„ბევრი საყვარელი წიგნი შემიძლია ჩამოვთვალო და ბევრი საყვარელი ავტორიც მყავს, მაგრამ შეზღუდვები არ მიყვარს და ყოველთვის მზად ვარ, ახალი წიგნები და მწერლებიც შევიყვარო. ასეც ხდება ხოლმე. თუმცა ახალგაზრდობიდან ამოჩემებულ წიგნებს ზოგჯერ ახლაც გადავიკითხავ ხოლმე (როცა დრო მაქვს) და მაგალითად „ვეფხისტყაოსანი", თუ სადმე მივფრინავ, აუცილებლად თან მიმაქვს. ეს არის პატარა, 1966 წელს გამოცემული საიუბილეო რუსთაველი გუდიაშვილის ილუსტრაციებით. თვითმფრინავში კი „ვეფხისტყაოსანი" არა მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ ყოველ გადაკითხვაზე სრულიად ახალ დეტალებს აღმოვაჩენ ხოლმე, არამედ იმიტომაც, რომ, თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება, ჩემი ფერფლის მოძებნა გაუადვილდეს ჩემს ცოლს (თუ მოუნდება, რასაკვირველია). „ვეფხისტყაოსანი", მოგეხსენებათ, არ იწვება და სადაც ამ წიგნს მიაგნებენ, ჩემი ფერფლიც იქვე უნდა მოძებნონ: რაც შეეხება უცხოელ ავტორებს, ძალიან მიყვარს სერვანტესი და მისი „დონ კიხოტე" (და არა „დონ კიხოტი" - როგორც შეცდომით არის დამკვიდრებული საქართველოში).
თანამედროვე მწერლებიდან კი ისე მიყვარს სერგეი დავლატოვი, რომ მისი საფლავი მუხლამდე თოვლშიც კი მოვინახულე ნიუ-იორკში ყოფნის დროს", - ეს პოსტი დაურთო „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საყვარელი მწერლის საფლავზე თოვლში გადაღებულ ფოტოს მწერალმა დათო ტურაშვილმა.
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ მისი „ჯინსების თაობა" 16 ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული, ანშლაგით მიმდინარე სპექტაკლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შარშან დათო ტურაშვილის ერთ-ერთი რომანის „გურჯი ხათუნის" მიხედვით თანამედროვე ბალეტიც კი დაიდგა...
დათო ტურაშვილი მართალია, უშუალო ადამიანი და საინტერესო მოსაუბრეა, მაგრამ არ უყვარს თავის თავზე ლაპარაკი, თუმცა, დროის უქონლობის მიუხედავად, მაინც მოახერხა, ჩვენი რუბრიკის კითხვებზე ეპასუხა:
- მოკლედ ასე, გარდა იმისა, რომ საინტერესოდ წერთ, გაქვთ თუ არა სხვა ჰობი, ან თუ გქონდათ სიყმაწვილეში რაიმე გატაცება ან ოცნება და შემდეგ შეგეცვალათ, შეხედულებებთან ერთად...
- ოცნება, როგორც ყველა მოზარდს, არაერთი მქონდა, მაგრამ აუხდენელზე გეტყვით, ფეხბურთს ვთამაშობდი ბავშვობაში კარგად და ხშირად და ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე, მაგრამ ფეხბურთზე არ შემიყვანეს მშობლებმა, რადგან დედაჩემმა თქვა, ფეხები დაგეღუნებაო (და რად მინდოდა ეს სწორი ფეხები, ახლაც არ ვიცი). ვოცნებობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზეც (ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი), მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და გვინდა. თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად, ერთხელ მაინც ვითამაშე ამხანაგურ მატჩში და, მგონი, ჩემზე უკეთ იმ დღეს მხოლოდ გიორგი ქინქლაძე თამაშობდა (იცინის), ეს მართლა საოცრება იყო.
- საერთოდ, რას მიიჩნევთ ჰობად?
- ამაზე ძალიან მოკლედ უნდა გიპასუხოთ, ჰობი არ ვიცი, რას ნიშნავს, არ არის ასეთი გაგება ჩემთვის.
- კარგი, გატაცება დავარქვათ და დაგეხმარებით - ხომ შეიძლება, გიყვარდეთ, ვთქვათ, ცხენზე ჯირითი, მოგზაურობა...
- კი, როგორ არა, მოგზაურობა მიყვარს. ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. როგორც კი თოთხმეტი წლის გავხდი, საქართველოში მოგზაურობა დავიწყე და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. ქართველებს არ უყვართ (მაინცდამაინც) მოგზაურობა და ხშირად ამას არასაკმარისი ფინანსებით ხსნიან. სინამდვილეში კი, მოგზაურობა უფრო იაფია, ვიდრე ასიათასიანი ჯიპები და საერთოდ, ჩვენი არასწორი არჩევანი განაპირობებს კიდეც ჩვენი არასწორი ცხოვრების წესს. დამიჯერეთ, ნამდვილად ასეა.
ლაურა აბრამია
გაზეთი „კვირის ქრონიკა"