უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, შესაბამისად, უკრაინაში აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებებს დააჯარიმებენ - ამ ინფორმაციას უკრაინის საპატრულო პოლიცია „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. განცხადების თანახმად, სამართალდამცავმა ორგანომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თხოვნით მიმართა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინა ე.წ. „რესპუბლიკებს" დამოუკიდებელ ან სხვა სახელმწიფოების ნაწილებად არ აღირებს, არამედ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ ამ და სხვა არაღიარებული ფორმირებების სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები - ნიშნების არარსებობის ეკვივალენტია", - ნათქვამია განცხადებაში.