„არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს გასაიდუმლოებულია პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს. როგორც მან „პრაიმტაიმს" განუცხადა, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიდგომებზე საუბარი ღიად მიდის და ეს სამშვიდობო პოლიტიკა საიდუმლო არავისთვის არ არის.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ის რეგულარულად ხვდება მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორაგიზაციების წარმომადგენლებს და მათთან კონფლიქტურ რეგიონებზე საუბარი ღიად მიმდინარეობს. „ამდენად, გასაიდუმლოება ნამდვილად არ ხდება. საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, არაფერს ვუმალავთ, თუმცა არგასაჯაროებასა და გასაიდუმლებას შორის არის განსხვავება. აქვე აღვნიშნავ, ჟურნალისტები, რომლებიც მაკრიტიკებენ, ჩვენს მედიასემინარებში მონაწილეობაზე ყოველთვის უარს ამბობენ. როგორც ჩანს, მათ სიმართლე არ აინტერესებთ და მიზნად მხოლოდ ჩემი გაკრიტიკება აქვთ", - განაცხადა მინისტრმა.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)