4 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნება მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეს. კონცერტი საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ჩატარდება.
ჯემალ სეფიაშვილი ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" საუბრობს:
„სასწაული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდ ადამიანთან, როგორც ჩვენ ყველას. მის მიმართვა სიტყვა „დიდიც" პატარად მეჩვენება. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საუბარში გადაწყდა, რომ მომავალ წელს, სწორედ მის დაბადების დღეს, გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო.
ხუთი წლის წინ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე გულზე. 6 საათი გრძელდებოდა. დამთავრდა ოპერაცია, გამოვდივარ ნარკოზიდან და მესმის ექიმების ხმა, რომლებიც მეფერებიან, მამშვიდებენ, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პირველი ვიკითხე - მანანა ცოცხალია? ჩემს ცოლს ვკითხულობდი. გავახილე თვალები და დავინახე პატრიარქი. ისევ დავხუჭე. მეგონა, რომ მომეჩვენა. ისევ გავახილე და უცებ მესმის, - ჩემო ჯემალ... მივხვდი, რომ ეს ნარკოზი აღარ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემს სანახავად თანმხლებ პირებან ერთად მოვიდა. მოეტანათ ბევრი ღვინო, ხილი, შოკოლადი. შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი."- იხსენებს სეფიაშვილი პატრიარქის ვიზიტს და აღნიშნავს, რომ როდესაც იგი მის უწმინდესობას ხვდება, მათი შეხვედრის მთავარი კომპონენტი სიმღერაა.
„ჩვენი შეხვედრის აუცილებელი კომპონენტი სიმღერაა. ერთი სიმღერა აუცილებლად უნდა შევუსრულო როიალთან. ჩვენი შეხვედრის ფონი ხშირად არის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ვსაუბრობთ სიკეთეზე, საქართველოს კეთილდღეობაზე, მორალზე, პატიებაზე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე. ისეთი ზეაწეული გამოვდივარ ხოლმე იქიდან, ამას სიტყვებით ვერც აღვწერ."- აღნიშნავს ჯემალ სეფიაშვილი.