„ყოფილი პატიმრების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ჟურალისტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ციხის კადრები დადგმული იყო", - წერს გაზეთი „კვირის პალიტრა" და ყოფილ პატიმართან ლაშა არქანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ციხეში, საკუთარ თვალით ნანახ და საკუთარ თავზე გამოცდილ ფაქტებს იხსენებს. არქანია 2011 წელს დააკავეს და მას სოფელ მუჯავაში მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილე პირების დადანაშაულებას სთხოვდნენ.
„მოითხოვდნენ, ხელი დამედო ჩემი მოგვარესთვის, მალხაზ არქანიასთვის და კიდევ 3 პირისთვის. მათ მე საერთოდ არ ვიცნობდი. სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობას მაკმარებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 20-წლიან „სროკზე" გამიშვებდნენ. პოლიციელებს წალენჯიხის პოლიციის განყოფილების იმჟამინდელმა უფროსმა გოჩა გოგოხიამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე ისე დაამუშავეთ, ყველაფერი აღიაროსო. მერე პოლიციელმა ილუშა აქუბარდიამ დამიდო ჩვენება და ხელის მოწერას მაიძულებდა. არ ვთანხმდებოდი, ამ დროს კოხტა კოდუამ ვიღაცას პრეზერვატივწამოცმული „დუბინკა" მოატანინა... ამის შემდეგ ხელისმოწერაზე დავთანხმდი, „ვაღიარებდი" ნარკოტიკისა და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. კოდუა ოჯახის წევრების ლიკვიდაციით და ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც დამემუქრა. 2013 წელს მცნეს დაზარალებულად, მაგრამ რად გინდა, ჩემი მწამებლები დღესაც მაღალ თანამდებობეზე არიან მოკალათებული. გოჩა გოგოხია სასაზღვრო პოლიციის უფროსია, როლანდ ახალაიას მონა-პროკურორები იმავე სტრუქტურაში არიან", - განაცხადა არქანიამ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)