აველინა დავითულიანი: თქვენ რომ დამირეკეთ და შესახვედრად წამოვედი, სულ თვალწინ დამიტრიალდა ყველაფერი, გამოდის, რომ ამის დავიწყება მართლაც შეუძლებელია!
განათლების სანტექნიკოსმა მინისტრმა ლომაიამ ყოფილი თხების მწყემსი გიორგი ხუბუა, რომელსაც წესიერად წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული, უნივერსიტეტის დანგრევის მიზნით კომისრად გაამწესა და ახალმა რექტორმაც ცოდნის ტაძარი საკუთარ თავს დაამსგავსა. ხუბუას მიერ გატარებულ რეფორმას, სამწუხაროდ, ხალხი შეეწირა, რაზეც „ასავალ-დასავალი" თავის დროზე წერდა. გადავწყვიტეთ, ის პროფესორ-მასწავლებლები გაგვეხსენებინა, ვინც 2005-07 წლებში ლომაია-რანკოვიჩის ხროვას ემსხვერპლა, რადგანაც ესენი ის პედაგოგები არიან, უნივერსიტეტის სინდისსა და ინტელექტს რომ წარმოადგენდნენ, არადა, დღემდე მათი ფიზიკური განადგურების გამო თანაგრძნობისა და ბოდიშის სიტყვის მაგვარიც კი არავის წამოსცდენია.
გივი ზვიადაძე, ამერიკისა და ინგლისის სამეცნიერო წრეებში აღიარებული მეცნიერი, პროფესორი. ქართულ-ინგლისური ლექსიკონების ავტორი, კაცი, რომელსაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საკუთარი შვილების პედაგოგობა მიანდო. უნივერსიტეტიდან უმიზეზოდ გამოგდებული გარდაიცვალა ნერვიულობის გამო...
ჯუმბერ სანიკიძე, კიბერნეტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ათეული წლების მანძილზე ლექციებს უკითხავდა ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, გარდაიცვალა გულის ინფარქტით...
ეთერ დოქსოპულო, უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დოცენტი, საპროტესტო აქციებში სისტემატურად იღებდა მონაწილეობას. მუდმივი სტრესის ქვეშ მყოფი ქუჩაში წაიქცა და მალევე გარდაიცვალა...
გიგლა ჩიხრაძე, მიკროპროცესორების კათედრის პროგრამისტი. 2005 წელს ის ლაბორატორია, სადაც გიგლა მუშაობდა, გაუქმდა. ახალგაზრდა მეცნიერი უმუშევრად დარჩენამ სრულ დეპრესიაში ჩააგდო. როგორც ძლიერ პროგრამისტს, მოწვევა შვეიცარიის ფიზიკის ინსტიტუტიდან მიუღია, მაგრამ არ წავიდა - უცხოეთში გამგზავრება ქვეყნისა და უნივერსიტეტის ღალატად მიიჩნია, გარდაიცვალა ნერვიულობის გამო...
გიორგი ტყებუჩავა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მათემატიკის დარგში - ევროპის ლიდერი. საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის და პოლონეთის სამეცნიერო წრეებში აღიარებული მეცნიერი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების წევრი. ღრმად შეურაცხყოფილი იმით, რომ რეფორმის დროს ღირსეულ პროფესორებს კორუმპირებულები უწოდეს, გარდაიცვალა გულის ინფარქტით...
ირაკლი შაფაქიძე, საერთაშორისო სამართლის კათედრის პროფესორი, რომელზეც ძალიან იმოქმედა მის მიერ დაარსებული ფაკულტეტის დაშლამ. მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით.
ალექსანდრე ციცვიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბოტანიკოსი. როგორც კი ხუბუამ რეფორმა წამოიწყო, იგი მაშინვე კათედრის გამგეობიდან გაათავისუფლეს. 2006 წლის 30 ივნისს სახლიდან გამოვიდა და სადარბაზოში ვენები გადაიჭრა. სხვათა შორის, რექტორმა ხუბუამ ალექსანდრე ციცვიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხოლოდ 20 სექტემბერს დაწერა.
თამარ კეკელიძე, არქეოლოგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი, რომელიც რეფორმას 57 წლის ასაკში შეეწირა: სალაროსთან ხელფასის ასაღებად მისულმა აღმოაჩინა, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლად აღარ ითვლებოდა და იქვე გული გაუსკდა...
ეს სია 2007 წლის აპრილშია შედგენილი, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ამ სამწუხარო ჩამონათვალს გააგრძელებს. ეს გახლავთ ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აველინა დავითულიანი:
- დიდი მადლობა, რომ თავის დროზე თქვენმა გაზეთმა ეს ადამიანები მოიძია და მათი ხსოვნა შემოგვინახა. დიახ, სამწუხაროდ, ეს სია შემდეგ წლებშიც გაგრძელდა და უცნაური ის იყო,რომ ამ ადამიანებს კვლავ ან გული უჩერდებოდათ ან სიმსივნე უღებდა ბოლოს. აქ ჩემი მეუღლე უნდა ვახსენო - რეფორმის მოწინააღმდეგე და საპროტესტო აქციების წარმმართველი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ სანაძე, რომელმაც შეურაცხყოფა ვერ მოინელა და, ფაქტობრივად, ამას გადაჰყვა. ეს იყო კაცი, რომელმაც კბილებით დაიცვა პირველი და მეორე კორპუსები, როცა ლომაიას დავალებით მის მონა-ხუბუას უნივერსიტეტის შენობების გაყიდვა ჰქონდა ჩაფიქრებული. თავად რეფორმას სხვაც ბევრი ემსხვერპლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბევრმა თავი მოიკლა, მაგალითად, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ერთმა პედაგოგმა ქალმა, სამწუხაროდ, გვარს ვერ ვიხსენებ. ერთმა თავი დაიწვა, უმეტესობას კი, ვიმეორებ, გული გაუსკდა! ამ ამბებს ეროვნული პიროვნებები შეეწირნენ: კიბეებზე აქციების ორგანიზატორი მედიკო სიხარულიძე, 2008 წელს კი მას ნანა კვარაცხელია მიჰყვა, რომელიც „ტროიკებს" ებრძოდა. მოგეხსენებათ, ხუბუამ 37 წლის მაგვარი „ტროიკები" შექმნა და ეს გახლდათ კონკურსების დროს ნაციონალების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელთა ყურებაც კი ამაზრზენი იყო, ისე იქცეოდნენ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ისინი გულანთებულები იბრძოდნენ იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ხროვამ რეფორმა დაარქვა. თენგიზს მძიმე სენი კი ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფობა არ პროგრესირებდა და რომ არა ეს ნერვიულობა, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ მან, ისევე, როგორც სხვა მეცნიერებმა, შეურაცხყოფა და ტკივილი ვერ აიტანა. წარმოიდგინეთ, წლები გავიდა და მაშინდელი სტრესი და სიმწარე, რაც თავს დაგვატეხეს, დღესაც გვახსოვს. თქვენ რომ დამირეკეთ და შესახვედრად წამოვედი, სულ თვალწინ დამიტრიალდა ყველაფერი. გამოდის, რომ მართლაც შეუძლებელია იმის დავიწყება, სასიკვდილოდ, როგორ გაგვწირეს! თან საინტერესოა, რომ სტუდენტობა არ მოგვეკარა! ერთიც არ გამოჩნდა ისეთი, ვინც საკუთარ პროფესორს გვერდით დაუდგებოდა და ჩვენთვის გულსატკენი ესეც იყო. არადა, რისთვისაც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით, ეს ჩვენი მომავალია. ცოდნისა და ინტელექტის გარეშე ქვეყანა განწირულია, რადგანაც ყველაფერს მაინც ადამიანური კაპიტალი განსაზღვრავს. გასაგებია, რომ რეფორმა ჩასატარებელი იყო, მაგრამ რაც მერე მოხდა, იმას რეფორმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ეს იყო სრულიად მიზანდასახული ნგრევა! კახა ლომაია კიდევაც ამბობდა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ანუ რამდენიც გინდათ, იყეფეთო. ეს ძაღლები კი ჩვენ ვიყავით!
- საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან არავინ გამოგეხმაურათ?
- როგორ არა! მომხდარით აღშფოთებული იყვნენ ამერიკელები, ევროპიდან მოგვდიოდა თანაგრძნობის წერილები, მაგრამ ქარავანი მიდიოდა და ჩვენ კი ისევ ვიყეფებოდით! პირდაპირ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა, ხომ გახსოვთ? სიას ჩახედეთ, ხუბუამ სასიკვდილოდ გაგვწირა კოლეგები და მეტი რა უნდა ექნა? სხვათაშორის, ხუბუას საქმენი საგმირონი მთლიანად დაარქივებული მაქვს, მაგრამ უნივერსიტეტისთვის არ გადამიცია.
2006 წელს რეფორმის დაწყებისას უნივერსიტეტის საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. მაია ნათაძე, მერაბ ჯიბლაძე და სხვები ერთ მხარეს დადგნენ, ამბობდნენ, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ცუდი კანონია და მას ვებრძოლოთო. ჩვენ კი - ჯემალ მებონიამ, თენგიზ სანაძემ, მე და სხვებმა ვთქვით, რომ ეს კანონი უკვე მიღებული იყო და მის ზედმიწევნით შესრულებას მოვითხოვდით. მაშინაც და დღესაც ასე მგონია: როცა უნივერსიტეტში ეს ამბები ხდებოდა, შენ იყავი ან ბარიკადის იქით, ან - აქეთ! შუა ადგილი არ არსებობდა, ან იცავდი უნივერსიტეტს, ან კეთილდღეობაზე ფიქრობდი.
- და კეთილდღეობაზე ვინ ფიქრობდა?
- 2006 წლის კონკურსზე გუგული მაღრაძემ განცხადება სრულიად მშვიდად შეიტანა, სხვებმაც, ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, კონკურსის გეშინიათო. ვიმეორებ, რაც „რეფორმის" დროს მოხდა, ეს იყო უდიდესი უსამართლობა. უკვე შემდეგ სამართლიანობის მოთხოვნით ვის არ მივმართეთ: მარგველაშვილს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კბილაშვილს, მასალა გაიგავნა საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სტრასბურგში, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მივიღეთ, ხშირად - დაცინვაც. მარგველაშვილმა განათლების მინისტრობის დროს იცით, რა გვიპასუხა? „მადლობა წინადადებებისთვისო", ამ დროს ჩვენ სულ სხვა რამეს ვწერდით, ანუ არც განუხილავს. ამის შემდეგ სამინისტროში პირადად მივედით და იქ მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა გამწარებულ პროფესორებს დაგვცინა: „რა დროს სამართლიანობის აღდგენააო". მაგრამ თუ სამართლიანობა არ აღდგება, აი, ამას მივიღებთ, რაც დღესაც გვაქვს - ნგრევას და წინსვლის ნულ პერსპექტივას იმ რეფორმის დროს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის ფაკულტეტები მთლიანად მოსპეს და გაანადგურეს. მეორე კორპუსის შესასვლელში რექტორმა სია გამოაკრა, ვინ არ უნდა შევეშვით შენობაში როცა უნივერსიტეტიდან ჯერ განთავისუფლებულიც არ ვიყავით. ეს იყო არნახულ რეპრესიები, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ სპეცსამსახურები შემოვიდნენ შენობაში. იცით, მაშინ ირგვლივ რამდენნაირი ფორმიანი იყო? ყვითელფორმიანები, შავი, თეთრტანსაცმლიანები! დღესაც არ ვიცი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ეს ამბავი ტელევიზიამ რომ გააშუქა, მორბენალ სტრიქონში ერთი პოლიციელი წერდა, ბოდიშს ვიხდით, ჩვენ არ ვიცოდით, თუ პროფესორებს ვებრძოდით, გვითხრეს, რომ შენობაში პარტიების წარმომადგენლები შევიდნენო.
იმ დღეს ძალიან გამწარებული ვიყავი, ხუბუა ამ ხალხის შუაში იდგა, როცა ვუთხარი: მოვა დრო და ამაზე პასუხს აგებ-მეთქი. პოლიციასაც მივმართე. თქვენ კი ღირსები ხართ, რომ თქვენი შვილები ლომაია-ხუბუას მონები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ვინ აგებინა ამ ხალხს პასუხი? სხვათაშორის, უნივერსიტეტში ხუბუა რომ დაბრუნდა, მე-2 კორპუსში მაგ მშიშარა მაიმუნს „ობსტრუქცია" მოვუწყვე, ვუყვირე: თქვენ აქ რა სინდისით დადიხარ-მეთქი და გაიძურწა. შარშან აკადემიაში გერმანელები ჩამოიყვანა, კონფერენცია უნდა ჩაეტარებინა. მაშინ აკადემიის პრეზიდენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ ხუბუას ამის უფლებას მისცემდნენ, პროფესორები შავ დღეს დავაყრიდით და ჩავშალეთ ეს კონფერენცია. ეგ ნაგავი უღირსი პიროვნებაა, რომელმაც უნივერსიტეტი გაქურდა და მას მომავალი გაუძარცვა, თან ამდენი ადამიანის გვამზე გადაიარა. იცით, რომ უნივერსიტეტში როცა გამოჩნდა, პაპავამ ხელი არ ჩამოართვა?
- და ამით ხუბუას გული მოუკლა? რა, ვერ დადის გაჯგიმული?
- გეთანხმებით, ეს ადამიანი სამართლის ეთიკას კითხულობს, ამ დროს პოტენციური მკვლელია და დღეს ის უნივერსიტეტში უნდა იყოს? ხუბუას, ამას გარდა, ყალბი დიპლომების გაცემაშიც ადანაშაულებდნენ, მის მიერ ბიბლიოთეკის გაქურდვის საქმე ჯერ კიდევ დახურული არაა, ჩვენ კი კონტროლის პალატას ორი ტომი დოკუმენტები მივუტანეთ და ვუთხარით - ან გამოიძიეთ, ან უფალთან გექნებათ საქმეო, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ვერ მივაღწიეთ სამართლებრივ შეფასებას? ბიოლოგებმა, სადაც პროფესორების 80 % გამოგდებულია, რამდენიმე თვის წინათ მიმართეს განათლების მინისტრს და დაჟინებით მოსთხოვეს რეფორმის შეფასება, მაგრამ პასუხი არ არის, ანუ ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ამასობაში ნგრევა გრძელდება, ბატონებო!
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"