რუბრიკა „ანომალიის" სტუმარი, ნათელმხილველი და პარაფსიქოლოგი აზა დავითაშვილი, მათთან მისულ ადამიანებს იმ პიროვნებებს უხატავს, ვის შესახებაც აინტერესებთ ინფორმაცია. როგორც ქალბატონი აზა გვიმხელს, ყველაზე დიდი სენი, რაც საზოგადოებას შეყრია, არის დეპრესია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს საკუთარი რეცეპტი სჭირდება და ქალბატონი აზა ყველას მისთვის განკუთვნილ რეცეპტს სთავაზობს, არსებობს პარაფსიქოლოგიური სავარჯიშოები, რომელიც არაჩვეულებრივი შედეგებით გამოირჩევა. დღეს ქალბატონი აზა იმ მარტივ და ეფექტურ რჩევებს გვიმხელს, რაც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.
- ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მთელი დღე უხალისოდ და უხასიათოდ ხართ, სევდა გეძალებათ, არაფრის კეთება არ გინდათ, ძალიან მალე იღლებით და გინდათ, დაივიწყოთ ყველაფერი, საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებათ. ყოველი დღე ნაცრისფერი, მონოტონური და ერთფეროვანია. ეს სიმპტომები იმ გზაზე გავლას გპირდებათ, საიდანაც უკან დასაბრუნებლად ძალიან დიდი მონდომება და ძალისხმევა გჭირდებათ. ჩემთან მოსულ ადამიანთა უმრავლესობა დეპრესიით არის დასნეულებული. ასეთი ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის ამოჭმას, კრიტიკას და მთელ სამყაროზე არიან განაწყენებულნი. დეპრესიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება ბავშვობაში მიღებული ტრავმაც იყოს და ისეთი ნეგატიური პროგრამები, როგორიცაა ჯადო, გათვალვა, საგვარეულო წყევლა, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, მკურნალობის დროს რა არის დეპრესიის გამომწვევი მიზეზი, მთავარია მისი აღმოფხვრა ძირეულად. დეპრესიის დროს ძალიან იშვიათად ამართლებს მედიკამენტოზური ჩარევა, ადამიანის შინაგანი, ნორმალური და ბედნიერი მდგომარეობა არც მხოლოდ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაზეა დამოკიდებული, არც კლიმატზე, არც გარემოზე, არც ახლობელ ადამიანთა გარემოცვაზე, არამედ თვითონ ადამიანზე, ვისაც დეპრესია სჭირს. თუ გრძნობ, რომ დეპრესია გაქვს, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის შეყვარება გმართებთ. ხშირად ადამიანები სიყვარულის იმ დოზას ვერ იღებენ გარშემომყოფთაგან, რაც მათ სულიერ სამყაროს სჭირდება. თუ იცით, რა არის სიყვარულის დეფიციტის მიზეზი? ის, რომ გვავიწყდება ბუმერანგის პრინციპი, ანუ სარკეში არეკვლის კანონი. როგორც შენ ეპყრობი ადამიანებს, ისე გეპყრობიან ისინი. გულუხვობა გამოიჩინეთ საქებარი სიტყვებისა, აჩუქეთ ადამიანებს სიხარული, ყურადღება, ზრუნვა, სითბო, იყავით პოზიტიურები და ადამიანში, პირველ ყოვლისა, მისი დადებითი, საუკეთესო თვისებები შეამჩნიეთ. მხარი დაუჭირეთ სასიკეთო საქმეებში ყველას, ვისთანაც რაიმე შეხების წერტილი გაქვთ, ნუ გეშინიათ სიკეთისა და ყურადღების გამოვლენისა, თუნდაც უცნობებისადმი. ძალიან ხშირად მესმის გრავიტაციის (მიზიდულობის კანონის) შესახებ, მსგავსი რომ მსგავსს იზიდავს. ეცადეთ პოზიტიური და შინაგანად ბედნიერი ადამიანი გახდეთ, მადლიერება ის მაგნიტია, რომელიც ბედნიერებას იზიდავს. გთავაზობთ რამდენიმე უმარტივეს სავარჯიშოს, რომელიც დეპრესიასთან საბრძოლველად გამოგადგებათ. შეხედეთ საკუთარ პერსონას გვერდიდან, წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, საოჯახო კინოთეატრის ეკრანებთან უყურებთ სავარძელში ჩამჯდარი და პულტით ხელმომარჯვებული. ფილმის ნახვისას ნეგატიურმა სიტუაციამ კუთხეში მიგიმწყვდიათ, აზრობრივად მოაშორეთ თქვენს ცხოვრებისეულ სერიალს არასასიამოვნო ფერი და გამოსხივება შავ-თეთრ რეჟიმში გადაიყვანეთ. არ გიშველათ? მაშინ ამ სცენაში ხმას დაუწიეთ, ანდა საერთოდ გამორთეთ. შემდეგ დაიწყეთ ეკრანის ისე შეკუმშვა, სანამ გამოსახულება პაწაწინა წერტილად არ დარჩება, შემდეგ ის გააქრეთ. პარაფსიქოლოგიაში ცნობილია ვიზუალიზაციის მეთოდი, აღნიშნული სავარჯიშო ძალიან ეფექტურად შეებრძოლება თქვენს არასასიამოვნო რეალობას.
მეორე მეთოდი: თქვენი პრობლემა პატარა საგნის სახით წარმოიდგინეთ, იმ საგნისა, რომელიც თქვენი ოთახის ცენტრში დევს. განეწყვეთ ისე, რომ მიუახლოვდით წარმოსახულ საგნად ქცეულ პრობლემას და გადააბიჯეთ. ეს სავარჯიშო რამდენჯერმე გააკეთეთ, ამ მოქმედებით თქვენ ამ პრობლემას გაემიჯნებით.
მეთოდი მესამე: თქვენს ნეგატიურ სიტუაციას წარმოსახვაში ფიზიკურად მაქსიმალურად მოშორდით, მისგან დისტანცია დაიცავით. ასე მაგალითად, ამ მომენტს ჩიტის ფრენის სიმაღლიდან გადმოხედეთ, ანდა თვითმფრინავის ილუმინატორიდან. კიდევ უფრო უკეთესია, თუკი წარმოიდგენთ, რომ დროის მანქანა გაქვთ, ამ უსიამოვნო სიტუაციას 10 წლისთავზე ძალიან მაღალი გადასახედიდან უყურეთ, რამდენმა წყალმა ჩაიარა, ყველაფერი ისეთი წვრილმანი და უმნიშვნელო მოგეჩვენებათ, რომ გაგიკვირდებათ, ამაზე როგორ ნერვიულობდით.
- ქალბატონო აზა, ყველა ადამიანი დაჯილდოებულია საკუთარი თავის სიყვარულით და თუ არსებობენ ისინი, ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემენ, მაშინ გვასწავლეთ, როგორ უნდა შეიყვარონ საკუთარი თავი და როგორ აღიქვან სიხარული? ამ გრძნობის დასამკვიდრებელი პრაქტიკული სავარჯიშოები თუ არსებობს?
- ამაში დაგეხმარებათ სარკის სავარჯიშო. პარაფსიქოლოგიაში ეს სავარჯიშო ცნობილია ლიზა ნიკოლსკის სავარჯიშოდ. ლიზა იყო ძალიან გაჭირვებული ოჯახის შვილი, ზანგი, რომელსაც საკუთარი თავი ეზიზღებოდა. სწორედ სარკისა და სხვა ფსიქოლოგიური სავარჯიშოების წყალობით შეძლო მან, საკუთარი თავი სულ სხვა ადამიანად გარდაექმნა. გახსნილ, წარმატებულ და პოზიტიურ და რაც მთავარია, სიყვარულით გასხივოსნებულ ადამიანად. ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში სათანადოდ არ გვაღიარებენ, არ ემეტებათ საქებარი სიტყვების დახარჯვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიმსახურებთ. მოვიშველიებ სავარჯიშოს ლიზა ნიკოლსკისგან, რომელიც ოდესღაც ხელჩაქნეული ადამიანი იყო და მსოფლიო დონის მასწავლებლად გადაიქცა. თუ სახლში მარტოდმარტო იმყოფებით, ხელში სარკე აიღეთ და მოხერხებულად მოეწყვეთ. მოდუნდით, დამშვიდდით, ყურადღებით შეხედეთ თქვენს თავს, დაელაპარაკეთ თქვენს ანარეკლს. პირველ ყოვლისა შეამჩნიეთ, რაც მშვენიერია. დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ საკმარისზე ჭკვიანი და ლამაზი ხართ, თანაც ერთადერთი და ყველასგან განსხვავებული. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, რომ ახლოს არის ბედნიერება. თვითკმაყოფილება შესაძლოა ვიღაცისთვის არაინტელექტუალურ და ეგოისტურ თვისებად ითვლებოდეს, მაგრამ თავდაჯერების გრძნობა საუკეთესო საშუალებაა სრულყოფილების მისაღწევად. აბსოლუტურად სრულყოფილი არაფერია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია თვითშთაგონება. ასეთ ვარჯიშებს თუ ყოველდღიურად გაიმეორებთ, საკუთარ თავთან ჰარმონიასა და ნდობაში შეხვალთ. არასოდეს დაივიწყოთ, რომ სიყვარულის, სილამაზის, ძლიერებისა და ბედნიერებისთვის შეიქმნა თითოეული თქვენგანი და არა, ტანჯვისთვის. საკუთარი თავისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა, გარშემომყოფთ აიძულებს, მოკრძალებითა და პატივისცემით მოგეპყრან. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის შორს არიან დეპრესიისგან.
მაია იასეშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"