუშაობა „დინამოში",ხოლო 1964 წელს, როცა თბილისის „დინამო" პირველად ავიდა ფეხბურთის ოლიმპზე, ავთანდილ ღოღობერიძე იყო გუნდის უფროსი.
1963 წელს გამოიცა ავთანდილ ღოღობერიძის წიგნი სათაურით „ბურთით ცხრა მთას იქით". ფაქტობრივად, ამ წიგნით ავთანდილ ღოღობერიძემ საფუძველი დაუდო საქართველოში სპორტული მემუარების გამოცემის ტრადიციას.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ლევ ფილატოვი იგონებს: „ერთხელ ბორის არკადიევს (გამოჩენილი რუსი მწვრთნელი) ვთხოვე, მის მიერ ნანახი ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეედგინა. ორი დღე ითხოვა. მესამე დღეს რედაქციაში მესტუმრა და მაგიდაზე ფურცელი დამიდო. შუამარბის პოზიციაზე ავთანდილ ღოღობერიძის გვარმა გამაკვირვა, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, არკადიევმა მითხრა: დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, მასში იმდენი ინტელექტია, რამდენიც დანარჩენ 10 ფეხბურთელშიო. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს დიდი მწვრთნელი ცამდე მართალი გახლდათ".
1967 წელს მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებული, სარეცელს იყო მიჯაჭვული, კარგად მახსოვს 1976 წელს განახლებული „დინამოს" სტადიონის გახსნა. ფეხებწართმეული ბასა მწვანე მინდორზე თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი შემოიყვანეს. მას ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს 75 ათასი მაყურებელი. 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა ლეგენდარული ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე - სამი თაობის გამაერთიანებელი და მაგალითის მიმცემი სპორტის რაინდი საფეხბურთო მოედანზე და მის გარეთ...
წყარო: sputnik-georgia.com, თამაზ ჩიქვანაია