პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების მიღება დღეს 18:00 საათიდან შეწყდება. განცხადებების მიღების შეწყვეტის მიზეზად ანდრო ბარნოვი მსურველთა დიდ რაოდენობას და დროის სიმცირეს ასახელებს. განცხადება ანდრო ბარნოვმა საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა.
"მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით.ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.შესაბამისად, 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველთა მიმართა. განაცხადების შემოტანა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის სიმცირის გამო, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება 2013 წლის 12 ნოემბრის 18:00 საათიდან შეწყდება",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.