„ლართან დაკავშირებული პრობლემის ფუნდამენტურად მოგვარების შემთხვევაში, შეგვიძლია კურსის ადრინდელ დონეზე დაბრუნება", - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ განცხადებას არ ეთანხმება დემურ გიორხელიძე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში „ალიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნულ განცხადებას „მხოლოდ დიდი თაღლითი თუ გააკეთებდა".
„გამოდის, ყველაფერი მოგვარებულა, უამრავი ინესტიცია შემოსულა, ბიზნესმენები მორბიან, ტომრებით მოაქვთ ფული, ქვეყანაში გაჩენილა შემოსავლები, სრულად აბალანსებს 8-მილიარდიან მასას, ლარი დასტაბილურებულა და ქადაგიძე აპირებს, ლარი ძველ ნიშნულზე დააბრუნოს. კი მაგრამ, სააკაშვილის დროს ხომ ხელოვნურად დაიჭირეს ლარის კურსი და ამან უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკის განვითარებაზე, ფაქტობრივად რომ ფული მიუწვდომელი გახადეს, კარგი იყო? მაინტერესებს, ქადაგიძე სადამდე აპირებს ლარის კურსის ჩამოწევას? 1.42-ზე ხომ არა? მივმართავ ამ ჩამოყალიბებულ თაღლითს: 10 შაური ხომ არ გაგვეხადა 1 დოლარი? ჩვენ ხომ ეკონომიკაში წარმატებული შუქურა ვართ და ძალიან მაგარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გვაქვს", - აცხადებს გიორხელიძე.
მისი თქმით, მმართველ გუნდში არ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის სწორ ანალიზს გააკეთებდა.
„ქადაგიძე არ არის ერთადერთი, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულში. მეტიც, ბრალი მიუძღვის საქართველოს პარლამენტს, რომელიც მიმართულებებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ამტკიცებს. დღემდე არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც, მონეტარული პოლიტიკა იქნებოდა განსაზღვრული მთელი წლის განმავლობაში. თავის ჭკუაზე მიშვებულმა ეროვნულმა ბანკმა თავისი პოლიტიკური თამაშებით შეძლო ის, რაც შეძლო. ქადაგიძე არღვევს კანონს, მისი საქციელი არ ჯდება საკანონმდებლო ჩარჩოში. თებერვლამდე დროა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ მოიქნიოს კუდი და ლარის კურსი მკვეთრად უკან დასწიოს. თუ ვინმეს აქვს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე წარმოდგენა, ყველა მიხვდება, რომ საქმე გვაქვს ბლეფთან", - განაცხადა გიორხელიძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)