„საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა გამოუსადეგარია და უნდა შეიცვალოს", - ამის შესახებ პროფესიული კავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა „ალიას" განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის შეცვლის საკითხში პროფკავშირებსა და მთავრობას განსხვავებული მიდგომები აქვს. პეტრიაშვილმა „ალიასთან" ერთ-ერთ განსხვავებაზე ისაუბრა.
„მაგალითად, მთავრობის პროექტის მიხედვით, 50 წლის მამაკაცისთვის და 45 წლის ქალისთვის ის საპენსიო მოდელი, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ვერ ჩაჯდებიან ამ სისტემაში და მათი სისტემაში ჩართვა არაფრისმომტანია - ფონდში საპენსიო თანხის დაგროვებას ვერ შეძლებენ. ანუ თუ მთავრობის მოდელი შემოვიდა დღის წესრიგში, ამ შემთხვევაში 45 წლის ქალბატონისა და 50 წლის მამაკაცის ამ სისტემაში ჩართვას აზრი არ ექნება. პირდაპირ აცხადებს მთავრობა, რომ ეს მათზე გათვლილი არ არის. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემა და მას დღესვე სჭირდება დარეგულირება. ჩვენი სქემა გულისხმობს შემდეგს: ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში ჩაერთვება, უკვე ერთ წელიწადში მიიღებს საბაზისო პენსიაზე კიდევ დანამატს პენსიის სახით. სისტემაში ჩართვიდან 10-15 წლის შემდეგ მათი საპენსიო შენამატები დაემატება დღეს არსებულს და ეს ადამიანები მიიღებენ იმაზე მეტ პენსიას, ვიდრე დღევანდელი საბაზისო პენსიაა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)