„ამ კანონით ადამიანი ისჯებოდა სიცოცხლის ბოლომდე, უვადოდ, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ჩადენილი", - განაცხადა სესილი გოგიბერიძემ „ფოსტალიონთან " ექსკლუზიურ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნოდარ მუმლაურის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ალკკ ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას კრძალავს.
სესილი გოგიბერიძე: - ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბ-ნ ნოდარ მუმლაურს და ქ-ნ მაყვალა ბერიანიძეს, რომელთა საჩივრის შედეგად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „თავისუფლების ქარტიის" მე-9 მუხლის გარკვეული პუნქტები შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციის გარკვეულ მუხლებთან, რომელიც ეხება ადამიანის ღირსების შელახვას (ამ კანონის მიხედვით, ადამიანი იქცევა არა სუბიექტად, არამედ ობიექტად, ანუ შენ ისჯები არა იმის მიხედვით, თუ რა ჩაგიდენია, არამედ უბრალოდ ისჯები იმიტომ, რომ კანონი შეგეხო.).
მინდა გითხრათ, რომ როდესაც 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, გამიჩნდა საშინელი პროტესტის გრძნობა და იმ სასტიკ წლებში, სადაც შემეძლო. ვაპროტესტებდი და ვარკვევდი, რაში ვიყავით მე ან ჩემი კოლეგები დამნაშავე. ეს კანონი მე და ჩემნაირ ადამიანებს გვათანაბრებს სტალინთან, ბერიასთან, ბორის ძნელაძესთან და სერგო ორჯონიკიძესთან. კანონი არ ტოვებს არანაირ საშუალებას, რომ ადამიანმა სამართალი იპოვოს თავისი განვლილი ცხოვრებისა და გაკეთებული საქმეების მიხედვით. ერთი ხელის მოსმით აწებებს ადამიანებს იარლიყს, რომელიც გრჩება სამუდამო დაღად არა მხოლოდ შენ, არამედ შენს შვილებს, შვილიშვილებს და შთამომავლობას, რომ მისი ბებია, ბაბუა ან სხვა ნათესავი იყო ეჭვმიტანილი ფაქტობრივად სამშობლოს ღალატში. თითქმის ამის ტოლფასია ეს ყველაფერი.
- სასამართლოს ამ კანონის მიღების შემდეგ რატომ არ მიმართეთ?
- მქონდა კონსულტაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც შემომთავაზეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი, მაგრამ არავითარი იმედი არ მქონდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს რაიმეს გარკვევა და მიღწევა შეიძლებოდა. ამიტომ ეს გზა არც მიცდია, თუმცა მჯეროდა, რომ მოვიდოდა დრო და ვიღაცას გაუჩნდებოდა სურვილი, გადაეხედა ამ აბსურდისთვის. მითუმეტეს, რომ ევროპის ქვეყნებში ამდაგვარი კანონი მიღებულ იქნა უშუალოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ოღონდ ყველგან ევროპული ნორმის მიხედვით, რაც 5 წლის ხანგრძლივობას გულისხმობს. მაშინ შეიძლება მართლაც ყოფილიყო აგენტურის და ა.შ. საშიშროება . ერთადერთმა ქვეყანამ, თუ არ ვცდები, ჩეხეთმა მიიღო 10 წლის ვადით და ევროპის საბჭოს კრიტიკა დაიმსახურა, რადგან 10 წელი არ არის ნორმა. საქართველოში მიიღეს საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ და უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე. თანაც მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ჩვენგანი უკვე ნამუშევარი ვიყავით თანამდებობებზე და კარგად მოეხსენებოდათ, რომ არ გამოგვივლენია თავი რუსეთის აგენტებად. ის, რაც საქართველოში მიიღეს, ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ნორმატიულ დოკუმენტებს. არსად, მთელ მსოფლიოში ადამიანს სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე არ ელახება უფლებები. მითუმეტეს, რომ ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, რომელშიც იყო ერთპარტიული სისტემა და ჩვენ არ შეგვიქმნია ის ქვეყანა.
- საქართველოში ბევრ ადამიანს შეეხო ეს კანონი?
- ბევრი ალბათ ძალიან ასაკოვანია და არც ექნებათ ამბიცია თანამდებობის დაკავების . თანამდებობა ჩემთვისაც ნამდვილად არ არის თვითმიზანი, მაგრამ ეს არ არის თანამდებობის დაკავება-არდაკავების საკითხი. ეს არის ღირსების საკითხი; და რომ არა დღევანდელი დღე და დღევანდელი სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოც არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ დღეს მიიღეს და ეს ძალიან კარგია.
- თქვენ გვითხარით, რომ აპროტესტებდით, როგორც შეგეძლოთ, რაში გამოიხატებოდა ეს პროტესტი?
- ჩემი პროტესტი არ გასცილებია ნაცნობ პარლამენტარებთან საკუთარი აზრის დაფიქსირებას. სამწუხაროდ, ბევრმა ჩემმა კარგმა ნაცნობმაც, რომლებსაც თვითონაც ჰქონდათ კომკავშირული წარსული ან პარტიული ფუნქციონერების შვილები იყვნენ, ხელი აუწიეს იმ კანონს. რასაკვირველია, თავიანთი ოჯახების უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაკარგვის შიშით, მაგრამ ეს ამ ადამიანებს ჩემს თვალში არ ამართლებდა და მე მათ ჩემი პროტესტი პირადადაც დავუფიქსირე.
- და პასუხად რა მიიღეთ?
- პასუხად მივიღე ან დარცხვენილი ღიმილი, ან დიალოგში არშემოსვლის სურვილი. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კი - „აბა რა გვექნა, რა ჩვენი ბრალია".
- პარლამენტმა ეს კანონი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის" დროს, პარლამენტარ თორთლაძის ინიცირებით, თუმცა ცხადია, რომ ის თვითონ არ იყო ავტორი. ვიცით, რომ ნაციონალებში ბევრი იყო კომკავშირული წარსულის მქონე, მიუხედავად ამისა, ეს კანონი მათ არ შეეხოთ. აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ დავით დარჩიაშვილი, რომელსაც არასდროს, არცერთ ბიოგრაფიაში ნახსენები არ ჰქონდა, თურმე კომკავშირის მდივნადაა ნამუშევარი.
-თავდაპირველად კანონპროექტი ეხებოდა კომკავშირლების უფრო ფართო წრეს, მაგრამ მავანთა ლობირებით დაავიწროვეს პირთა წრე და შეახეს მხოლოდ ალკკ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრებს.
- ანუ ისე გააკეთეს, რომ თვითონ არ შეხებოდათ?
- დიახ სწორედ ასეა. დარჩიაშვილმაც ხელი აუწია ამ კანონს დიდი სიამოვნებით. სხვათა შორის, მასაც შევუთვალე მისი მეუღლის მეშვეობით, როცა მას შემთხვევით შევხვდი, მაგრამ მეუღლემ მითხრა, ჩვენ უკვე დავშორდით ერთმანეთსო. თავად კი არ შემხვედრია და ამიტომ არ მომეცა საშუალება, პირადად მეთქვა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ.
- ადრე მას იცნობდით?
- რა თქმა უნდა, ჩემი კომკავშირელი იყო.
- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ კანონის გამო ვინმემ დატოვა თანამდებობა?
- დიახ. ბ-ნი ამირან კავაძე, რომელიც ამ კანონის მიღებისას იყო ელჩი. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი დიპლომატია და შესანიშნავი ელჩი გახლდათ არაერთ ქვეყანაში, იძულებული გახდნენ, გამოეწვიათ, რადგან მასაც შეეხო.
- ახლა თუ გაქვთ რამე გეგმები?
- უპირველეს ყოვლისა, ვარ ძალიან გახარებული , რომ ეს დიდი ტვირთი მომეხსნა. ამ კანონის გაუქმებით დაინტერესებული იმიტომ არ ვიყავი, რომ თანამდებობა მინდოდა, თუმცა, თუ შეიქმნება ისეთი მდგომარეობა, რომ ჩემი გამოცდილებით სადმე საჭირო გავხდები, ეს მე გარკვეულ შესაძლებლობებს მომცემს. კანონი მე მზღუდავდა არა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე, არამედ დიპლომატიურ სამსახურშიც, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი, მზღუდავდა ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში საშუალოზე ოდნავ მაღალ რგოლში სამუშაოდ. შესაბამისად, არანაირი სურვილი წლების მანძილზე არ გამჩენია სახელმწიფო სამსახურში მუშაობისა. დღეს მე ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა ამ კანონის გაუქმებით არჩევანის თავისუფლება უკვე მაქვს.
წყარო: „ფოსტალიონი"