დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში კარგად გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი განწირული და სასოწარკვეთილია. ბრეგაძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და საქართველოში აკრედიტებულ მთელ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესავ გიგა ბოკერისთან საუბრისას მათ „იდიოტი უცხოელები" უწოდა.
„სააკაშვილი კარგად ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უცხოეული პარტნიორებისგან არანაირი მხარდაჭერა აღარ გააჩნია, რის გამოც მათ ლანძღვაზე გადავიდა. ის გრძნობს, რომ დამარცხებულია, მაგრამ მაოხრებელი მკვდარივით იქცევა და ცდილობს, უფსკრულში საქართველოც გადაიყოლოს. დიახ, სააკაშვილი მზად არის, საქართველო 1992 წელში დააბრუნოს, თანაც გუნდში გამოცდილი პუტჩისტები ჰყავს: გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის, გია ბარამიძის სახით. ამ ადამიანებისთვის ხელში იარაღის აღება და ხელისუფლების დამხობა უცხო ხილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ბრეგაძემ საგაზეთო ინტერვიუში.
ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სააკაშვილის და მისი მეგობარი პუტჩისტების რევანშს. „ჩვენს სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ძალა, რომ ნაციონალებისა და მათი თანამზრახველების ავანტიურისტული და პროვოკაციული ზრახვები ჩანასახშივე აღკვეთოს", - განაცხადა ბრეგაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)