საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული საქმე გასცდა სასამართლოს კედლებს და კობახიძის აზრით, ეს თავად ტელეკომპანიის ინტერესში შედიოდა. ამის შესახებ კობახიძემ „ქრონიკის" ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადაჰყვეს.
„ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველაფერი უნდა გადაწყდეს სამართლებრივი პროცედურებით, სასამართლო დარბაზებში. კანონის ჩარჩოდან თუ ვინმე გამოსვლას აპირებს ნამდვილად აგებს კანონის წინაშე პასუხს.
თუკი ადამიანები სამართლებრივი გზებით ცდილობენ დაიბრუნონ ქონება, რომელსაც მიიჩნევენ, რომ წართმეულია, საბოლოოდ სასამართლომ უნდა გასცეს ამას პასუხი. თუ ეს ასეა, ბუნებრივია უნდა დაბრუნდეს ეს ქონება.
სამწუხაროდ, რეალობაა, რომ ეს დავა სასამართლო დარბაზს გასცდა და ამაში ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ვხედავ, ეს არის სწორედ „რუსთავი 2"-დან მომდინარე. ვინაიდან, როდესაც პირველივე დღეს მოქალაქე, მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა მიმართა სასამართლოს სარჩელით, ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ზუსტად „რუსთავი 2"-მა დაუდო და მათ აწყობთ, რომ ამ საქმეს ჰქონდეს ასეთი სარჩული. მე ნამდვილად ვერ ავყვები იმ ისტერიკას, რომელსაც ისინი მართავენ. რა თქმა უნდა, „რუსთავი 2"-ის საქმეს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესი და ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ „რუსთავი 2"-სა და საქართველოს შორის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.