ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი არმაზ ხარძიანი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დრო, ციხეში მასზე განხორცილებულ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს:
„გლდანის ციხის დირექტორი ლექსანდრე მუხაძე თავად სცემდა პატიმრებს, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად სუსტი იყო, პირველ დარტყმას აყენებდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომელი უნდა ეცემათ პირველად. ამის სემდეგ იმ პიროვნებას დაესეოდნენ - ბუთლიაშვილი, ფაცაცია, ყაჭეიშვილი, ძიძიგური, დათო (გვარი არ მახსოვს, პავლოვიჩს ეძახდნენ), „ხონსკი", „ცხრამუხა", ანგო შანავა, ლევან ბეშქენიძე, რუსლანა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეში ოფიცრებს მეტსახელები ჰქონდათ.
ბუთლიაშვილი და ფაცაცია წაქცეულ პატიმარს ზემოდან ახტებოდნენ (თითოეულის წონა მინიმუმ 120 კგ იყო), გონდაკარგულებს თავზე აშარდავდნენ და თან ხარხარებდნენ...
როცა 26 მაისს მომიტინგეები დაარბიეს, ციხეში რადიო გათიშეს, ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. როგორც მერე გავიგეთ, „პალიტრა TV"-ს მიერ 26 მაისის სისხლიანი დარბევის კადრების გავრცელებას „პალიტრამედიაში" საგადასახადოს შესვლა მოჰყვა. ეს ამბავი ციხეში შევიტყვე, რადგან დაპატიმრებამდე ამ მედიასახლში ვმუშაობდი. ღამის 3 საათზე საკნიდან ადმინისტრაციის შენობაში გადამიყვანეს, გვითხარი, „პალიტრამედიის" ხელმძღვანელობაზე რისი თქმა შეგიძლია - სად აქვთ „პრაკოლი", რაში გამოვიჭიროთო? თავიდან წყნარად მითხრეს, ამ საკითხზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო.
მეორე დღეს გამიყვანეს და მაყურებინეს გაუპატიურების ფირებს. მითხრეს, ჩვენთან თუ არ ითანამშრომლებ, შენც იგივე გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის, რადგან თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო...
როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, ოლეგ ფაცაციას დაუძახეს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს... ფაცაციამ გარეთ გამიყვანა. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველღამე ისმოდა საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილში გადადიოდა... რომ ვერ გამტეხეს, უმოწყალოდ მცემეს", - განაცხადა არმაზ ხარძიანმა.
წყარო: „კვირის პალიტრა"