განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, პედაგოგთა გამოცდებზე დარეგისტრირებული 17 ათასამდე პედაგოგიდან გამოცდაზე დაახლობით 2 ათასამდე პედაგოგმა ჩააბარა. სად მიდის მასწავლებლების გადასამზადებლად გამოყოფილი მილიონები - ამ საკითხზე ექსპერტი „ალიას" ესაუბრა.
„მოგეხსენებათ, როგორი ცუდი შედეგები დაიდო პედაგოგების გამოცდებზე. შესაბამისი უწყება პასუხს არ იძლევა: რატომ ჩაიჭრნენ მასწავლებლები? იყო თუ არა ხარისხიანი ტესტები, იყო თუ არა კომპეტენტური ხალხი კომისიებში? მთავარი კითხვაა, რატომ სჭირდებათ პედაგოგების ჩაჭრა? რა ინტერესი აქვთ?.. სააკაშვილის ხელისუფლების დროს კერძო სექტორს, თავიანთი ჯიბის არასამთავრობოებს მისცეს მასწავლებელთა გადასამზადებლად ტრენინგების ჩატარების უფლება. ანუ, ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანეს თანხა, ამის შემდეგ ეს საკითხი თავის თავზე აიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა. წელს ისე გაიყვანეს გამოცდებზე მასწავლებლები, ტრენინგები საერთოდ არ ჩაუტარებიათ. რას ნიშნავს ეს? უნდათ ჩაატარებენ და უნდათ არა? ე.ი. ტრენინგებში კეთდება ფული, ამის შემდეგ კი მასწავლებელა ჩაჭრას მოსდევს გრანტების გამოყოფა ცუდი შედეგების გამოვლინების შემდეგ, ვითომდა გადასამზადებლად და შემდეგ ეს თანხები რაში და როგორ იხარჯება, არავინ იცის. ამიტომაც დროა, ამ საკითხით დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ყველაფერი შეგნებულად არის გართულებული იმისთვის, რომ შემდეგ ამ ყველაფრისთვის ფული გამოიყოს, ცალკე გრანტებიდან დიდი ფული და ცალკე ბიუჯეტიდან მიაქვთ დიდი თანხები. ეს ყველაფერი იხარჯება არამიზნობრივად და ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი კორუფცია", - აცხადებს ექსპერტი.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)