„სინაის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენამდე, რუსეთმა ეგვიპტეში ყველა ფრენა უნდა შეაჩეროს."- განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე.
„სანამ მომხდარის მიზეზებს არ გამოვიძიებთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია ეგვიპტეში რუსული ავიაციის ფრენების შეჩერება. ეს პირველ რიგში, ტურისტულ ფრენებს ეხება", - განმარტა ბორტნიკოვმა.
სააგენტო „რია ნოვოსტი" წერს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორტნიკოვის რეკომენდაცია გაითვალისწინა და დაავალა ხელისუფლებას, ეგვიპტიდან რუსეთში მოქალაქეების დაბრუნება უზრუნველყოს.
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანკტ პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.