- დამნაშავეების ბუდე - ნაციონალური მოძრაობა საქართველოში დიდი არეულობის მოწყობას გეგმავს. ისინი ყველაფერზე აპირებენ წასვლას და ამაში მათ ბაბუა იგორი ეხმარება, - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის წევრი, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი და „ასავალ-დასავალის" საშუალებით ჰააგის ტრიბუნალს მიმართავს!
- პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა და სიყვარული დავუდასტურო „ასვალ-დასავალს". მთელი ეს წლები მე და ჩემს ოჯახს თქვენ გაგვაძლებინეთ. როგორი თავდასხმებიც უნდა წამოვიდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ზუსტად ამ შემართებით გააგრძელეთ სიმართლის თქმა! ყველა პატრიოტს რუსეთუმეს რომ ეძახიან, ეს ნაციონალების მიერ აგორებული მიზანმიმართული კამპანიაა. არადა, იცოდეთ, რუსეთის პირველი აგენტები თვითონ არიან! თითოეული მათგანი გაშიფრული მყავს!
- საინტერესოა, რა გაქვთ მხედველობაში?!
- რუსეთს ძალიან ბევრი ისეთი გენერალი ჰყავს, რომელიც მისივე წინააღმდეგ მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია იგორ გიორგაძე, რომლის შექმნილია ნაციონალური მოძრაობა და ბევრი სხვა ორგანიზაცია, დღეს რომ პროდასავლურობას იჩემებენ. ესენი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის დაშლაზეც მუშაობენ. სააკაშვილი დღისით რუსებს აგინებს, ღამით კი მათთან წევს! თუკი რაიმე სტრატეგიული ობიექტი გვქონდა, ყველაფერი რუსეთს გადაუფორმა. მაგინე, ოღონდ ჩემი საქმე აკეთე - აი, ამ პრინციპით მოქმედებენ. მეტსაც გეტყვით, იგორ გიორგაძე ნაციონალების მეშვეობით ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების გზას უკეტავს. აწყობს, რომ მხოლოდ მასთან საუბრობდეს რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან დაკავშირებით. დააკვირდით, როდესაც ხელისუფლება გამოთქვამს რუსეთთან მოლაპარაკების სურვილს, ნაციონალები მაშინვე აქტიურდებიან და გაჰყვირიან - რუსეთუმეები! არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, ვიდრე ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდებაო. ირაკლი ღარიბაშვილი რომ შეხვდეს პუტინს, ცხადია, მერე სულ სხვა მასშტაბს შეიძენს მოლაპარაკება და არავის მოუნდება იგორ გიორგაძესთან საუბარი.
- მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებთ იგორ გიორგაძის ფაქტორს?
- ეს ასეა და ამას ყველა ვერ ხედავს, ხოლო ვინც ამჩნევს, სიმართლეს ვერ ამბობს, ეშინია, რომ მოკლავენ. მე, პრაქტიკულად, გადადებული მაქვს თავი. ერხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნდა ვიცოდეთ, ვინ, საიდან და რატომ ამღვრევს წყალს. ადრეც მითქვამს და ახლაც ხაზგასმით გეუბნებით - მოღალატეები არიან და ნუ გავისულელებთ თავს!
რუსეთს რომ ჩემთვის ზურგში არ ჩაერტყა, სააკაშვილს კოდორის ხეობაში არ შემოვუშვებდი და დღესაც ჩვენი იქნებოდა. გახსოვთ, სტალინმა რა თქვა? - შემიძლია, ტაო-კლარჯეთი საქართველოს დავუბრუნო, მაგრამ თურქეთი მიზეზს არ მაძლევსო. სააკაშვილმა კი რუსეთს მიზეზი მისცა.
დღეს რომ ბოლო ხმაზე გაჰკივიან რუსეთის წინააღმდეგ და ხელისუფლებას აგინებენ, რატომ დუმდნენ მაშინ, როცა სააკაშვილი რუსეთს სტრატეგიულ ობიექტებს უფორმებდა?! ქარდავებმა, გოროზიებმა, ახალაიებმა არ მიართვეს ხეობა ხონჩით რუსეთს?!
- სამაგიეროდ, დღეს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მეთაურობით აქციები იმართება - არა „გაზპრომს"!
- ესენი ჩემთვის, როგორც ქართველები, არ არსებობენ! მათზე ლაპარაკიც არ მინდა, მით უფრო, იმ შემზარავი კადრების შემდეგ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება. სამი დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად!
გეკითხებით, სად არის მეგის ქარდავა, რომელიც ამ საშინელი წამების ერთ-ერთი ორგანიზატორია?
- სად არის?
- აფხაზეთის გავლით არ წავიდა რუსეთში? მხოლოდ მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ მეგის ქარდავა რუსეთში ჰყავთ დამალული, საერთოდ, რაზე ვლაპარაკობ?!
დღეს რომ ჩხავიან, თითქოს ვინმე „რუსთავი-2"-ს სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს, გავიხსენოთ, ამ ტელეკომპანიამ რამხელა როლი ითამაშა ტერიტორიების გასხვისებაში. რამდენი პატიოსანი ხალხი გასვარეს და გაუხეთქეს გული. საერთოდ, „რუსთავი-2"-ს მართალი სიტყვა ოდესმე უთქვამს? ჭორს გაგივრცელებდნენ და მერე თავი უნდა გემართლებინა.
თუ ქიბარ ხალვაში დაიბრუნებს კუთვნილ ქონებას, რა, ქარხანას გახსნის შიგნით?! მისი მადლობელი არ ვარ - როცა კოდორის მოვლენები იყო, სწორედ ხალვაში გახლდათ „რუსთავი 2"-ის მეპატრონე და სააკაშვილის პროკურატურა მასზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონიერ მფლობელს ქონება არ დაუბრუნდეს. აუცილებლად უნდა მოხდეს „რუსთავი-2"-ის „დე-ყალბიზაცია"!
ვინ არის ნიკა გვარამია, ასეთი გონორით რომ ლაპარაკობს?! ერთი ნაძირალაა, რომელსაც შავ დღეში ჰყავდა საქართველო და დღესაც ყველაფერზე ხელის მომწერია. ახია ხელისუფლებაზე, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება მისცა დამნაშავეებს! წიკლაურები, ხერხეულიძეები და მათნაირი ქვეყნის გამყიდველები დღეს რომ ხმას იღებენ, სწორედ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ნომერ პირველი დანაშაული!
დღეს ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბულობის პროვოცირება მოახდინონ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ! „რუსთავი-2"-ის ირგვლივ ატეხილი კამპანია აქეთკენ არის მიმართული. ვფიქრობ, სამეგრელოს სამალავებიდან ამოღებული შემზარავი კადრებიც შემთხვევით არ გაუვრცელებიათ. დიდი ალბათობაა, რომ ეს ამაზრზენი კადრები თავად ნაციონალებს გამოეტანათ სიტუაციის ასარჩევად.
- რას გულისხმობთ?
- ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი, სადაც კი ამერიკელები არიან და მათი საწინააღმდეგო აზრები ფიქსირდება, ყველგან შავი კვამლი ამოდის. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ, რათა მერე ქვეყანა ადვილად მართონ. ნაციონალები ისეთ გონორზე არიან, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ რუსმა სააკაშვილი ტანკზე ამხედრებული შემოიყვანოს საქართველოში. სააკაშვილი რომ რუსეთის მოწინააღმდგე ყოფილიყო, ხუთ წუთში გაანადგურებდნენ, მითუმეტეს ოდესაში, რომლის მოსახლეობის 90 პროცენტი პრორუსულია. მაგრამ იქაც ისევე გამალებით იცავენ, როგორც საქართველოში. უკრაინაში მინდა წასვლა და იმის გამო ვერ მივდივარ, რომ შავ სიაში ვარ შეყვანილი, რათა სააკაშვილს ხელი არ შევუშალო.
- ბატონო ემზარ, თან სააკაშვილის პრორუსულობაზე ლაპარაკობთ, თან ამერიკის გავლენასაც ახსენებთ...
- ამერიკა და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ, ერთმანეთში მოლაპარაკებული არიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ! აი, ეს არის სიმართლე!
ამას წინათ, ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შევხვდი. დაახლოებით ორ საათში ეს პიროვნება ამერიკელებმა დაიბარეს - რატომ შეხვდი კვიციანსო? მეორედაც მინდოდა იმ მაღალჩინოსანთან შეხვედრა, მაგრამ თავი შევიკავე, პრობლემები აღარ შევუქმენი. გეკითხებით, ეს რას ნიშნავს?! დღესდღეობით ჩემი საბუთები ქონების წართმევასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელთან დევს. კარგა ხნის წინათ დავწერე განცხადება თავდაცვის სამინისტროს სახელზე, რომ ჩემს მიმართ არსებული უკანონობა აღკვეთილიყო, მაგრამ პასუხს ვერ ვეღირსე. ჩემს ნათესავებს სამსახურებში დღესაც არ იღებენ! თუ ხელისუფლება სამართლიანობას ვერ აღადგენს, მაშინ ხალხი გახდება იძულებული, თვითონ აღადგინონ სამართალი. აი, აქეთკენ გვიბიძგებენ!
სანამ სამინისტროებში თინა ხიდაშელისნაირი ადამიანები იქნებიან და უცხოელები თავზე გვასხედან, საერთოდ, რისი იმედი უნდა გვქონდეს?!
- ჰააგის ტრიბუნალმა უკვე დაიწყო გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით...
- რატომ იწყება გამოძიება 2008 წლიდან და არა 2006-დან? თუ რეალურად სურთ სიმართლის დადგენა, ძიება უნდა დაიწყოს 2006 წლის კოდორის მოვლენებიდან, რაც პირდაპირ კავშირშია 2008 წლის ომთან! კოდორის ხეობის ჩაბარება, ცხინვალის ომი და შემდგომ ახალგორის სოფლების გადაცემა ერთობლივი გეგმა იყო და ნურავინ შეეცდება ამის გაყალბებას! ბატონ პროკურორს არ აინტერესებს, რატომ დაარღვია სააკაშვილმა კონსტიტუციის 73-ე და მე-100 მუხლები? რატომ არ დაგვიძახეს 2006 წლის დაზარალებულები და არ დაგვკითხეს? რატომ მოკლეს ქალი და განაიარაღეს კოდორის ხეობის რაზმი?! აი, სწორედ ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგიდან ჩამობრძანებულ პროკურორს სააკაშვილის „გაპრავება" უნდა, რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს! თუ ეს ასე არ არის, მზად ვარ, დამკითხოს ჰააგის ტრიბუნალმა და მე ვიტყვი სრულ სიმართლეს! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება პარალიზებულია და არ ითხოვს პასუხს იმაზე, თუ როგორ და რატომ გაასხვისა სააკაშვილმა ტერიტორიები!
ირაკლი ღარიბაშვილი ვაჟკაცი კაცია, მის მიმართ სიმპათია მაქვს, მაგრამ ეს სიმპათია ნელ-ნელა გაქრება, თუ დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. თუ სამართლიანობის აღდგენა სრული ძალით არ დაიწყება, ხელისუფლებისადმი პატივისცემა სიძულვილში გადაიზრდება. არადა, მინდა, ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე მაგარი მმართველი იყოს საქართველოსთვის, როგორც პუტინია დღეს რუსეთისთვის.
გულწრფელად გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის ადგილზე რომ ვიყო, არ მოვითმენდი ნაციონალებისგან ამდენ გინებას. ივანიშვილი შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ეს ადამიანი გინებას ნამდვილად არ იმსახურებს. ბატონო ბიძინა, თქვენი იმედი აქვს საქართველოს მოსახლეობას, ამიტომაც გირჩევთ, პირადად ჩაუდგეთ სათავეში სამართლიანობის აღდგენას და რაც შეიძლება მალე გასცეთ პასუხი ნაძირლებს! აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფაშისტური პარტია და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ მისი აგრესიული წევრები. ფაქტები არ არსებობს თუ რა?! პირადად მე მზად ვარ, სიცოცხლის ფასად დაგიდგეთ გვერდით ამ საშვილიშვილო საქმეში!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"