ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ „BBC"-ისთან ინტერვიუში უარყო „ისლამური სახელმწიფოს" განცხადება, რომ რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაჯგუფების მებრძოლებმა ჩამოაგდეს. მისი თქმით, დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
„გამოძიებაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. პროპაგანდისტული განცხადებები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს - რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და ეგვიპტის იმიჯის შელახვისკენაა მიმართული. გარწმუნებთ, რომ ვითარება ქვეყნის ამ ნაწილში ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ.
გავლენიანმა ანალიტიკურმა სააგენტო „სტრატფორმა" ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სპეციალისტების მოსაზრებით, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.