reportiori.ge - ჯემალ სეფიაშვილი პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:33
პრეს-დაიჯესტი
ჯემალ სეფიაშვილი პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 17:04


4 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნება მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეს. კონცერტი საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ჩატარდება.


დღეს ბატონი ჯემალი ჩვენი სტუმარია.

 

- ბატონო ჯემალ, მეტად საპასუხისმგებლო მისია დაგეკისრათ...

 

 - სასწაული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდ ადამიანთან, როგორც ჩვენ ყველას. მის მიმართვა სიტყვა „დიდიც" პატარად მეჩვენება. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საუბარში გადაწყდა, რომ მომავალ წელს, სწორედ მის დაბადების დღეს, გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო.


- გვიამბეთ თქვენი და პატრიარქის ურთიერთობაზე...

 

- ხუთი წლის წინ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე გულზე. 6 საათი გრძელდებოდა. დამთავრდა ოპერაცია, გამოვდივარ ნარკოზიდან და მესმის ექიმების ხმა, რომლებიც მეფერებიან, მამშვიდებენ, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პირველი ვიკითხე - მანანა ცოცხალია? ჩემს ცოლს ვკითხულობდი. გავახილე თვალები და დავინახე პატრიარქი. ისევ დავხუჭე. მეგონა, რომ მომეჩვენა. ისევ გავახილე და უცებ მესმის, - ჩემო ჯემალ... მივხვდი, რომ ეს ნარკოზი აღარ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემს სანახავად თანმხლებ პირებან ერთად მოვიდა. მოეტანათ ბევრი ღვინო, ხილი, შოკოლადი. შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი.


- ჰქონდა ინფორმაცია ოპერაციას რომ იკეთებდით?

 

- წინა დღეებში შევხვდი პატრიარქს. ამ ოპერაციის შესახებ იცოდა. მე და მანანა დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა, მაგრამ რეანიმაციაში თუ ვნახავდი, რას წარმოვიდგენდი!


- შინ თუ მიგიპატიჟებიათ სტუმრად?

 

- არა, ვერც ვკადრებდი. თუმცა, ჩემი შვილიშვილები, ცისანას სამი შვილი მისი მონათლულია.


- რა თემებზე საუბრობთ ხოლმე თქვენ და პატრიარქი?

 

- ჩვენი შეხვედრის აუცილებელი კომპონენტი სიმღერაა. ერთი სიმღერა აუცილებლად უნდა შევუსრულო როიალთან. ჩვენი შეხვედრის ფონი ხშირად არის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ვსაუბრობთ სიკეთეზე, საქართველოს კეთილდღეობაზე, მორალზე, პატიებაზე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე. ისეთი ზეაწეული გამოვდივარ ხოლმე იქიდან, ამას სიტყვებით ვერც აღვწერ.


- ალბათ, შესრულდება ეს სიმღერაც კონცერტზე...

 

- ამჯერად ვერ ვახერხებ.


- რატომ, დრო ცოტაა?

 

- ერთ წელიწადში, 2017 წლის 19 თებერვალს, 70 წელი მისრულდება, ღმერთმა კარგად გვამყოფოს და იქ აუცილებლად გავაჟღერებ განახლებულ „ტიტებს" (იღიმება).


- რაც შეეხება 4 იანვრის კონცერტს, პროგრამა უკვე შედგენილი გაქვთ, ალბათ...

 

- მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა პროგრამის შედგენა. ჩემი პირველი ამოცანაა, კონცერტი არ იყოს ძალიან დიდი. სამი შემოქმედებითი საღამო მაქვს ჩატარებული („ბრავო მაესტრო", „შალომ ისრაელ" და „მეც გავხდი ჭაღარა") და სამივე ორნაწილიანი და დიდი იყო. ვინაიდან ეს კონცერტი მაქსიმუმ 2 საათს უნდა გაგრძელდეს, პრობლემა სწორედ სიმღერების შერჩევაში იყო. გამიჩნდა საფიქრალი, რომელი სიმღერა არ გამეჟღერებინა... შარშან პატრიარქს სიმღერა მივუძღვენი. საქართველო და პატრიარქი გავაიგივე ამ სიმღერაში. ორი პოეტის, ბაჩო რამიშვილის და ნანა ცინცაძის ლექსები გავაერთიანე და შეიქმნა ძალიან ლამაზი სიმღერა. სხვათა შორის, ბაჩო რამიშვილის ტექსტზეა კიდევ ერთი ჩემი სიმღერა „მარტი", „თეატრალური კვარტეტის" შესრულებით, რომელიც შარშან საუკეთესო სიმღერად დასახელდა... მცდარი აზრია, რომ კონცერტზე გაჟღერდეს ბევრი ახალი სიმღერა, რადგან, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, მსმენელს მაინც თავისი საყვარელი სიმღერა ურჩევნია... მე მჩვევია სიმღერების რიმეიკების გაკეთება, უბრალოდ, ახლებურად ვთავაზობ სიმღერას.


- რომელ მომღერლებს ექნებათ პატივი, იმღერონ პატრიარქის დაბადების დღეზე?

 

- კონცერტზე გამოვლენ: მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებელი გვყავს. ბედნიერი ვიქნეოდი, რომ ყველას მიეღო მონაწილეობა ამ საღამოზე, მაგრამ ერთი პრობლემაა, ქართული სიმღერის შესრულება უჭირთ, ძალიან უჭირთ. ეს იმხელა ბოროტებაა მავანისა და მავანის მიერ ჩადენილი... ვის უნდა შენი შესრულებული თუნდაც ბიონსე. ბიონსეზე უკეთესად ვერც იმღერებ, ვერც გაიხდი და ვერც ჩაიხდი (იცინის).


- რისი ბრალია, ახალგაზრდა მომღერლებს ქართული სიმღერის შესრულება რომ უჭირთ?

 

-უცხოურ მუსიკაზე არიან აწყობილნი, მუსიკალურ კონკურსებშიც მხოლოდ უცხოურ სიმღერებს ითხოვენ... გაიხსენეთ, როგორი რეაქციაა იმ დარბაზებში მაშინ, როცა ქართული სიმღერა სრულდება. ის დარბაზიც ხომ ახალგაზრდობით არის სავსე. გაიხსენეთ, ძმებმა გულაშვილებმა რეზო ლაღიძის სიმღერა რომ შეასრულეს, როგორი წივილ-კივილი ატყდა.


- დავუბრუნდეთ პატრიარქის კონცერტს, მონაწილეებზე ვსაუბრობდით...

 

- კონცერტზე იმღრებენ აგრეთვე: აჩიკო ნიჟარაძე, ნინო ძოწენიძე, ჩემი ცისანა, „ფორტე", „თეატრალური კვარტეტი", „ქართული ხმები", „საპატრიარქოს გუნდი", „გორის ქალთა კაპელა", მეკო ქავთარაძის სტუდიის ბავშვები. გვეყოლება ორი ქართველი სპეციალური სტუმარი. ამას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ. აუცილებლად შესრულდება პატრიარქის ერთი ან ორი ნაწარმოები.


- ვინ შეასრულებს?

 

- ესეც სიურპრიზია.


- ახალი სიმღერებიც შესრულდება, ალბათ...

 

- რასაკვირველია და ერთ-ერთი გახლავთ „სიყვარული გზად და ხიდად". ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა რუსთაველის ტექსტზე შეიქმნა სიმღერა. ძალიან ვღელავ, რომ რუსთაველი უნდა ავამღერო...


- რაც შეეხება რეჟისურას?

 

- კონცერტს ორი რეჟისორი ეყოლება, გოჩა კაპანაძე და ნუგზარ ბუცხრიკიძე. მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი გახლავთ. დახმარებას გვიწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სტუდენტური თეატრი. გვინდა ლამაზი, თეატრალიზებული სანახაობა შევქმნათ. საახალწლო-საშობაო განწყობით. კონცერტს ჰქვია „საშობაო", ცოტას მეც ვიმღერებ (იღიმება).


- დუეტშიც?

 

- ერთი დუეტი აუცილებლად იქნება ცისანასთან ერთად, დანარჩენს ნახავთ.


- გაგვიმხელთ რამდენიმე სიმღერას, რომელსაც მაყურებელი 4 იანვარს მოისმენს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში?

 

- სულ სხვანაირად აჟღერდება „მონატრება" აჩიკო ნიჟარაძის შესრულებით. განახლებული ინტერპრეტაციით მოისმენთ „სიყვარულის სანთლებს", რომელსაც ეკა კვალიაშვილი იმღერებს.  „თეატრალურმა კვარტეტმა" ჩემი ძველი სიმღერა „დედა" ამოქექა, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე და დიდი რუდუნებით ამზადებენ ამ კონცერტისთვის. გვეყოლება სტუმარიც ისრაელიდან, მორის ჯანაშვილი... მოკლედ, წინ ბევრი საქმეა... თვე-ნახევარი დამრჩა და იმდენი რამ მაქვს მოსაგვარებელი, ალბათ, კონცერტი რომ ჩაივლის, „წყალტუბოს ტალახები" დამჭირდება (იცინის). ძალიან მინდა,რომ პატრიარქს იმედები არ  გავუცრუო.


- ეს, ალბათ, ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პატრიარქისთვის თქვენგან.

 

- ძალიან ვღელავ. ეს ის კონცერტია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. დიდი სურვილი მაქვს, თავის იუბილეს პატრიარქი მხნედ შეხვდეს, რომ ჩვენ მოვეფეროთ სცენიდან და ეს ენერგია მალამოდ მოეცხოს მის ჯანს, რომ კიდევ უფრო გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე.

 

 

 

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016