„ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი არ არის თავისუფალი მედიის წარმომადგენლის საუბარი პოლიტიკოსთან", - ამის შესახებ აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე საუბრისას . როგორც მან „ალიას" განუცხადა, საუბრის ინტონაციაში იგულისხმება, თუ ვინ ვის ელაპარაკება.
„ცხადია, მათი მიზანი იყო ასეთი - როგორმე გამოეყვანათ ხელისუფლება წონასწორობიდან. თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებდა და სპეცრაზმით შევარდებოდა „რუსთავი 2"-ში, ეს თუ დიდ რეზონანსს არ გამოიწვევდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ სერიოზული რეაქცია მოჰყვებოდა. „რუსთავი 2"-ის საკითხმა ვერ გამოიწვია საზოგადოებაში ის რეზონანსი, რომელსაც ელოდნენ. ეს რომ ასეა, დადასტურდა იმით, თუ რა ოდენობის ხალხი და ვინ მივიდა სასამართლოზე, ვინ მივიდა ტელეკომპანიის შენობასთან. შესაბამისად, მათ დასჭირდათ ახალი რამის მოფიქრება და ეს აღმოჩნდა ის, რაზეც სააკაშვილი ჩანაწერში საუბრობდა. იგი გვარმიასა და ბოკერიას უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ თავად მათ რამდენად აწყობდათ ასეთ სახიფათო თამაშში თავის გაყოფა, ეს სხვა საკითხია", - განაცხადა პოლიტოლოგმა.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)