ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას კომენტარი გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროცესებს მინიმუმ არჩევნებამდე გაჭიმავენ:
"ეს "რუსთავი 2"-ის მეომარი კოლექტივის და ერთადერთი ფუნქციური დემოკრატიული ინსტიტუტის - საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაა და არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს პრეზიდენტზეც, რომელმაც დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, მაგრამ პირდაპირი მოქმედების ძალა, განსხვავებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ცხადია, არ ჰქონდა. ეს ის ვითარებაა, როდესაც ყველა დემოკრატიულად განწყობილმა რიგითმა ადამიანმა უნდა მოახდინოს კონსოლიდაცია არა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, არა სიტყვის თავისუფლების ირგვლივ, არამედ ქვეყანაში დარჩენილი უკანასკნელი შანსის ირგვლივ, რომ გადაარჩინონ დემოკრატია.
ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, ფინანსური პრობლემების გამო დავიხრჩოთ და ის შედეგი მივიღოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა.
როგორც მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.