ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რათა უკრაინის რეფორმებში წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო" წერს.
„მინდა, მონაწილეობა მივიღო დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში", - განუცხადა სააკაშვილმა „პოლიტიკო"-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას.
„თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მისი საპენსიო გეგმაა.
გამოცემა წერს, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, სააკაშვილი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია უკრაინაში.
http://www.politico.eu/article/ukraines-mikhail-saakashvili-most-popular-politician/