reportiori.ge - ოცნებების სასაფლაო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ოცნებების სასაფლაო
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 03:46


წარსულს იმაზე მეტად აქვს კავშირი მომავალთან ვიდრე ეს ადამიანებს ჰგონიათ. ერთადერთი გზა მისგან თავის დასაღწევად მოვლენების გააზრება და წარმოდგენების გადაფასებაა. ხშირად გაუცნობიერებელი გრძნობები განსაზღვრავენ ჩვენს მოქმედებებს, რეაქციებს, დამოკიდებულებას, მსოფლმხედველობას. ადამიანის ხასიათს ძირითადად მისი ბავშვობა განაპირობებს, გარემო რომელშიც იზრდებოდა და უყალიბდებოდა წარმოდგენა ცხოვრებაზე. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზიც მისი წარსულია, წარსული რომელსაც გავურბივართ და რომლის აღიარებაც ასე გვაშინებს.


 თავისუფლების ფასზე მოგიყვებით.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ამერიკაში ვცხოვრობდი. სახლიდან ყოველთვის დილით მირეკავდნენ. ადრე მიწევდა ადგომა, რომ მონატრებული საქართველოდან მონატრებული ადამიანებისათვის მომესმინა.


 იმ დღესაც რუტინული მოძრაობით გავხსენი ეკრანი და დედას გამოსახულება დავინახე. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. შეშინებული არ ყოფილა, უფრო დაბნეული და მე იმ დღეს პირველად ვნახე ასეთი დედა.


 - ომი დაიწყო.


 უცნაური შეგრძნება იყო. თითქოს რამდენიმე წამით დრო გაიყინა. მსოფლიოში არსებული ყველა ფიქრი, ყველა გრძნობა ერთად გამიჩნდა.. თავიდან შემეშინდა, ყველას გამო, ადამიანების გამო რომლებიც მიყვარდნენ და შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა. მერე გავბრაზდი, მათზე ვინც ჩემს სახლში შეიჭრა , ვინც თავისუფლებას გვართმევდა. მერე იყო სისუსტის განცდა, როცა გინდა რაღაც გააკეთო და ხვდები არაფერი შეგიძლია. თითქოს უჰაერო სივრცეში მოხვდი და კლაუსტროფობია გტანჯავს. შორიდან უყურებ შენს ქვეყანას, რომელიც ისეთი პატარაა, ისეთი სუსტი, გინდა მიხვიდე, ხელი მოკიდო, ჩაეხუტო.  შიშისგან აცახცახებულს ერთი სული აქვს მუხლებზე დავარდეს და მაინც დგას, მის წინ კი, უზამრაზარი გველეშაპივით ღრიალებს ბოროტი ძალა.


 რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ თბილისში არავისთან მილაპარაკია. ვერ ვუკავშირდებოდი. ტელევიზორი სულ ჩართული მქონდა, სადმე თუ გავდიოდი ლეპტოპი მიმქონდა. დავდიოდი ჩემთვის ყველაზე თავისუფალი ქვეყნის ქუჩებში და კიდევ უფრო ნათელი ხდებოდა განცდა, რომელიც შორს მყოფ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს ჰქონდათ.


 ყოველთვის მეგონა, რომ ომი სიკვდილს შიშს აჩენს. აგვისტოში მივხვდი, ეს ასე არ არის. უფრო მარტივია საკუთარი თავის ცინკის კუბოში წარმოდგენა, ვიდრე ფიქრი იმაზე, რომ შენი ქალაქის ქუჩებში უცხო ქვეყნის ფორმიანი ჯარისკაცები თავიანთ ენაზე დაიწყებენ ბრძანებების გაცემას, შენ ცხოვრებაში ხელების ფათურს და შენ სივრცეში დაუპატიჯებელი სტუმრებივით შემოიჭრებიან.


 ხანდახან რაღაცეები ვიცით, მაგრამ განცდილი და გაგებული ერთმანეთისგან განსხვავდბა. ბევრი წიგნი, ფილმი, მუსიკა არსებობს ომზე, მაგრამ ვერაფერი გაგრძნობინებს მის დამანგრეველ ძალას ისე, როგორც რეალობად ქცეული თვითონ ეს სიტყვა.

 იმ ზაფხულს მივხვდი, ომი არა მხოლოდ ყუმბარები, ავტომატების ჯერი და ტანკების უსასრულოდ გაწელილი რიგია, ომი ღირსებას ეხება, ფსიქიკას აზიანებს, თაობებს ანადგურებს. შვილებს მამები არ ეყოლებათ, მათ შვილებს ბაბუები.


 ზუსტად ვიცი გრძნობა, რომელიც აგვისტოს დღეებმა გამიჩინა არასდროს მიმატოვებს. არ მესმის მათი ვისაც არ ახსოვს, რომ ძალიან ახლოს ჩვენს სახლებთან , ჩვენს ფანჯრებთან უცხო ადამიანები დგანან, ხელში ავტომატებით , ვერაფრით რომ ვერ ეგუებიან სხვის თავისუფლებას. კიდევ მათ გვერდით ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, მუდმივი შიშის ქვეშ და ყოველ დილას ბედნიერებისგან სულ ცოტახნით უჩქარდებათ გული, რომ გადარჩნენ, რომ არ მოკლეს.


 ჩვენს შორის არიან ადამიანები, ვისი შვილები, ქმრები, მამები იბრძოდნენ შიშისგან აკანკალებული ქვეყნის დასაცავად, ჩვენ კი, უცნაური დამოკიდებულებით ჩრდილოელი მეზობლისადმი ვუჩენთ მათ განცდას, რომ ეს ადამიანები არაფრისთვის დაიღუპნენ.


 ხანდახან გვავიწყდება, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ყველანაირ პარტიულ კუთვნილებაზე, პოლიტიკურ შეხედულებაზე, ყველაფერზე მაღლა დგას. არ არის სწორი ორიგინალურობით გაამართლო სიზარმაცე ან სისუსტე, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იდგე იქ, სადაც საჭიროა. არ მინდა მილან კუნდერას რომანის გმირივით თავი სუსტების ქვეყნის ნაწილად ვიგრძნო, წინადადებებს შორის სუნთქვა რომ ეკვრით, დუბჩეკივით , თავის ხალხს რადიომიმღებით თავისუფლების დაკარგვა რომ ამცნო. არ მესმის უადგილო ეპატაჟი როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და რაც არ უნდა ბანალური მიწოდოთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე ხშირად გვავიწყდება

 რა მთავარია თავისუფლება!


 საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო ამ ქვეყანაში გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი ნაწილი ვარ. ბევრჯერ მომისმენია  „ რა ცუდია არჩევანის გაკეთების საშუალება რომ არ მქონდა, საქართველოში არ დავიბადებოდი" , „ რაც შეიძლება მალე უნდა გავაღწიო აქედან", „წავალ და არასდროს აღარ დავბრუნდები" და კიდევ ბევრი სხვა თვქენთვისაც ნაცნობი ფრაზა. არასდროს მესმოდა ამ სიტყვების ავტორების და მგონი ვერც ვერასდროს გავიგებ. შორს ვარ იმ აზრისგან რომ „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ", ვერც სიამაყეს ვგრძნობ, რაც ალბათ ბუნებრივიც არის იმ ყველაფრის ფონზე რასაც ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ არასდროს მომინდება ვიყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და არც არასდროს შემრცხვება "ქართველობის".

 მგონია, რომ ადამიანები რომლებიც ყოველდღე იმაზე ფიქრით იტანჯავენ თავს, რომ მათი ცხოვრება სადმე სხვაგან დაბადების შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა ვერსად ვერ იგრძნობდნენ თავს კარგად. კიდევ მგონია, რომ მათ უცნაური წარმოდგენა აქვთ „სამშობლოზე" და რატომღაც ყოველთვის რაღაც განყენებულ, ცალკე მდგომ, არარეალურ ცარიელ სიტყვაზე საუბრობენ.

 ვფიქრობ, ძალიან ცოტას აქვს გააზრებული, რომ ქვეყანა არ არის მხოლოდ ქუჩები, შენობები, ფასადები ან ტელევიზორის ეკრანიდან დანახული პარალელური სამყარო, ქვეყანა ყველაზე მეტად ცოცხალი ორგანიზმია, სუნთქავს, ფიქრობს, ვითარდება, იცვლება, გადის ყველა იმ ეტაპს, რომელსაც ადამიანები გავდივართ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის ჩვენი ერთობაა და არაფერი სხვა. ამიტომ ქვეყანა არის ისეთი როგორებიც არიან იქ მცხოვრები ადამიანები. ჩვენ ვართ საქართველო, ამიტომ სადაც არ უნდა გავიქცეთ მას თავს ვერასდროს დავაღწევთ,  ჩვენში ცხოვრობს, ყველგან თან დაგვყვება.


 1994 წლის გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დავიბადე, ალბათ პირველი რაც დავინახე ჩაჩავას სამშობიაროს კედლები იყო. სულ ვფიქრობ რა საინტერესო იქნებოდა დაბადების პროცესის გახსენება რომ შეგვეძლოს, პირველი შთაბეჭდილებას გავიხსენებდი, რომელიც თბილისმა დამიტოვა. იმ პერიოდში გავიზარდე როცა შუქი და გაზი იშვიათი ფუფუნება იყო. გამიმართლა და საღამოების სანთლის შუქზე გატარება ძალიან იშვიათად მიწევდა, გენერატორის წყალობით, მაგრამ მე ყველაზე მეტად რატომღაც სწორედ ის იშვიათი ბნელი საღამოები მიყვარდა, როცა მამა ჩემს გასართობად მილიონ საინტერესო ისტორიას ყვებოდა. ლექსებსაც ვკითხულობდით, მურმან ლებანიძის „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" ყოველთვის პროგრამის ნაწილი იყო და როცა „ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონზე" მივიდოდით საიდანღაც საგვარეული ხანჯალს იღებდა და იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდი და ველოდებოდი მაინც სუნთქვის შეკვრამდე მეცინებოდა. მერე ამ ხანჯლის ისტორია რიგი დგებოდა და სანამ არ ჩამეძინებოდა ბაბუების ამბებზე ვლაპარაკობდით.


 ყველაფერი ყოველთვის კარგად ვერ იქნება, მითუმეტეს იმ პერიოდში ვერ იქნებოდა და ჩვენც ხანდახან ძალიან რთული დღეები გვქონდა, მაგრამ არასდროს შემშინებია, იმიტომ რომ მყავდნენ ადამიანები ვისაც ძალიან ვუყვარდი და ვიცოდი ეს სიყვარული ყველა პრობლემაზე ძლიერი იყო. ბევრჯერ მიფიქრია რატომ არ მიიღეს ჩემმა მშობლებმა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება, როცა ამის შანსი ქონდათ და ყოველთვის მამაჩემის სახე მახსენდება, როცა თავის საყვარელ ლექსს მიკითხავდა საქართველოზე. იმის თქმას არ ვცდილობ რომ ადამიანები რომლებიც სხვაგან წავიდნენ „ცუდები" არიან და რომ საქართველოდან წასვლა დანაშაულია. პირიქით მგონია, რომ ყველა ადამიანს სჭრიდება გარკვეული პერიოდის უცხო გარემოში გატარება, რადგან ეს საუკეთესო გზაა დამოუკიდებლობასთან შეჩვევის და მისი შეყვარებისთვის, მაგრამ ძალიან არ მინდა ვისმენდე ისეთ ფრაზებს როგორიც არის მაგალითად „ არასდროს აღარ დავბრუნდები". თუ შენი საკუთარის შეყვარების უნარი არ გაქვს ვერაფერს შეიყვარებ. ჩემთვის არ არსებობს სხვა სამშობლო იმიტომ, რომ ის ყოველთვის ერთადერთია და თუ ოდესმე გათენდება დღე როცა მის მომავალზე ფიქრი არაბუნებრივ, ძალით თავს მოხვეულ პროცესად იქცევა, ჩავთვლი, რომ საკუთარი იდენტობა დავკარგე და ეს აუცილებლად იქნება ჩემი პიროვნების დასასრული.

ვთვლი, რომ როცა ქვეყანას ბავშვობიდან ცოცხალ არსებად აღიქვამ ის თავისთავად გიყვარდება. საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი ის სხვა ქვეყანაც ზუსტად ისევე მეყვარებოდა, იმიტომ რომ ადგილი, რომელმაც ადამიანად გაქცია არ შეიძლება არ გიყვარდეს.

ჩემთვის საქართველო დედაჩემია. ემოციური, ზედმეტად კეთილი დედაჩემი, რომელმაც 21 წლის წინ გაბედა და გამაჩინა. ჰო გაბედა იმიტომ, რომ მეც იმ ბნელი, ცივი 90-იანების ნაწილი ვარ, როცა არავინ იცოდა რა იქნებოდა და აბსტრაქტული მოლოდინებიც არც ისეთი იმედის მომცემი იყო.

დედაჩემმა გაბედა და შეიყვარა მამაჩემი მაშინ,როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო სიყვარულის დრო და მით უფრო მამაჩემის. გაბედა გავეჩინე ნაცრისფერ დღეებში და მერე არსად წასულა, დარჩა და ჩვენი ქვეყნის უპირობო სიყვარული მასწავლა.

ჩემთვის საქართველო მამაჩემია. პრინციპული, ჯიუტი, ჭკვიანი, თითქმის იდეალური მამაჩემი რომელთანაც სიცივეში გაზაფხულთან ერთად მოვედი, სითბო მოვუტანე, მან კი, გაბედა და საკუთარ თავზე მეტად შემიყვარა.

არეულობების, მანიფესტაცების, სახელმწიფო გადატრიალებების, სამოქალაქო ომების ქვეყანაში გამზარდა, მუქი ფერების მიღმა ყურება მასწავლა, მასწავლა, რომ სიყვარული არასდროს არის მარტივი, რომ ხანდახან მიზეზები ჩვენით უნდა ვეძებოთ და მერე მაშველი რგოლივით მოვეჭიდოთ, რომ სამშობლოს არ ირჩევენ, რომ ის ერთადერთია და ყოველთვის იმაზე მეტად სჭირდები, ვიდრე გგონია, რომ ზუსტად ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს და იმდენს უნდა ელოდო მისგან რამდენსაც აძლევ.

მამაჩემმა გაბედა არასოდეს დაემალა, რომ ცხოვრება იშვიათად არის „მშვენიერი", სირთულეები ყოველთვის ბევრია და აუცილებელი, რომ ცუდი რაღაცეები კარგზე ხშირად ხდება და ეს ვერასდროს იქნება საკუთარი ქვეყნის არ სიყვარულის გამამართლებელი მიზეზი. გაბედა ეთქვა, რომ გაქცევას არასოდეს მაპატიებდა.

მამაჩემმა მასწავლა, რომ ადამიანებს ძალიან ბოროტებიც შეუძლიათ რომ იყვნენ იმიტომ, რომ ეს ადამიანურობის ნაწილია და ყოველთვის უნდა ეცადო, რომ აპატიო და ისიც მითხრა, რომ იქვე აუცილებლად არსებობს სიკეთე, რომელიც უნდა დაიმახსოვრო და როცა მოგეჩვენება, რომ მეტი აღარ შეგიძლია, შენს შეგროვებულ სიკეთეებზე ფიქრი გადაგარჩენს. მასწავლა, რომ შეიძლება ძალიან მეტკინოს და უნდა მეტკინოს, რომ არასდროს არავისთვის იგივეს გაკეთება არ მომინდეს.

მამაჩემმა გაბედა და საკუთარი თავი შეცვალა იმისთვის, რომ ჩემი სამყარო გამხდარიყო სხვანაირი და მისგან ვისწავლე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალებები ქუჩაში მანიფესტაციების დროს ან რომელიმე სახელმწიფო შენობის დაკავებით კი არა, ჩვენში იწყება და უკეთეს მომავალს რევოლუციები კი არა, შენში ღირებულებების გადაფასება ქმნის.

მე კი, გავბედე და შემიყვარდა საქართველო, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა.

პირველად თვალი რომ გავახილე იდგა და მიღიმოდა,მერე ხელი მომკიდა და 21 წელია ერთად ვართ. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს რომ ვდგამდი ვგრძნობდი როგორ მეპარებოდა უკნიდან და წაქცევის საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი პირველი ზეიმიც მახსოვს ბაღში და მისი ცრემლებით სავსე თვალები როცა ლექსს ვუკითხავდი. ხანდახან როცა ისტორიის გაკვეთილზე არც თუ ისე საამაყო მომენტებზე გაბრაზებისგან მამაჩემივით მებერებოდა ნესტოები თმაზე მეფერებოდა და წიგნის სუფთა ფურცელს შლიდა, რომ გამხსენებოდა ამ ცუდ ისტორიებს მხოლოდ ჩემი დაწერილი ახალი ამბები გააქრობდა და მე პირობა მივეცი, რომ ოდესმე მის დღიურში აუცილებლად დავწერ საინტერესო გვერდს.


  ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი ქვეყანა ყველაზე საინტერესო პროცესს გადის. საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ დამოუკიდებლობა ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სიტყვა. დამოუკიდებლობას გამოცდილება სჭირდება და ჩვენ უნდა მივცეთ ქვეყანას ეს გამოცდილება. არ მესმის როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა შანსი იყო რაღაც ახალის, განსხვავებულის შექმნის მონაწილე.


 უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათაგნ გაქცევა კი არა გადასაჭრელი გზების ძებნაა საჭირო. თუმცა იმისთვის, რომ რაღაცეების შეცვა მოინდომო ჯერ ერთი მთლიანის სრულფასოვან, ინდივიდუალურ ნაწილად უნდა იგრძნო თავი და მერე შენი, როგორც ნაწილის პასუხისმგებლობა გაიაზრო. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში „მეოცნებენი" არის ერთი ძალიან კარგი ფრაზა: „ თუ გინდა მსოფლიო შეცვალო პირველ რიგში უნდა გაიზრო, რომ მისი ნაწილი ხარ".  ჩვენ ეს გვიჭირს და არაფერია ამაში უცნაური. სოციალიზმი თავისას შვება, სოციალიზმი გაჩვევს ინდიფერენტულობას, იმას რომ შეიძლება ვიღაცამ შენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება და შენ ეს გხიბლავს, იმიტომ რომ ზედმეტი ფიქრის გარეშე ახერხებ ყველაფერს. როცა გაჯერებენ, რომ შენ ბევრი არაფერი იცი ყოველთვის ვერ გაუწევ წინააღმდეგობას და სამწუხაროდ პირველივე დათმობიდან ყველაზე რთულია საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება. ჩვენც დგვაჯერეს, რომ მარტო ვერაფერს შევძლებდით, რომ სუსტები ვიყავით დ გადარჩენის ერთადერთ გზას უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა. მერე მადლობელებიც კი გავხდით ჩვენც რომ არ ვიცით რისთვის. საჭმელი გვქონდა, ყოფითი პრობლემებისაგნ ასე თუ ისე გავთავისუფლდით და ადამიანურმა ბუნებამ თავისი გაიტანა, თან იმდენად გაიტანა რომ დღესაც შემოგვრჩა დიადი საბჭოთა დღეების ტკბილი ნოსტალგია, სადაც ვცხოვრობდით მეგობრულად და პური გვქონდა. მაგრამ ადამიანი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე საკვები, ადამიანი გონიერი არსებაა, ემოციებით და ქვეცნობიერად ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს თავისუფლება. ის ყველაფერი რასაც სოციალიზმი გჩუქნის დროებითია და ადრე თუ გვიან ყველა იაზრებს, რომ ერთ დიდ კოლექტიურ ტყუილში ცხოვრობს. ამის შემდეგ დგება რეაბილიტაციის პერიოდი, როცა ძალიან გინდა დამოუკიდებლობა, მაგრამ თან ისეთი სტრესი გაქვს მიღებული, რომ გეშინია.

ჩვენც ასე ვართ, საბჭოთა კავშირმა საჩუქარი გაგვიკეთა- ეროვნული ნიჰილიზმი, პატარა ერის კომპლექსი, რომელიც თითქოს უპირობოდ, თავისთავად გავითავისეთ და ახლა მხოლოდ სადღეგრძელოებში ვიმაღლებთ ხმას მტრის წინააღმდეგ. ხანდახან მგონია, რომ ქართული სუფრა ერთგვარ ოცნებების სასაფლაოდ იქცა, იქ ვართ როგორებიც გვინდოდა რომ ვყოფილიყავით და ვერ გავხდით, იმიტომ რომ ვერაფრით დავიჯერეთ, რომ შევძლებდით. მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ საჩუქარს ბოლომდე და სამუდამოდ დავაბრუნებთ. მანამდე კი, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია პასუხისმგებლობის, ჯერ კიდევ გვჯერა, რომ რაღაცეები არ შეგვიძლია, რომ ვერაფერს შევცვლით, ყველა ერთად უნდა ვეცადოთ რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცოთ საპირისპირო. დიდი ხანია დროა თვალებში შევხედოთ ერთმანეთს და ვუთხრათ, რომ „სავეცკი" ფიქრებს ფერები გაუხუნდა და გადასაყრელია. ცვლილებებს ერთ დღეზე მეტი სჭირდება, საკუთარი თავის განვითარებით კი, სასწაულების მოხდენა შეიძლება.


 ძალიან მინდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე რომელმაც ბევრი ცუდიც მოგვცა და ბევრი კარგიც, იმიტომ, რომ მჯერა შემდგარ, ძლიერ ადამიანებს არასდროს ეშინიათ სიძნელეების, პრობლემების და არსად გარბიან, ასეთი ადამიანები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან. მინდა ჩვენც ასეთები აღმოვჩნდეთ. გავიაზროთ წარსული, ვაღიაროთ საკუთარი შეცდომები, ვაპატიოთ ისინი საკუთარ თავს და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.

 ვიცი რუსულ მავთულხლართებზე გაჭრილი თითების ტკივილზე მეტსაც ავიტანთ, მჯერა რომ შეგვიძლია!

 

სალი ჩოხელი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016