სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ მზადდება რამდენიმე სამხედრო ნაწილზე თავდასხმა. როგორც წითელაშვილმა „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, ყოფილ ხელისუფლებას იარაღის სამალავები გააჩნია კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. აქვე წითელაშვილი აცხადებს, რომ „მაიდნის" სპეცოპერაციებში მონაწილე ქართველი სნაიპერები რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში დაბრუნდნენ და შესაძლოა, ეს ფაქტი დაგეგმილ თავდასხმებს უკავშირდებოდეს.
„ხელისუფლებამ ზუგდიდის სამალავებში უამრავი ტყვია-წამალი და იარაღი აღმოაჩინა ადამიანის წამების ამსახველ ვიდეოფაილებთან ერთად. მაგრამ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი სამალავი, მათ კიდევ აქვთ იარაღის სამალავები კახეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში. ჩვენთვის ცნობილი არ არის, მიაკვლია თუ არა ხელისუფლებამ იარაღის სამალავებს.
ამის გარდა, მე მაქვს სია იმ პირების, ვისაც ბაჩანა ახალაიამ ტაბელური იარაღის ტარების უფლება მიანიჭა, პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ. ეს ხალხი საქართველოშია და არსად გაქცეულა. მათ გეგმაშია რამდენიმე სამხედრო ნაწილზე თავდასხმა, სადაც ჰყავთ მხარდამჭერები და ისინი ხელს შეუწყობენ, გაუღონ იარაღის საწყობი. როგორც მოგახსენეთ, თავდაცვის სამინისტროში მათ ჰყავთ ჩანერგილი ხალხი, ვინც მათ იარაღის საწყობებს გაუღებს. სხვათაშორის, მათი გვარ-სახელები თავდაცვის სამინისტროს გადავეცი, რამდენიმე ოფიცერია, ვინც კავშირშია უკრაინაში პორტირებულ „ნაციონალებთან". ესენი გახლავთ: მოდებაძე, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი, იგი ბაჩანა ახალაიას მიერაა ჩანერგილი და დღემდე თავდაცვაში მსახურობს. ელგუჯა მოწონელიძე, შალვა ჩუბინიძე, მალხაზ მაკარაძე, ოფიცერი კერესელიძე, ეს ხალხი არსად წასულა, მოქმედნი არიან და ყოველდღიურ კონტაქტს ამყარებენ უკრაინაში გიგი კალანდაძესთან, მარტიაშვილთან, მამულაშვილთან, იღებენ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა იმოქმედონ სამოქალაქო დაპირისპირების დროს. სწორედ ეს ადამიანები გაუღებენ იარაღის საცავების კარს და მიაწვდიან იარაღს. ვფიქრობ, ეს პიროვნებები პროკურატურაში უნდა ისხდნენ და ჩვენებებს უნდა იძლეოდნენ წარსულ დანაშაულებზე.
უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გეტყვით, ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა გამომიგზავნეს ინფორმაცია იმ ოთხ ქართველ სნაიპერზე, რომლებიც „მაიდანის" სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ, რაც ხალხის მსხვერპლით დასრულდა. რამდენიმე თვის წინ ეს სნაიპერები საქართველოში ჩამოვიდნენ", - განაცხადა წითელაშვილმა.
წყარო: „კვირის ქრონიკა"