ავიაკომპანია „კოგალიმავიას" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ სნაგოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გარე ზემოქმედება იყო.
სნაგოვსკიმ გამორიცხა, რომ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან ადამიანური ფაქტორი იყო.
„ავიაკომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა დაღუპულთა ნათესავებს დახმარება გაუწიოს და გამოძიების რეალური შედეგები მიიღოს", - განაცხადა ალექსანდრ სნაგოვსკიმ.
მისი თქმით, ჩამოვარდნის დაწყებისთანავე, ლაინერის ეკიპაჟმა მართვის კონტროლი დაკარგა. მისი მტკიცებით, ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავი ჰაერში ნაწილებად ვერ დაიშლებოდა. გარდა ამისა, ლაინერის ორივე ძრავი ტექნიკურად გამართული იყო, რადგან ბოლოს 26 ოქტომბერს შემოწმდა.
რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი „Airbus A 321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.