ცოტა ხნის წინ ანსამბლი „რუსთავი" ინგლისიდან დაბრუნდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ კულტურულ ღონისძიებებზე. ეს წარმატება ანსამბლის ძველი თაობის წევრის გარდაცვალებამ ტკივილით ჩაანაცვლა. დღეს, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი თავის მეგობარს და ანსამბლ „რუსთავის" ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს გაიხსენებს.
- ბატონო ანზორ, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ პრესის ფურცლებზე, რატომღაც გაურბიხართ ჟურნალისტებს, არადა, ყოველთვის საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე...
- მართალი ბრძანდებით, რატომღაც ისე ხდება, რომ ვერ ვახერხებ პრესასთან ხშირ ურთიერთობას, თუმცა, ჟურნალისტებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც თქვენი კოლეგაა...
- რა სიახლეებია ანსამბლში?
- სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ინგლისიდან, რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კულტურულ ღონისძიებაზე მიიწვია მსოფლიოში აღიარებული ანსამბლები და მათ შორის ჩვენც. საქართველოდან მხოლოდ ანსამბლი „რუსთავი" მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში.
- სად ჩატარდა კონცერტები?
- ინგლისში და უელსში, სხვათა შორის, დიდი წარმატებით. ამ კულტურულ საღამოებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა იქაურ პრესაში. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარული სრულიად დაჩრდილა ანსამბლ „რუსთავის" პირველი თაობის წარმომადგენლის, სალივერ ვადაჭკორიას გარდაცვალებამ. დღეს, თქვენი გაზეთის ფურცლებზე, არამარტო ჩემი, არამედ ანსამბლის ყველა თაობის გულისტკივილს გამოვხატავ.
- როგორც ვიცი, სალივერ ვადაჭკორია დაარსების დღიდან მღეროდა ანსამბლში...
- დიახ, ჩვენ ერთ პერიოდში ვსწავლობდით თბილისის კონსერვატორიაში. მანამდე კი ის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა... იმ პერიოდში, გამოჩენილმა კომპოზიტორმა სანდრო მირიანაშვილმა ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი, სადაც სალივერი წამყვანი სოლისტი იყო, სწორედ მაშინ გაფრინდა იური გაგარინი კომოსში და ამ მოვლენასთან დაკავშირებით სანდრო მირიანაშვილმა დაწერა მშვენიერი სიმღერა კოსმონავტებზე, სადაც სალივერი სოლოს ასრულებდა. ეს სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მაყურებელთა თხოვნით ხშირად გადაიცემოდა ტელევიზიით. კონცერტებზეც ხშირად სრულდებოდა. ეს იყო სალივერის პირველი წარმატება. მისი ხმა და მუსიკალობა ძალიან მოეწონა სანდრო მირიანაშვილს და ურჩია, მიეღო მუსიკალური განათლება. ასე მოხვდა სალივერ ვადაჭკორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალური განხრით, პროფესორ შოთა ქუთათელაძის კლასში.
- ამ პერიოდს უკავშირდება ანსამბლ „რუსთავის" დაარსებაც, არა?
- დიახ, ანსამბლი 1968 წელს შეიქმნა. როცა გადავწყვიტე, ანსამბლი ჩამომეყალიბებინა, პირველად სალივერ ვადაჭკორიას მივმართე. იგი აენთო ამ იდეით. იმ დროს კონსერვატორიაში სწავლობდა ჩემი თანასოფლელი გენო მუჯირი და ჩვენ სამივენი შევუდექით მომღერლების შერჩევას მომავალი ანსამბლისათვის, ასე ჩაეყარა საფუძველი ანსამბლ „რუსთავს", რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი სალივერ ვადაჭკორია გახლდათ. ახლაც მახსოვს ანსამბლის პირველი კონცერტი, პირველი წარმატება, არასოდეს დამავიწყდება სალივერის ანთებული თვალები, გაბრწყინებული სახე.
ღმერთმა, სხვა სიკეთესთან ერთად, იშვიათი გარეგნობითაც დააჯილდოვა, ძალზე შვენოდა ქართული სამოსი და სცენაზე მთელ ანსამბლში გამოირჩეოდა. შემდეგ დაიწყო გასტროლები უცხოეთში, კონცერტები ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ასე გაირბინა 40-მა წელმა, ამ ხნის განმავლობაში 60-ზე მეტი ქვეყანა მოვიარეთ, 4000-ზე მეტი კონცერტი გავმართეთ, ჩავწერეთ სიმღერები ფირფიტებზე. ასე ერთად ვეწეოდით ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ვინც იცნობდა სალივერ ვადაჭკორიას, ყველას აზრია, რომ განსაკუთრებული პიროვნული თვისებებითაც გამოირჩეოდა.
გარდა იმისა, რომ იყო მაღალი რანგის პროფესიონალი და სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული, იყო აგრეთვე პასუხისმგებლობით სავსე, ყოველმხრივ მოწესრიგებული, ზრდილობითა და მადლიერების გრძნობით სავსე, სამეგობროდ დაბადებული, უტყუარი პიროვნება, კარგი იუმორის მქონე, მართალი კაცი. შესანიშნავი ოჯახის პატრონი. მისი შვილები, გიორგი და დავითი ყოველთვის იამაყებენ მამის სახელით. ქართულმა ფოლკლორმა დაკარგა დიდებული მომღერალი, ჩვენ კი - იშვიათი მეგობარი.
სალივერ ვადაჭკორიას სახელი ლეგენდად დარჩება ანსამბლ „რუსთავში".
ნინო მჭედლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"